Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მესაზღვრეები გერმანულ მოდელზე გადასასვლელად ემზადებიან


საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარატამენტში სერიოზული რეფორმებისთვის ემზადებიან და ყველაზე მისაღებ სტრუქტურად გერმანელი ექსპერტების შემოთავაზებულ მოდელს მიიჩნევენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებელი სტატუსით წარმოდგენილი უწყება სულ რამდენიმე წელიწადს ითვლის, მესაზღვრეები არ მალავენ, რომ არსებულმა სტრუქტურამ "თავისი დღე მოჭამა". მაგრამ მათ არც იმის ილუზია აქვთ, რომ გერმანელი სპეციალისტების მიერ შეთავაზებულ მოდელზე გადასვლა უმტკივნეულოდ მოხდება.

სამშაბათს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ოტო შილი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, გერმანელი მინისტრის ვიზიტი ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ქართველმა და გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რეფორმირების შესახებ 15 პუნქტისაგან შედგენილი დოკუმენტი შეიმუშავეს. საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გენერალ ვალერი ჩხეიძის განმარტებით, გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული რეფორმების გეგმა 5 წელზეა გათვლილი და ცვლილებათა განხორციელებას სამი მიმართულებით ითვალისწინებს:

[ვალერი ჩხეიძის ხმა] "პირველი ეტაპი 2007 წლამდე გაგრძელდება. ეს გულისხმობს იდეოლოგიის შეცვლას საზღვართან დაკავშირებით, ნელ-ნელა სამხედრო კომპონენტის მოცილებას და თანდათანობით ამ სტრუქტურის ადმინისტრაციულ-პოლიციურ სტრუქტურად გარდაქმნას."

სწორედ ამ რეკომენდაციათა პაკეტი ჩამოიტანა საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და იგი თავის უშუალო კოლეგას კობა ნარჩემაშვილსა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს გააცნო.

გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ახალი სტრუქტურის ფუნქციური პარამეტრების თანახმად, მესაზღვრეებს, პერსპექტივაში, საზღვარზე მომხდარი ნებისმიერი დანაშაულის გამოძიების უფლება მიენიჭებათ. ამის კვალობაზე, ბუნებრივია,შეიცვლება პერსონალის მომზადებისადმი აქამდე არსებული მიდგომა და გაიზრდება მოთხოვნილება თანამედროვე საგამოძიებო ფორმებისა და საშუალებების შესწავლაზე. რეფორმის პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია, აგრეთვე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რის შემდეგაც უნდა განისაზღვროს დეპარტამენტის ადგილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

[ვალერი ჩხეიძის ხმა] "გერმანელ ექსპერტებს ასე უწერიათ: ან ეს უნდა იყოს ცალკე სტრუქტურა, დამოუკიდებელი, და იქ რამდენიმე პარამეტრია, რომელიც პლუსად ითვლება, რომ ცალკე სტრუქტურად იყოს. ანდა სერიოზული რეფორმის შემდეგ ჩვენი სტრუქტურა უნდა შევიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში."

როგორც ირკვევა, რეფორმირების პროცესში გერმანელების დახმარება, ძირითადად, სწორედ რეკომენდაციებით ამოიწურება. რაც შეეხება ფინანსებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ქართველი საშტაბო ოფიცრის მომზადებას, საქართველოს გერმანიის მთავრობის იმედი უკვე აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, თუკი გერმანული მოდელი საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდება, მაშინ წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით რეფორმების განხორციელებას, დაახლოებით, იმდენივე თანხა დასჭირდება, რაც სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე მთელი წლის განმავლობაში იხარჯება.

ამიტომაც ურჩევენ ქართველ კოლეგებს გერმანელები, რომ რეფორმები "ქართული სპეციფიკის" მიხედვით ჩაატარონ. ანუ თავად განსაზღვრონ ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობები და რეფორმების საკითხს რაციონალურად მიუდგნენ. თანაც, არსებობს ერთი უნივერსალური სპეციფიკა, რომლის გაუთვალისწინებლობამ რამდენიმე წლის წინ საქართველოს სამხედრო უწყებაში დაწყებული რეფორმები ბუტაფორიად აქცია: მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სერიოზული რეორგანიზაციის გარეშე, ცალკე აღებული სტრუქტურის ევროსტანდარტზე გადასვლა უსაგნო ოცნებას ემსგავსება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG