Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიტიკური პარტიები ახალი ნიშნით იყოფიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების რეაქცია ერთმნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, პროამერიკული იყო,

ერაყის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი გადაადგილების პროვოცირება მოახდინა: პარტიათა ნაწილი კვლავ ცალსახად უჭერს მხარს ამერიკის ხელისუფლების ქმედებებს, მეორე ნაწილი კი იმდენად არა თეთრი სახლის პოლიტიკას აკრიტიკებს, რამდენადაც პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდაჭერას აშშ-ის მიმართ. ვინ რატომ უჭერს ან არ უჭერს მხარს აშშ-ს?

ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორებად წოდებულ ჯგუფს, საქართველოს პროამერიკული პარტიის იმიჯის შექმნის თვალსაზრისით, საკმაოდ ოსტატურად ჩაენაცვლნენ ახალი მემარჯვენეები: 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ სწორედ მათი ინიციატივით მომზადებული განცხადება მიიღო პარლამენტმა - შეგახსენებთ, განცხადება გამართლებულად მიიჩნევდა ტერაქტის საპასუხოდ ძალისმიერი ხერხის გამოყენებას. ასევე, ახალი მემარჯვენეების ინივიატივით, პარლამენტმა ნატოს პრაღის სამიტის წინ მიიღო განცხადება, რომელიც საქართველოს ნატოში გაერთიანების სურვილს საჯაროს ხდიდა.
ამჯერადაც, ერაყის მოვლენების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, ახალი მემარჯვენეები კვლავ ავრცელებენ განცხადებას, რომელიც მიესალმება აშშ-ის ძალისმიერ ქმედებებს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. ასეთივე განცხადება გაავრცელა 11 მარტს ქართულმა ლიგამ, რომელიც ვეტერანთა 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და რომლის დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტარი გიორგი ყარყარაშვილია. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ქართული ლიგა სრულ მხარდაჭერას უცხადებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს და შექმნილ სიტუაციაში იგი ერთადერთ გამართლებულ პოზიციად მიაჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ერაყის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია - ერთადერთი საკითხია, რომელშიც პრეზიდენტს გაერთიანებული დემოკრატები ეთანხმებიან. სამაგიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია აღორძინების კავშირისა და საქართველოს კომუნისტური პარტიისთვის. უცნაურია ამ საკითხში აღორძინების კავშირისა და სახალხო ფრონტის პოზიციის თანხვედრაც: სახალხო ფრონტის თვმჯდომარე ნოდარ ნათაძე საქართველოს აქტიურობას ერაყის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ქვეყნისთვის დაუშვებლად მიიჩნევს.
საინტერესოა, რომ, როგორც ირკვევა, მსოფლიოს მასშტაბით ამ ყველაზე ცხელი პრობლემის მიმართ არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ყველაზე მაღალრეიტინგიან პარტიას - ლეიბორისტებს. ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის გენო დანელიას თქმით:
[გენო დანელიას ხმა] "ლეიბორისტული პარტია ყველანაირი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ერაყთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია...ვერ გეტყვით, რომ ომი აუცილებელია..."
ცნობისთვის: ამ დღეებში ედუარდ შევარდნაძე დახურულ კარს მიღმა შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მრჩევლებს ევრაზიის საკითხებში ჯიმ მაქდუგალს და ქრისტოფერ ჰარისონს. შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ხაზგასმით განაცხადა, რომ საუბრისას არ დასმულა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერაყის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების საკითხი.
XS
SM
MD
LG