Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

476-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 476-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, ახლა, როგორც ყოველთვის, "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით. ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალის დავიწყებთ შეკითხვით, გააქტიურდება თუ არა დისკუსია საქართველოში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ? შევეხებით ხელისუფლების გეგმებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და გიამბობთ ორ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოს კონფლიქტის ზონებში საქმიანობენ."მეათე სტუდიის" დღევანდელი სტუმარია აშშ-ის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ირაკლი კავილაძე. ბოლოს კი გამოვეხმაურებით ცნობილი იტალიელი მსახიობის, ალბერტო სორდის გარდაცვალებას. პრაღაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

[მუსიკა]

გააქტიურდება თუ არა დისკუსია საქართველოში სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ?
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა ბოლო დროს შემაშფოთებლად დაიძაბა. გასულ კვირას თბილისი შეძრა საბურთალოს რაიონშის ოჯახის გაძარცვის მიზნით ყაჩაღური თავდასხმის შედეგმა, როცა თავდამსხმელებმა ავტომატური იარაღით მოკლეს ოჯახის დიასახლისი და მძიმედ დაჭრეს ოჯახის ორი წევრი. დანაშაული დილის საათებში მოხდა. ასევე გასულ კვირას, დღისით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა რუსთაველის პროსპექტზე, სასტუმრო მერიოტის წინ გაძარცვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისში ჩასული დელეგაციის წევრები. დამნაშავეთა სითავხედით აღშფოთებული საზოგადოების ნაწილი სასჯელის გამკაცრებას მოითხოვს. მოუსმინეთ თამარ ჩიქოვანს

თამარ ჩიქოვანი:
საქართველოში კრიმინალური მდგომარეობის თვალსაზრისით რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ სამართალდამცავებს საგანგებო დავალება მისცა, უახლოეს დროში ალაგმონ დამნაშავეთა სამყაროს მოქმედებები.
საზოგადოება სხვადასხვა მოტივით ხსნის საქართველოში გახშირებულ დანაშაულობებს. ერთთა აზრით, ყველაფრის მიზეზი გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა; მეორეთა აზრით, ძველი, უარყოფილი ფასეულობების ნგრევის შემდეგ სამაგიერო არაფერი შექმნილა, რამაც სხვისი სიცოცხლის გაუფასურება გამოიწვია; ზოგი დანაშაულობათა რაოდენობის ზრდას სასჯელის მიმართ შიშის უქონლობით ხსნის. სწორედ ეს ვარაუდი გამოთქვა გასულ კვირას, პარლამენტში ომბუდსმენის მოხსენების შემდეგ გამართული დებატებისას, პარლამენტარმა გენო კალანდიამ, რომლის აზრითაც, საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმება ნაადრევი იყო.
[გენო კალანდიას ხმა] " დღისით, მზისით კლავენ ადამიანებს. ჩვენ, ქართველები რაღაცნაირად წრეგადასული ხალხი ვართ. ჩვენთვის დღეს ყველაზე ლამაზი მოდელია შეერთებული შტატები. მაგრამ ხომ ვიცით, იქაც არის შტატები, სადაც მოქმედებს ეს კანონი. ამდენად, ვიფიქროთ ამაზე...როგორც სახალხო დამცველმა, მიპასუხეთ გულწრფელად."
სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა პარლამენტარის ამ კითხვაზე გულწრფელად განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენას მხარს არ უჭერს.
ცნობისთვის: დღეს მსოფლიოს 109 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ არსებობს, 86 სახელმწიფოში ასეთი სასჯელი ჯერ კიდევ გამოიყენება. იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯის გამოყენება, ასე გამოიყურება: მკვლელობა, გენოციდი, სამხედრო დანაშაული, სახელმწიფოს ღალატი, შპიონაჟი. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" მონაცემებით, 2000 წელს 65 ქვეყანაში გამოტანილი იყო სიკვდილით დასჯის 3058 განაჩენი, 27 ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენი შესრულდა 1457 ადამიანის მიმართ. აქედან 88 პროცენტი ჩინეთზე მოდის. 123 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს საუდის არაბეთში, 85 ადამიანი - ამერიკაში, 75 - ირანში.
დღეს სიკვდილით დასჯის აკრძალვის მოთხოვნით მოძრაობა ძალას იკრებს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოება უფრო ჰუმანური გახდა. სხვადასხვა გამოკვლევებით, იმ ქვეყანაში, სადაც სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა - მოქმედებს, დანაშაულის დონე ხშირად უფრო მაღალია იმ ქვეყანასთან შედარებით, სადაც ასეთი სასჯელი არ არსებობს. გარდა ამისა, საერთაშორისო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის სასჯელის მიზანია სოციალური სამართლიანობის აღდგენა და არა შურისძიება.
რაც შეეხება "ქართველებისთვის ყველაზე ლამაზ მოდელს - ამერიკას", სადაც რამდენიმე შტატში სიკვდილით დასჯა არსებობს - ბოლო ცნობებით, იქ სიკვდილით დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება. გელაპის გამოკითხვებით, ამერიკელთა 51 პროცენტი მხარს უჭერს მორატორიუმს სიკვდილით დასჯის განაჩენის შესრულებაზე, სანამ სპეციალური კომისია არ გამოიკვლევს სასჯელის სამართლიანობის საკითხს. საინტერესოა, რომ 11 სექტემბრის მოვლენებს არ გაუზრდია სიკვდილით დასჯის მომხრეთა რაოდენობა.
შეგახსენებთ: საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გააუქმეს. მანამდე, 5 წლის განმავლობაში, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული. სიკვდილით დასჯის გაუქმება ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო საქართველოს ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად. იმედია, საქართველოც შეუერთდება "ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის" მეცამეტე ოქმს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში კრძალავს სიკვდილით დასჯას. ხელმოწერის პროცესი ამ ოქმზე 2003 წლის 3 მაისს გაიხსნება და მას ევროკავშირის ყველა სახელმწიფო შეუერთდება.

თამარ ჩიქოვანი რადიო"თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]

რამდენად აპირებს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვას?
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
26 თებერვალს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვები, თავისი შინაარსით თუ ტონით, მოულოდნელი იყო ბევრისათვის, უწინარესად იმათთვის, ვინც აქამდე ამაოდ ჩიოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მუდმივი ხელყოფის გამო. როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტი ხელს მოაწერს ეროვნული უშიშროების საბჭოში შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომლის შესრულებამ შედეგად უნდა მოიტანოს უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, დისკრიმინაციის შემცირება, სამოქალაქო ინტეგრაცია და დემოკრატიის განსამტკიცებლად აუცილებელი სხვა პროცესები. მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმის, აგრეთვე იმ ეჭვების შესახებ, რაც მის შესაძლო შესრულებას ახლავს, დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
პრეზიდენტს აქამდე არასოდეს ულაპარაკია ადამიანის უფლებათა დაცვაზე ასე მკვეთრად. მკვეთრი ეს ლაპარაკი შევარდნაძისთვის იყო, თორემ ადამიანის რელიგიურ გრძნობას რომ პატივისცემა და დაცვა, ხოლო მის ხელმყოფს აღკვეთა და დასჯა სჭირდება, ამას როგორც უმაღლეს ხელისუფალს, ისე მის სამართალდამცავ მოხელეებს ხშირად გაცილებით მკვეთრი ფორმით უმეორებდნენ ქართველი უფლებადამცავები და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციებიც. პრეზიდენტის უმოქმედობამ და წაყრუებამ ასეთი მოთხოვნების მიმართ გააჩინა სერიოზული ეჭვი, რომ რელიგიური ექსტრემიზმი ქვეყანაში არსებობს სწორედ ამ წაყრუების, ან ფარული თანხმობის წყალობით და, ვთქვათ, ბასილ მკალავიშვილის მომხრეებს, მის მრევლთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის სხვა მოხელეებიც უნდა მივათვალოთ მოსამართლეთა დამატებით.

შევარდნაძის ოთხშაბათის გამოსვლა და პათოსი, რომ რელიგიური უმცირესობების დევნა-დისკრიმინაცია არცხვენს ქვეყანას მოულოდნელი იყო სწორედ ასეთი პრეზიდენტისაგან, რომლის მოსაგრეობა დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის შეიძლება მოტივირებული იყოს არა მისი მრწამსითა და პრინციპებით, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოთა ოფიციალური ინსტიტუციების დიპლომატიური, მაგრამ კარგად გასაგები საყვედურებით, მოკლედ, როგორც ახლა იტყვიან - გარედან ზეწოლით. მაგრამ ამას, თუ ხელისუფლებამ მართლა მოისურვა და განახორციელა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მნიშვნელობა არ ექნება. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებათა საკითხებში, რუსუდან ბერიძემ ჩემთან საუბრისას მოკლედ ასე აღწერა სამოქმედო გეგმის სამუშაო მიმართულებები [რუსუდან ბერიძის ხმა]: "გეგმა ითვალისწინებს სამოქალაქო ინტეგრაციის განმტკიცებას, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების დონეზე, მათი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, მათთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საკუთარ ენაზე მიღებისთვის ხელის შეწყობას სახელმწიფოს მიერ, რელიგიური ექსტრემიზმის გამოვლენათა დაგმობას, ითვალისწინებს ტრენინგებს მოსახლეობის ფართო ფენებში ტოლერანტობის კულტურის განსამტკიცებლად".

რუსუდან ბერიძის თქმით, ამ მიზნების მისაღწევად მრავალი სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის გაერთიანებული ძალისხმევაა საჭირო.

ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საფუძველი, ეჭვის თვალით შეხედონ დოკუმენტებად ჩამოქნილ პრეზიდენტის ინიციატივებს. შეიძლება გავიხსენოთ ანტიკორუფციული პროგრამა და ანტიკორუფციული ბრძანებულება, რომლის შესრულებას დღემდე უნიჭოდ ასახიერებს ზოგიერთი უწყება თუ მოხელე. შეიძლება შარშანდელი მაისის ბრძანებულების გახსენება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და რომლის შედეგიც ამჟამინდელი სამოქმედო გეგმაა. ფრთხილი და სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა ჩემთან საუბრისას უფლებადამცავმა გელა ნიკოლაიშვილმა ორგანიზაციიდან "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" [გელა ნიკოლაიშვილის ხმა]: "პრეზიდენტს ასეთი პოზიცია დიდი ხნით ადრე უნდა გამოეხატა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სანამ არ მომწიფდება საკითხი (და ხშირად ეს მომწიფება ლპობაში გადადის ხოლმე), მანამდე პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. თუმცა, მისი გუნდისგან ადამიანის უფლებათა ასეთი მკვეთრი დაცვა ჩვენ არასოდეს გაგვიგონია. სიტყვიერად, კანონის ფარგლებში, ფურცლებზე დეკლარაციებთან შეერთება - ეს ყველაფერი საქართველოს არ აკლია. ჩვენთან საქმის დეფიციტია, კანონების იმპლემენტაცია არ ხდება, სამწუხაროდ. თუ ამ განცხადებას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება - ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა და - ეს ჰაერში გასროლილი მორიგი სიტყვები იქნება მხოლოდ".

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს მეც გავუზიარე ასეთი ეჭვი. რუსუდან ბერიძის პასუხი უფრო ოპტიმისტური იყო [რუსუდან ბერიძის ხმა]: "მე ვფიქრობ, ეს გარკვეული ნაბიჯია და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტის ნება იქნება, ეს საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყოს და პრიორიტეტს წარმოადგენდეს ქვეყანაში. ამდენად, ეს უკვე დადებითი იმპულსია".

ახლო მომავალი, ასე, 3-4 თვე, აჩვენებს რამდენად იქცევა ეს დადებითი იმპულსი დადებითი მოქმედების საფუძვლად.

დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]

საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფილქტის ზონებში
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

წამყვანი:
"მეათე სტუდიის" წინა გამოშვებაში მოგითხრობდით საქართველოს უშიშროების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივაზე, გაუქმდეს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. მაშინ ისიც ითქვა, რომ ასეთი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მის მსხვერპლთა შორის, სავსებით შესაძლებელია, რადიო "თავისუფლებაც" აღმოჩნდეს. მაგრამ საქმე აქამდე, იმედია, არ მივა... დღესდღეობით კი არა მარტო ჩვენი რადიო, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციაც ჩვეულ რიტმში განაგრძობს მუშაობას. დღეს ჩვენი თბილისელი კოლეგა კობა ლიკლიკაძე მოგვითხრობს ორ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების ზონაში საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დარჩენილ ნაღმებსა და ტყვია-წამალს ანადგურებენ.

1992-93 შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ეგრეთწოდებული "ნაღმების ომი" დაიწყო. არასრული სტატიკით, საბრძოლო მომქმედებების დროს მესანგრეთა მიერ დამაგრებული ქვეითსაწინაამდეგო ნაღმებმა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ბევრი ადამიანი სამუდამოდ დახეიბრდა.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საშიშ ზონას წარმოადგენდა გუმისთისა და ტამიშის სტრატეგიული ხიდები. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წელს მიღებული მოსკოვის შეთანხმების შემდეგ, მიწაში ჩაფლული ნაღმებისა თუ მიწის ზედაპირზე დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფა რუსეთის სამშვიდობო ნაწილებს დაევალათ, მაგრამ მხოლოდ უსაფრთხოების ზონაში, სადაც მათთვის მინიჭებული მანდატი ვრცელდება.

ამიტომ ოთხმხივ შეხვედრებზე როგორც აფხაზურმა, ისე ქართულმა მხარემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ომის შემდეგ დარჩენილი ნაღმების გაუვნებელყოფაზე და საქმეში ნეიტრალური, საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა მოითხოვა. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰალო ტრასტის" წარმომადგენლები აფხაზეთში 1997 წლის ბოლოს გამოჩნდნენ. თავდაპირველად, ბრიტანელმა გამნაღმველებმა აფხაზეთის ტერიტორიის განაღმვა ყველაზე საშიში მონაკვეთიდან, გუმისთის ხიდის მიმდებარე მასივიდან დაიწყეს და ამჯერად უკვე ოჩამშირისა და გალის რაიონში გადმოინაცვლეს.
თუმცა, საქართველოს ხელისუფლების კორიდორებში ზოგჯერ გაიგონებთ ხოლმე მოსაზრებას, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე განაღმვითი სამუშაოები სასურველზე ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რასაც არ იზიარებს"ჰალო ტრასტის" თბილისის ოფისის ხელმძღვანელის დავით ჭიჭინაძე და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ასეთ სტატისტიკას იშველიებს.

[დავით ჭიჭნაძის ხმა] "ესე იგი, 5000-მდე ნაღმია უკვე განადგურებული. ეს ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ციფრია. საერთოდ, ჩვენმა ორგანიზაციამ, გასულ წელს, ივნისში დააფიქსირა მილიონი ნაღმის ამოღება. ჩვენ ოჩამჩირის განაღმვითი სამუშაოები შარშან დავიწყეთ, მანამდე იყო გალის რაიონშიდა სოხუმის მიდამოებში. ეხლა უკვე ოტობაიაში ვაწარმოებთ სამუშაოებს, ტამიშზე ვაწარმოებთ და ოჩამჩირეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მტელი აფახაზეთის ტერიტორია მოვიცვათ, მთლიანად, ერთდროულად."

"ჰალო ტრასტის" წარმომადგენელთა ინფორმაციით, ჰუმანიტარული განაღმვითი ორგანიზაციის საქმიანობას, საქართველოს მხარესთან შეთანხმებით, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები, აგრეთვე უცხოური საქველმოქმედო ფონდები აფინანსებენ. სწორედ ამ თანხებით მოხერხდა არა მხოლოდ გამნაღმველთა რაოდენობის გაზრდა, არამედ განაღვითი სამუშაობისთვის საჭირო ისეთი თანამედროვე აღჭურვილობის ჩამოტა, რასაც ნებისმიერ ქვეყნის მესანგრე ინატრებდა.

მაგრამ, როგორც ვთქვით, "ჰალო ტრასტის" პასუხიმგებლობის ზონა მხოლოდ აფხაზეთის სამი რაიონით შემოიფარგლება, მეორე პოსტკონფლიქტურ - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ზონაში, ისევე როგორც რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისა და იარაღის გაუვნებელყოფის სამუშოებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისია აფინანსებს.

სწორედ ეუთოს მისიამ მოიძია 2002 წელს ის აუცილებელი თანხა, დაახლოებით 100 000 დოლარი, რაც საქართველსო ტერიტორიაზე, კერძოდ მერიის სამხედრო აეროდრომზე დარჩენილი სარაკეტო საწვავის "მელანჟის" უტილიზაციისთვის იყო საჭირო. თუმცა, მელანჟის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც საწამლავის ორგანულ სასაუქარ გარდაქმნას ითვალისწნებდა, მთლიანად ორგანული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებმა შეასრულეს.
საქართველოში ეუთოს მისიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლონელი დიპლომატის ვიტოლდ კარპის თქმით, მელანჟის პროგრამა ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის მთავრობათა შემოწირულობებით დაფინანსდა. ამავე დონორების ფინასური დახმარებით გადაწყდა საქართველოში ახალი ოთხეტაპიანი პროგრამის შემუშავება, რომელიც ეუთოს სტამბოლის შეთანხმების დამატებითი ოქმის თანახმად, რუსეთის კუთვნილ სამხედრო ბაზებზე დარჩენილი აუფეთქებელი ტყვია-წამლის და ვადაგასული საბრძოლო მასალების უტილიზაციასა და განადგურებას ისახავს მიზნად. ვიტოლდ კარპის თქმით შემუშავებულია ერთგვარი ბიზნეს-გეგმა, რომელიც ამ პროექტის დაფინასებას ითვალისწინებს.

