Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის კრიზისის ფონზე როგორ ართმევენ თავს ზეწოლას ომის


ერაყის სამხედრო ძალით დამორჩილების მომხრე მხოლოდ შეერთებული შტატები არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფო - სამხედრო თვალსაზრისით,

უმძლავრესი - ყველაზე ფართოდაა წარმოდგენილი სპარსეთის ყურეში, ომის მომხრეთა რიგებში აღმოჩნდნენ ნატოს ახალი და მომავალი სუსტი წევრებიც. აქვე გეტყვით, რომ ომის ყველაზე თავგამოდებულ მომხრე სახელმწიფოებში - ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს სპარსეთის ყურეში განახლებული მასშტაბებით სამხედრო მოქმედებას, მაგრამ ამ მოსახლეობის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს ურჩი სადამი საფრთხედ მიაჩნიათ და მისი განიარაღებისთვის ომს ემხრობიან.
ცნობილია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ვერ მიაღწია შეთანხმებას, ერთი შეხედვით, მარტივი საკითხის თაობაზე, დაიწყონ მზადება თურქეთის დასახმარებლად იმ შემთხვევაში, თუკი მას უშუალო საფრთხე დაემუქრება. წესდების თანახმად, თურქეთს შეუძლია ამის პრეტენზია ჰქონდეს. ნატოს გადაწყვეტილებას ყველა წევრი უნდა მიემხროს, მაგრამ საკითხის ამგვარად დაყენებას ვერ ეგუებიან ბელგია, გერმანია და საფრაგეთი, რომელთა არგუმენტი ასეთია: თუკი ნატო თურქეთისათვის დახმარების დაგეგმვას შეუდგება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ურიგდება ომის დაწყებას. არადა, როგორც ეს ბოლო ხანს გერმანიის უცხოეთის დაზვერვის უწყებამ დაადასტურა, ერაყი აღარ წარმოადგენს საშიშროებას, სამხედრო თვალსაზრისით. ამავე სამსახურმა განაცხადა, რომ ერაყის კავშირი "ალ ყაიდის" გაერთიანებასთან არ არის დადასტურებული.
ნატოში აზრთა სხვადასხვაობა, შეერთებული შტატების შეხედულებით, ამ სამი სახელმწიფოს იზოლაციას იწვევს თვით ალიანსში. თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდისეული შეფასებით, ეს სახელმწიფოები ძველ ევროპას წარმოადგენენ. მინისტრის ეს აზრი ადრევე გავრცელდა, თუმცა მალევე, მიუნხენში შეხვედრისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მას შეახსენა, რომ გერმანია, ეს ვითომდა ძველი ევროპის პასიური წარმომადგენელი, გაეროს ნატოს ყველა აქციაში მონაწილეობდა, რაზეც რამსფელდმა მადლობითაც კი უპასუხა. ახლა პენტაგონის თავკაცმა სწორედ ამ ნატოელი, ასე ვთქვათ, ურჩების განსხვავებული აზრის გამო ბრძანა: [რამსფელდის ხმა]
"საინტერესოა, საინტერესო, იმიტომ რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა ამერიკასა და ევროპას შორის კი არა, თვით ევროპის შიგნითაა".
რამსფელდმა, ამავე დროს, ისიც თქვა, რომ ნატოში ამ საკითხის დადებითად გადაჭრას მოელის.
ამერიკელი ანალიტიკოსი ედუარდ ეტკისონი ეჭვით უყურებს მტკიცებას, რომ ნატოში აზრთა სხვადასხვაობა მართლა შიდა ევროპული პრობლემაა. გადამდგარი გენერალი ეტკისონი, რომელიც ადრე ევროპაში შშ-ის არმიის დაზვერვის შტაბის მეთაურის მოადგილე იყო, ამბობს, რომ ამ კრიზისში ნატოს ჩართვით, შეერთებული შტატები რისკს ეწევა:
[ეტკისონის ხმა] "ნატო თავდაცვითი კავშირია - ის სხვას თავს არ ესხმის. მისი წევრები ამბობენ: ჩვენ ხელი არ მოგვიწერია, რომ შეერთებულ შტატებს ყველაფერში მხარს ავუბამდით. საბჭოთა კავშირთან ომი რომ დაგვეწყო, ასევე არ აგვყვებოდა ყველა და არ გვეტყოდნენ: თქვენთან ერთად ვართ, მოსკოვში შევხვდებით ერთმანეთსო".

ერაყის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა ვატიკანიც, რომლის მამამთავარს, რომის პაპ იოანე პავლე მეორეს, პარასკევს ერაყის პრემიერის ქრისტიანი მოადგილე ტარიკ აზიზი ეწვია. აზიზი შაბათს ასიზიში მშვიდობისთვის ლოცვას აპირებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG