Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის გეგმა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომის საინფორმაციო საშუალებებში გაშუქების შესახებ


ერაყის კრიზისთან დაკავშირებით ვაშინგტონში შემუშავებული ერთ-ერთი გეგმა ეხება ერაყთან ომის (ისევე როგორც ნებისმიერი ომის) შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს

- როგორ გაშუქდება ის საინფორმაციო საშუალებებში? ამ შეკითხვაზე პასუხი უკვე ცნობილია ჩვენი თანამშრომლის, რონალდ სინოვიცისათვის, რომელიც ამჟამად ქუვეითში იმყოფება, რათა, ერაყთან ომის შემთხვევაში, რეპორტაჟები მოამზადოს რადიო "თავისუფალი ევროპა", რადიო "თავისუფლებისათვის". თუმცა, ჩვენი კორესპონდენტი არც ახლა ზის უსაქმოდ - ის იუწყება მოსალოდნელი ომის საინფორმაციო უზრუნველყოფის შესახებ.

"embedding" - ინგლისურად ასეთი სახელწოდება გამოუნახეს პროგრამას, რომელიც ერაყში ომის შემთხვევაში სამხედროებსა და მასმედიას შორის უნდა ამოქმედდეს. "embedding"-ს დაახლოებით შეესატყვისება ცნება "ინტეგრაცია": ის გულისხმობს მასმედიის წარმომადგენლების განაწილებას სამხედრო შენაერთებში, სადაც თითოეული ჟურნალისტი ჯარისკაცების ერთსა და იმავე ჯგუფთან იცხოვრებს და იმუშავებს ერაყთან ომის განმავლობაში, ან მანამდე, სანამ უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობაზე.

ინტეგრაციის პროგრამა საგრძნობლად განსხვავდება სისტემისაგან, რომელიც პენტაგონს სპარსეთის ყურის ბოლო, 1991 წლის ომისათვის ჰქონდა შემუშავებული. მაშინდელი, ე.წ. "განაწილების" პროგრამა შემდეგში მდგომარეობდა: ჟურნალისტების მომცრო (უმრავლეს შემთხვევაში, სულ 4-კაციანი ჯგუფი) ამერიკელი სამხედროების თანხლებით მიდიოდა კონკრეტული სამხედრო ოპერაციისათვის თვალყურის სადევნებლად, რის შემდეგაც დანარჩენ ჟურნალისტებს უზიარებდა შთაბეჭდილებებსა თუ ფოტო და ვიედომასალას.

როგორც ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობისთვისაც კარგად არის ცნობილი, ჟურნალისტების უმრავლესობა მაშინ მეტად უკმაყოფილო დარჩა: მათგან ბევრს ხომ საერთოდ არ მისცემია ადგილზე მუშაობის, საკუთარი თვალით ნანახის გაშუქების შესაძლებლობა! არადა, როგორც ამერიკელმა გენერალმა ბაფორდ ბლაუნტმა ქუვეითში ამჟამად მყოფ ჟურნალისტებთან, მათ შორის ჩვენს კორესპონდენტთან შეხვედრის დროს აღნიშნა, სამხედრო სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჟურნალისტებისთვის ხელის შეწყობას, მათთან ნაყოფიერ თანამშრომლობას: [გენერალ ბლაუნტის ხმა] "თქვენ უკმაყოფილო იყავით მაშინდელი მოვლენების გაშუქებით და უკმაყოფილო ვიყავით ჩვენც. წლების მანძილზე, ვფიქრობ, ვიეტნამიდან მოყოლებული, მასმედიასა და არმიას შორის უნდობლობამ დაისადგურა და გვინდა, ამას ბოლო მოვუღოთ. არმიაში მოსულია ოფიცრების ახალი თაობა, რომელიც თავისუფალია იარლიყებისაგან. ასე რომ, გვინდა, ჟურნალისტებმა არმიაში ჩაიხედონ. თქვენ იცით - დაბრკოლებები იქნება. მაგრამ მათ გავუმკლავდებით".

როგორც ჩვენი კორესპონდენტისათვის გახდა ცნობილი, ამერიკული არმიის შენაერთებში "ინტეგრირებული" ჟურნალისტები, რომელთა რიცხვი 500-ს გადააჭარბებს, მრავალი ქვეყნის - მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჩინეთის, რუსეთის, ზოგი არაბული სახელმწიფოს წარმომადგენლები იქნებიან და ყოველ მათგანს მოუწევს პირობის დადება, რომ თავის რეპორტაჟებში არ გაამხელს ინფორმაციას ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის, დისლოკაციის ადგილისა თუ სამხედრო გეგმების შესახებ: [რიკ ტომასის ხმა] "რეპორტაჟის მოსამზადებლად წასვლამდე ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ, რომ თანახმა ხართ, არ გაავრცელოთ ამ ტიპის ინფორმაცია. როცა მთავარ წესებს ხემლწერით აღიარებთ, მე ვენდობი თქვენს სიტყვას, რომ პირობას შეასრულებთ. ხოლო თუ აღმოვაჩინე, რომ სიტყვა გატეხეთ, დაგაბრუნებთ ქუვეითის დედაქალაქში და თქვენს მაგივრად სხვა საინფორმაციო საშუალებას მოვიწვევ", უთხრა ჩვენს კორესპონდენტს ქუვეითში ამერიკული არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რიკ ტომასმა.

როგორც რონალდ სინოვიცი გვარწმუნებს, ის არავის მისცემს ამ მუქარის შესრულების საბაბს და საკუთარი თვალით ნანახს ობიექტურად გააშუქებს ჩვენი რადიოსთვის განკუთვნილ რეპორტაჟებში...
XS
SM
MD
LG