[ვიტოლდ კარპის ხმა] " მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ 450 ათასი დოლარი იქნება. და თანაც აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ დაინტერესება გაიზრდოს და ამგავრი საქმიანობა გაგრძელდეს ან ამავე, ან სხვა პროგრამის ფარგლებში."

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი, რომელიც სტარტს აძლევს ასეთი სამუშაოების დაწყებას, მიმდინარე წლის 30 იანვარს გაფორმდა საქართველსო საგარეო საქმეტა სამინისტროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის. მემორანდუმის თანახმად, სალიკვიდაციო სამუშაოებს სახელმწიფო-სამეცნიერო ცენტრ "დელტას" სპეციალისტები უხელმძღვანელებენ. ეს კი, საგნებს თავის სახელებს თუ დავარქნევთ, იმას ნიშნავს, რომ საქართველო ორმაგად იხეირებს - ქვეყანა განთავისუფლდება რუსეთის სამხედრო ბაზებზე დარჩენილი სახიფათო მემკვიდრეობისგან და ბიუჯეტიც შეივსება დამატებითი შემოსავლებით.

კობა ლიკლიკაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი
[მუსიკა]

მსოფლიოში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა ერაყში მოსალოდნელი ომისადმი - ინტერვიუ ირაკლი კავილაძესთან
ბიძინა რამიშვილი, პრაღა

წამყვანი:
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დარწმუნებულია ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყების აუცილებლობაში. მიმდინარე კვირაში მან განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშეც შეუძლია ომის დაწყება. ომი, როგორც ჩანს გარდაუვალია. უკანასკნელ ხანებში ამერიკის პრეზიდენტის პოზიციას ქვეყნის მოსახელობის დიდი ნაწილიც უჭერს მხარს, თუმცა მანამდე ამერიკელები კრიტიკულად უყურებდნენ ადმინისტრაციის საომარ გეგმებს. რას ნიშნავს ერაყთან ომი ამერიკის რიგითი მოქალაქეებისთვის? რა შიში და რა მოლოდინი ახლავს თან ომისთვის მზადებას? როგორ აღიქვამენ ამ ვითარებას ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები? ამ კითხვებზე პასუხისათვის დავუკავშირდით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველთა სათვისტომოს, "საქართველოს ასოციაციას". მის მდივანს, ირაკლი კავილაძეს, ბიძინა რამიშვილი ესაუბრა ტელეფონით.

იხ. აუდიოვერსია.

წამყვანი:
ეს გახლდათ ინტერვიუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველთა სათვისტომოს, "საქართველოს ასოციაციის" მდივანთან, ირაკლი კავილაძესთან, რომელსაც ბიძინა რამიშვილი ესაუბრა ტელეფონით.

[მუსიკა]

გარდაიცვალა ალბერტო სორდი
მარიამ ჭიაურელი, პრაღა

წამყვანი:
მსახიობი, რომელზეც ახლა გიამბობთ, იტალიის საზღვრებს გარეთ არასოდეს სარგებლობდა ისეთი პოპულარობით, როგორითაც მისი კოლეგები მარჩელო მასტროიანი, ან სოფია ლორენი გამოირჩეოდნენ. მაგრამ სამშობლოში ალბერტო სორდი - ლაპარაკი კი მასზე გვექნება - ლამის ეროვნული სიმბოლოს სტატუსში იყო აყვანილი...

იტალიელებს გამორჩეულად უყვარდათ ეს, მართლაც საუცხოო მსახიობი, რომელიც 50 წლის მანძილზე განასახიერებდა უბრალო კაცს - ასე ვთქვათ, რიგით იტალიელს, რომელსაც ისღა დარჩენია იუმორით გაუმკლავდეს გაჭირვებას, დამცირებას, ათასგვარ ფათერაკს.

