Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის წყალმომარაგების მოშლილ სისტემას ფრანგების იმედი აქვს


ფრანგულ "ჟენერალ დეზოს" მეტოქე არ ჰყავს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც შარშან გამოცხადებულ ტენდერს რეალურად გამოეხმაურა და მუნიციპალური "თბილწყალკანალის" მართვის სურვილი გამოთქვა.

სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, ფრანგებმა უნდა განკარგონ მსოფლიო ბანკის მიერ "თბილწყალკანალის" სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი 25 მილიონი დოლარი და, პარალელურად, მოიზიდონ დამატებითი ფინანსებიც. ერთი სიტყვით, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დედაქალაქის წყალმომარაგების მოშლილი სისტემა 10 წლის შემდეგ თანამედროვე და მომგებიან სისტემად იქცეს. მოსახლეობა შიშობს, რომ ამგვარი პერსპექტივა ტარიფის გაზრდასაც გამოიწვევს.

"ჟენერალ დეზოს" საკითხი სულ მალე გაირკვევა. ამჟამად სატენდერო კომისია ფარნგული კომპანიის ტექნიკურ წინადადებებს სწავლობს. "თბილწყალკანალში" იმედოვნებენ, რომ კომისიის დასკვნა ფრანგების და, შესაბამისად, საქმის სასარგებლო იქნება. მართალია, "ჟენერალ დეზოს" მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ როგორც "თბილწყალკანალის" საინფორმაციო ცენტრის უფროსი გოჩა ჯელია აღნიშნავს, ტარიფის გაზრდაზე საუბარიც კი არ არის. ამასვე ადასტურებს თბილისის საკრებულოს ენერგეტიკის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მინდელი.


ისე კი, როგორც ჩანს, მოსახლეობა წყლის ტარიფის გაზრდა-არგაზრდის საკითხს უფრო დიდი ყურადღებით ეკიდება, ვიდრე - მისი გადახდისას. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად ერთ სულზე გადასახდელ 1,2 ლარს თბილისელების დაახლოებით მეოთხედი იხდის. ფაქტია, რომ მევალე უწყებამ ვალების ამოღების მექანიზმის დახვეწა მაინც ვერ მოახერხა. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულია იმ შემთხვევაში, როდესაც ურჩი გადამხდელის როლში მოსახლეობა გამოდის. მისი დასჯა და ესე იგი - უწყლოდ დატოვება ხომ, ყველაფერთან ერთად, სოციალურად ფეთქებადსაშიშიც არის.

წყლის გადასახადისადმი მოსახლეობის უყურადღებო დამოკიდებულება, ნაწილობრივ, იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას ძველი ვალის(1998-2001 წლებში დაგროვილი 15 მილიონი ლარის) ჩამოწერის თაობაზე განცხადების დაწერით თბილისელთა მხოლოდ მესამედი გამოეხმაურა. პარალელურად, თურმე შემცირდა მიმდინარე გადასახადის ამოღების მაჩვენებელიც. გოჩა ჯელია ვარაუდობს, რომ მოსახლეობას მცდარი მოსაზრება ჩამოუყალიბდა:

(გოჩა ჯელიას ხმა) "მათ ჰგონიათ, რომ, რადგანაც გადამხდელები გაათანაბრეს არგადამხდელებთან, ეს შეიძლება კიდევ განმეორდეს. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, საერთოდ, სამეურნეო ორგანიზაციისთვის (რომ მოსახლეობას ჩამოეწერა ამხელა დავალიანება) და ეს აღარ გამეორდება. ეს, უბრალოდ, ბიზნესისა და კომერციის ყველანაირ კანონს ეწინააღმდეგება".

ბუნებრივია, გადასახადების ამოღების სისტემის დახვეწა მხოლოდ აღრიცხვიანობის მოწესრიგებით არის შესაძლებელი. "თბილწყალკანალს" ამ საკითხშიც ფრანგების იმედი აქვს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG