Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ჟურნალისტები საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ


დავით პაიჭაძე, თბილისი რამდენიმე თვეა, საქართველოში გამოცოცხლდა ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანებების საქმიანობა. ისინი ისწრაფვიან შეთანხმდნენ საერთო ღირებლებებზე და მნიშვნელოვან პრობლემათა

მიმართ გამოიმუშაონ ერთიანი მიდგომები. ასეთი ძალისხმევის ნიმუში იყო ორშაბათს, 17 მარტს, ასოციაცია "თავისუფალი პრესის" წევრთა შეკრება ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრში, სადაც გამომცემლებმა და ჟურნალისტებმა წამოჭრეს მასმედიისათვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესების საკითხი. რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ამ განზრახვას?

ასოციაცია "თავისუფალი პრესა" საქართველოში ცნობილი გამოცემების მფლობელებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს: აქ არიან ჯორჯიან ტაიმსის, რეზონანსის, ალიას, ახალი შვიდი დღის, ხვალინდელი დღის, ახალი ვერსიის, ქუთაისი პოსტ სკრიპტუმისა და სხვა, რეგიონალური თუ დედაქალაქის, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები. სავარაუდოა, რომ მათ ერთსულოვან შეთანხმებას - დაუწესდეს მასმედიას შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი - მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიც შეუერთდნენ. რას გულისხმობს ხსენებული რეჟიმი?

ასოციაციის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტების პაკეტი, რომელშიც, სიტყვისა და პრესის თავისუფლების კანონის პროექტის გარდა, შედის ცვლილებათა და დამატებათა პროექტები სამოქალაქო, ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული კოდექსებისათვის. მაგრამ ყველაზე მეტ მნიშვნელობას ასოციაციის წევრები ანიჭებენ საგადასახადო კოდექსსა და საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ კანონში, მათი აზრით, აუცილებლად შესატან ცვლილებებს, რაც გულისხმობს მრავალი მომსახურების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას. ესენია: ინფორმაციის გავრცელება, მასმედიის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მასმედიით გავრცელებული რეკლამა, სატელევიზიო აპარატურის, ჟურნალ-გაზეთების გამოცემისათვის საჭირო ქაღალდისა და სხვა მასალების იმპორტი... ამ ყველაფრის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას, ანუ გადასახადების მოხსნას, ჟურნალისტები ხელისუფლებას 2004 წლის 1 იანვრიდან სთავაზობენ. ასოციაცია "თავისუფალი პრესის" დირექტორმა სოსო სიმონიშვილმა ჩემთან საუბრისას ასე განმარტა ინიციატივის მოტივები [სიმონიშვილის ხმა]: "ეს არის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი. ჩვენს ქვეყნაში გაუგონარი ეკონომიკური ვითარებაა, საერთოდ, მოკლებული საღ აზრს. თუ ვინმე დღეს მუშაობას ახერხებს - ამას აკეთებს ჩრდილში. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ჩრდილში და ამიტომ ვითხოვთ განსაკუთრებული დაბეგვრის რეჟიმს. ინფორმაციის გავრცელება, მოსახლეობის ინფორმირება დემოკრატიის საყრდენია, განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეა. თუ სახელმწიფო და პოლიტიკური ძალები შეძლებენ ქვეყნის სისტემური, ძალიან ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას და ყველა მოახერხებს ღირსეულად იშრომოს, ღირსეული ანაზღაურება მიიღოს და გადასახადები გადაიხადოს, მაშინ ჩვენც გადავხედავთ ჩვენს პოზიციებს".

დღევანდელი დარღვეული პარლამენტის მიუხედავად, გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ მასმედიის მიერ სამეწარმეო საქმიანობის მთლიანად ლეგალურ კალაპოტში წარმართვას. ეს აიხსნება არჩევნებით, რომლის მოახლოებამ, შესაძლოა, გააჩინოს პრესისთვის კოჭის გაგორების სურვილი, მით უმეტეს, თუ ასოციაციის მოთხოვნას სხვა მედიაორგანიზაციებიც შეუერთდებიან. ერთი რამ უდავოა: ცვლილებათა წინააღმდეგი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც გადასახადების შემცირებას, უწინარესად, ბიუჯეტზე იერიშის მიტანად აღიქვამს და მერე, ალბათ, მეწარმეობის ხელშეწყობად.
XS
SM
MD
LG