ალბერტონე ნაციონალე - ასე უწოდებდნენ დიდ მსახიობს თანამემამულეები, 24 თებერვალს რომში გარდაიცვალა. სანამ თხრობას განვაგრძობდეთ, მის ხმას მოვუსმინოთ: [ალბერტო სორდის ხმა].

როგორც კი იტალიის ტელევიზიით გავრცელდა ცნობა, ალბერტო სორდის გარდაცვალების შესახებ, ასობით ადამიანმა მიაშურა მსახიობის ვილას და მისი შესასვლელი წითელ-ყვითელი ყვავილებით - მარადიული ქალაქის ფერებით შეამკო. ასე მიაგეს პატივი, რომ იტყვიან, ნაღდ რომაელს, რომელიც რომში იყო დაბადებული, რომაულ დიალექტზე მეტყველებდა და მშობლიური ქალაქის გარდა არსად უცხოვრია. იტალიის ტელევიზიაში ალბერტო სორდის "რომის უკანასკნელი სიმბოლოც" კი უწოდეს და გაიხსენეს კინოფილმი "ამერიკელი რომში", რომელშიც ალბერტო სორდის გმირი უზარმაზარ თეფშზე დახვავებულ სპაგეტის მიირთმევს: სხვათა შორის, ეს კადრები, ფოტოსურათების სახით, იტალიაში ურიცხვი პიცერიის ინტერიერს ამშვენებს.

"სორდი იტალიელების გრძნობებს გამოხატავდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირდათო", ასე შეაფასა მსახიობის დამსახურება იტალიის პრეზიდენტმა კარლო ჩამპიმ. პარლამენტის თავმჯდომარე მარჩელო პერამ კი გაიხსენა ალბერტო სორდის "შეუდარებელი უნარი, შეესრულებინა სრულიად განსხვავებული, კომიკური თუ დრამატული როლები. ალბერტოს მიერ განსახიერებულმა პერსონაჟებმა თავი ყველას დაგვამახსოვრაო", დასძინა პერამ.

უცხოეთში ალბერტო სორდი, უწინარეს ყოვლისა, სახელგანთქმული ფედერიკო ფელინის ფილმებიდან გვახსოვს: ესენია "თეთრი შეიხი", "ვიტელონი," "რომი". სულ, ალბერტო სორდის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რიცხვი 150 აღწევს, მასვე, როგორც რეჟისორს, 18 ფილმი აქვს გადაღებული. ეს შთამბეჭდავი კარიერა 13 წლის ასაკში, ამერიკული კინოფილმების გახმოვანებით დაიწყო, თეატრის სცენაზე გაგრძელდა და, ფელინის ფილმებით, იტალიური და მსოფლიო კინემატოგრაფის ნამდვილ მშვენებად იქცა. მსმენელს, ალბათ, არ დავიწყებია არც კომედია "საჰაერო თავგადასავლები" და მათი იტალიელი მონაწილე - წვრილშვილის პატრონი მფრინავი, რომელსაც ალბერტო სორდი განასახიერებს.

70-ან წლებში ეს მსახიობი უკვე იმდენად პოპულარული ფიგურა იყო, რომ ფელინისაგან ფილმში "რომი" საკუთარი თავის -ალბერტო სორდის განსახიერების პრივილეგიით დაჯილდოვდა! მისდამი იტალიელების სრულიად განსაკუთრებული დამოკიდებულების ერთგვარ კულმინაციად კი, ალბათ, 2000 წლის 15 ივნისი უნდა მივიჩნიოთ, როცა ალბერტო სორდი, დაბადების 80-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, ერთი დღით რომის მერად დაინიშნა...

ამ დღეებში მარადიული ქალაქი ისევ "ალბერტონე ნაციონალეზე" ლაპარაკობს - ოთხშაბათს ათიათასობით ადამიანი გამოემშვიდობა გამოჩენილ კინოხელოვანს: ქუჩები კაპიტოლიუმის ბორცვის გარშემო, სადაც სამშაბათს გარდაცვლილი სორდის ცხედარი იყო დასვენებული, მთლიანად გადაეკეტათ. დიდი მსახიობი - იტალიური კინოს სიმბოლო - ხუთშაბათს დაკრძალეს.

[მუსიკა]

წამყვანი:
ეს იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი მეათე სტუდია, რომელიც პრააღაში მოამზადეს ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით მუსიკით კინოფილმიდან "რომი". კომპოზიციის ავტორია ნინო როტა. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG