Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უგულებელყოფენ მუსლიმანური ქვეყნები ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას?


ანდრო ეული, პრაღა მაჰმადიანებით დასახლებულ ჩეჩნეთში კრემლის მიერ გაჩაღებულ სისხლიან კონფლიქტს ბოლო არ უჩანს, და გასაკვირი ისაა, რომ მუსლიმანური ქვეყნები, ფაქტობრივად, არანაირ მხარდაჭერას არ

უცხადებენ ერთმორწმუნე ჩეჩნებს. მეტიც, რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის, სულ ახლახან, ერაყმა, საჯაროდ დაგმო "ტერორისტთა" ქმედებები ჩეჩნეთში, და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ამ ომში, რუსეთის ფედერაციას მიემხრო. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩეჩენ მეამბოხეებს, როგორც ირკვევა, მხოლოდ დასავლეთში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და ევროკავშირი თანაუგრძნობენ. რატომ არ გმობენ მუსლიმანი ლიდერები საჯაროდ რუსეთის ჯარის ბარბაროსობას ჩეჩნეთში?

გასულ კვირაში, ერაყმა მხარდაჭერა გამოუთქვა ფედერალური ჯარის ოპერაციას უმეტესწილად მაჰმადიანებით დასახლებულ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. როგორც რუსეთში ერაყის ელჩმა აბას ხალაფიმ განაცხადა, "ჩეჩენი ტერორისტები ზიანს აყენებენ რუსეთის ფედერაციას, ხოლო რუსეთის დასუსტება ერაყის ინტერესებს ეწინააღმდეგებაო".

ამგვარი კომენტარი ალბათ იმით უნდა აიხსნას, რომ შეერთებულ შტატებთან ამჟამინდელ დაპირისპირებაში ბაღდადს რუსეთის თანადგომა ესაჭიროება. თუმცა, ერაყი ერთადერთი მუსლიმანური ქვეყანა როდია, რომელსაც საჯაროდ არ დაუგმია ის ბარბაროსობა, რუსეთის ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში. საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე და ლიბია ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებენ.

ისლამური სამყაროს მხრიდან ამგვარი შედარებითი სიმშვიდის ფონზე რუსეთის მოქმედებას ხმამაღლა აკრიტიკებენ დასავლეთის რიგი პოლიტიკური ორგანიზაციები და, პირველ რიგში, ეუთო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და დასავლეთის კიდევ არაერთი საზოგადოებრივი თუ უფლებადამცავი ორგანიზაცია.

ასლამბეკ ასლახანოვი ჩეჩნეთის ერთადერთი წარმომადგენელია რუსეთის სახელმწიფო დუმაში. "არასოდეს მსმენია, რომელიმე მუსლიმანურ ქვეყანას ოფიციალური განცხადება გაეკეთებინოს ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ან, მაგალითად, ეთქვას, რომ ბოლო უნდა მოეღოს მშვიდობიან მოქალაქეთა ხოცვას კავკასიის ამ რესპუბლიკაში" - აღნიშნა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ასლახანოვმა.

ჩეჩენი დეპუტატი განცვიფრებას ვერ მალავს იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალი მუსლიმანური სახელმწიფო აქტიურ პოლიტიკურ თანადგომას უცხადებდა 90-იან წლებში ბოსნიელ მაჰმადიანებსა და კოსოვოელ ალბანელებს, და დღემდე ექომაგება პალესტინელებს, ხოლო ჩეჩნეთის პრობლემა მათთვის თითქოს საერთოდ არ არსებობს. ამას ასლახანოვი ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ მუსლიმანური ქვეყნების ლიდერებს არასწორი ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ [ასლამბეკ ასლახანოვის ხმა]: "ვფიქრობ, რომ მათ ერთობ დამახინჯებული ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ; ისინი არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას გადაწყვეტილების მისაღებად; და თან მრავალი მუსლიმანური ქვეყნის ხელმძღვანელობას ალბათ ასეთი გეზი აქვს აღებული: ნუ გავამწვავებთ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან და ნუ ჩავერევით ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში".

ბრიტანეთის ჟურნალ "ეკონომისტის" ერთ-ერთი რედაქტორი ნიკოლას რედმანი იზიარებს ასლახანოვის პოზიციას და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში რუსეთის გავლენა შემცირდა, მუსლიმანური ქვეყნები კვლავაც მოსკოვის ერთგული რჩებიან.

ამასთანავე ნიკოლას რედმანი აღნიშნავს, რომ მუსლიმანურ მთავრობათა ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, ჩეჩენ მეამბოხეებს თანადგომას უცხადებენ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ მთავრობებს.

თომას დე ვაალი ბრიტანეთის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის თანამშრომელი და ჩრდილოეთი კავკასიის შესახებ გამოცემული რამდენიმე წიგნის ავტორია. დეკემბერში იგი ჩეჩნეთის საკითხზე მოწყობილ კენჭისყრას დაესწრო გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის ყოველწლიური სესიის მსვლელობისას და გაოგნებული დარჩა კენჭისყრის შედეგით [თომას დე ვაალის ხმა]: "ფაქტობრივად, ევროპის ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რუსეთის მოქმედების დაგმობის წინადადებას; ხოლო ყველა ისლამური სახელმწიფო რუსეთს მიემხრო".

ჩეჩნეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ილიას ახმადოვის თქმით, ჩეჩენმა მეამბოხეებმა არაერთგზის მიმართეს დახმარების თხოვნით მუსლიმანურ ორგანიზაციებსა და მთავრობებს. "ჩვენს თხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მთელი ეს მითქმა-მოთქმა, თითქოს ჩეჩენი მეამბოხეები უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებენ უცხოეთიდან, მტკნარი სიცრუეა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო ერთ არაბულ სახელმწიფოსაც კი არ გამოუთქვამს არავითარი პროტესტი, ან თუნდაც უმნიშვნელო შეშფოთებაო" - განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ილიას ახმადოვმა.

ილიას ახმადოვი მადლიერებით მოიხსენიებს დასავლეთის უფლებადამცავ ჯგუფებსა და ევროპის პოლიტიკურ სტრუქტურებს, რომლებიც, მუსლიმანური ქვეყნებისაგან განსხვავებით, ხმამაღლა აკრიტიკებენ მოსკოვს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობის გამო.
XS
SM
MD
LG