Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს გაზრდილი ბიუჯეტი დაიწუნა


საქართველოს მთავრობას საკმაოდ მძიმე დღეები უდგას, რადგან თბილისში ვიზიტად მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია გაზრდილი ბიუჯეტის რევიზიას აწარმოებს.

ამ რევიზიის შედეგებზეა დამოკიდებული როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელების, ასევე ამომრჩევლისთვის დაპირებულის ბედი. თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასების ზრდის პირობა ვერ შესრულდება, თუ საქართველოს ეკონომიკაში სასწაული არ მოხდა.

მემორანდუმს, რომლის შესრულებაც საქართველოს მთავრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კვირის ბოლოსთვის მოამზადებს. თუმცა მანამდეც ნათელია, რომ ფონდი საქართველოს მთავრობას უმკაცრეს მოთხოვნებს წამოუყენებს. ეს ცხადყო საქართველოს მთავრობის წევრებსა და პრეზიდენტთან ფონდის დელეგაციის შეხვედრებმა.

24 თებერვალს საღამოს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შუალედური შეხვედრის დროს ფონდის მისიის ხელმძღვანელმა პაოლო ნეუჰაუზმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლითი ნაწილის შევსების მექანიზმებს. ბიუჯეტის დამტკიცების წინ სწორედ ამ საშიშროებაზე მიანიშნებდა ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა, როდესაც შემდეგ კითხვებს სვამდა:

[პაპავას ხმა] „როგორ მოხდება შემდეგ მიღებული ბიუჯეტის პარამეტრების შეთანხმება სავალუტო ფონდთან და ხომ არ დავდგებით იმის წინაშე, რომ მარტის თვეში შევიტანოთ ცვლილებები? ანუ ფინანსთა სამინისტრომ არადამაკმაყოფილებლად იმუშავა სავალუტო ფონდთან."

ძნელი სათქმელია, როგორ მოახერხებს საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მოთხოვნების ბიუჯეტში ასახვას, ერთი კი ცხადია, რომ ბიუჯეტში არ შევა ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზებიდან დაგეგმილი 40 მილიონიანი შემოსავალი. ფონდის დელეგაცია ენერგეტიკის სფეროში რეფორმების დასრულებამდე პრივატიზების წინააღმდეგ გამოვიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის ბიუჯეტის 20 მილიონიან გარღვევას 40 მილიონი ახლავე დაემატა და 2003 წლის ბიუჯეტს უკვე 60 მილიონი ლარი დააკლდა. 30 მილიონი ლარი დააკლდება ბიუჯეტს, თუ პარლამენტში ენერგეტიკის დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლება დამტკიცდება. არავის დაუთვლია, თუ რა ზარალს მოიტანს დენის ტარიფის შემცირებაც. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგი გამოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

სავალუტო ფონდის მემორანდუმის მოთხოვნების დაკმაყოფილება საქართველოს მთავრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, ამიტომ არაა გამორიცხული დენის ტარიფის შემცირება არც განხორციელდეს, მით უმეტეს, სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ უკვე განაცხადა: ანგარიში არ უნდა გაეწიოს „სოციალურ დემაგოგიას" და შეიძლება არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც დაგვჭირდესო.

წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ,,სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის" 141 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის დაწყება. ასევე შეფერხდება საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებისათვის 30 მილიონ დოლარიანი მორიგი ტრანშის გამოყოფა. ყველაზე უმთავრესი კი ის არის, რომ სავალუტო ფონდის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში საქართველო პირისპირ, მარტო დარჩება „პარიზის კლუბთან". სავალუტო ფონდის დადებითი დასკვნა კი იმის საფუძველი იქნება, რომ კლუბის წევრთა ვალების მომსახურების შეღავათიანი რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს. თუ ეს არ მოხდა, არათუ მინიმალური ხელფასის ზრდა, არამედ ამჟამად არსებული მინიმალური ხელფასის გაცემაც კი ვერ მოხერხდება და საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საგარეო ვალების მომსახურებას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG