Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პოზიცია ერაყის საკითხში


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, ევროკავშირში გაწევრიანების 13-მა კანდიდატმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ამ გაერთიანების ერთობლივ პოზიციას ერაყის საკითხში, რაზედაც 17 თებერვლის საგანგებო შეხვედრაზე

შეთანხმდნენ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები.
მაგრამ, გაწევრიანების კანდიდატებმა აღშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საგანგებო შეხვედრაზე ორშაბათს ბრიუსელში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა თქვა: აღმოსავლეთ ევროპელი კანდიდატები "ცუდად აღზრდილი ბავშვებივით" მოიქცნენ, როცა ერაყის საკითხში აშშ-ის აგრესიულ პოზიციას ერთხმად დაუჭირეს მხარიო.


პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლოდიმიეჟ ჩიმოშევიჩმა განაცხადა, რომ გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსით უნდა სარგებლობდნენ ევროკავშირში. ხოლო ჩიმოშევიჩის მოადგილემ ადამ როტფელდმა, ჟაკ შირაკის გამონათქვამს, კანდიდატი ქვეყნების მისამართით, "საზიანო და სრულიად ზედმეტი" უწოდა და თან დასძინა: "საფრანგეთი პატივისცემით უნდა მოეკიდოს პოლონეთის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსო".

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანდრა კალნიეტემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროკავშირი - თანასწორუფლებიან სახელმწიფოთა გაერთიანებაა, სადაც ყველას აზრს პატივს სცემენ, და "სწორედ ასეთ კავშირში სურს ლატვიას გაწევრიანებაო".

სლოვენიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა სინანული გამოთქვეს საფრანგეთის პრეზიდენტის ესოდენ "უჩვეულო" კომენტარის გამო, რაც ორშაბათის საგანგებო სხდომაზე მოხდა ბრიუსელში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტინა ოულანდმა თქვა, რომ ესტონეთი "არავის ხელწამოსაკრავი" არაა, და თან აღნიშნა, რომ მართალია მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, ესტონეთი მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, და ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნებაა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბორის განდელმა განაცხადა, რომ ჟაკ შირაკის კრიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბრიტანეთის, პორტუგალიის ან კიდევ ესპანეთის მისამართითაც უნდა ყოფილიყო გამოთქმული, ვინაიდან ამ ქვეყნებსა და სლოვაკეთს, ერთნაირი პოზიცია უკავიათ ერაყის საკითხში [ბორის განდელის ხმა]: "მიგვაჩნია, რომ შირაკის მიერ გამოთქმული კრიტიკა, სრულიად გაუმართლებელია. კანდიდატ ქვეყნებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ევროკავშირს შეერთებოდნენ ერთობლივ დეკლარაციაში, ხოლო სლოვაკეთის პოზიცია ამ საკითხში ემთხვევა ბრიტანეთის, იტალიის ან კიდევ პორტუგალიისას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან".

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიკოლას ძურინდამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სრული უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი, და თან დასძინა, "ბატონ შირაკთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვსო ".

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ადრიან ნასტასემ არ მიანიჭა მნიშვნელობა ჟაკ შირაკის გამონათქვამს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები იყო სინამდვილეში საფრანგეთის პრეზიდენტის სამიზნე.
"ყოველთვის, როცა უთანხმოება მაქვს მეუღლესთან, ჩემს შვილებს ვუყვირი" - დასძინა ადრიან ნასტასემ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლიუბომირ ივანოვმა განაცხადა, რომ ჟაკ შირაკის კომენტარი კიდევ უფრო გააღრმავებს უთანხმოებას უშიშროების საბჭოში, სადაც ბულგარეთმა, როგორც არამუდმივმა წევრმა, ერაყის საკითხში ვაშინგტონის მკაცრ პოზიციას დაუჭირა მხარი.
XS
SM
MD
LG