Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საომარ ოპერაციებს ქართულ ეკონომიკაში არაფერი შეუცვლია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სპარსეთის ყურეში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა უკვე პოვა ასახვა მსოფლიოს საფონდო თუ სავალუტო ბირჟებზე. მოკავშირეების მიერ სადამ ჰუსეინის რეჟიმზე მიტანილი პირველი დარტყმები

ერთგვარი სიგნალი გამოდგა სანავთობო ბაზრისათვის: როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღდადის თავზე გამოჩენილი პირველი რაკეტების შემდგომ ნავთობის ფასებმა მერყეობა იწყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ეკონომიკა ლამის ავტონომიურ რეჟიმში ვითარდება, კოალიციისა და ერაყის კონფლიქტი და შემდგომი "სანავთობო ციებ-ცხელება", ბუნებრივია, მასზეც მოახდენს გავლენას. როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ფონზე მოვლენები საქართველოში?

სპარსეთის ყურეში განვითარებულ მოვლენებს ჯერჯერობით რამენაირი სერიოზული გავლენა, საერთოდ, ქართულ ეკონომიკაზე არ მოუხდენია. ერთადერთი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ერაყის კრიზისთან დაკავშირებით შეინიშნება, ე.წ. "მოლოდინის ეფექტია". სამომხმარებლო ბაზარი ომის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად, არ შეცვლილა; რაც შეეხება ფინანსურ ბაზარს, აქ აშშ დოლარის კურსის შედარებითი დაცემა წმინდა ფსიქოლოგიურ ფაქტორთან და ამ დოლარის სხვა ვალუტების მიმართ ცვლილებით არის განპირობებული.

"მოლოდინის ფაქტორი", ძირითადად, ნავთობზე ფასების შესაძლო ცვლილებასთან არის დაკავშირებული, რაც ჩვენი სუსტად ინტეგრირებული ეკონომიკის პირობებშიც აქტუალურია. ომის პირველი დღეებიდან ნავთობზე ფასებმა დაწევის მიმართულებით იწყო კორექტირება და იანვრის შემდეგ პირველად დაბრუნდა ბარელზე 30 აშშ დოლარის პოზიციაზე. საერთოდ, საომარი მოქმედებების დროს ამ პროდუქტზე ფასები 25 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.

ისეთ სტრატეგიულ ნედლეულზე ფასების მერყეობას, როგორიც ნავთობი გახლავთ, ადეკვატური ცვლილება მოჰყვება ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. დასავლელი ექსპერტები ნავთობის კიდევ უფრო გაიაფებას ვარაუდობენ, რასაც სეზონური ფაქტორებიც შეუწყობს ხელს. თუმცა ბაზარზე მაინც, ძირითადად, სპარსეთის ყურეში მიმდინარე მოვლენები მოახდენს გავლენას.

თუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება გაიზარდა და, შესაბამისად, ამ სტრატეგიულ ნედლეულზე ფასებმა იკლო, საქართველოსთვის, რომელიც მთლიანად ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული, ამას პოზიტიური გავლენა ექნება და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობას შეუწყობს ხელს. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ჩვენი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის რუსეთის ფაქტორი.

დღეს რუსეთის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი დიდად არის დამოკიდებული ნავთობის ექსპორტზე. თუ რუსეთს მისი ეკონომიკური განვითარების მთავარი სტიმული, ნავთობზე მაღალი ფასები, ხელიდან გამოეცალა, ადვილი შესაძლებელია, იქ არაპროგნოზირებადი ეკონომიკური პროცესები და რუბლის ინფლაცია განვითარდეს, რისი ნეგატიური გავლენა ქართულ ეკონომიკაზეც ჩვენ უკვე ვიწვნიეთ 1998 წლის "ფინანსური ქარბორბალის" პერიოდში.

თუ ნავთობის ფასები, პირიქით, მოიმატებს, მართალია, რუსეთის მხრიდან "საგარეო შოკისაგან" "დავიძვრენთ თავს", მაგრამ, სამაგიეროდ, საწვავის გაძვირება შესაბამისად გააძვირებს სამომხმარებლო ბაზარს.

ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ ქართული ეკონომიკა სუსტად არის ინტეგრირებული მსოფლიო პროცესებში, მსოფლიო კრიზისების "შერბილების" საშუალებას გვაძლევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვინაიდან ჩვენი საგარეო ვაჭობა, ძირითადად, რამდენიმე პარტნიორზეა მიბმული, მათზე ჩვენი ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხი იზრდება და, შესაბამისად, ამ ქვეყნებში (რუსეთი, თურქეთი) მიმდინარე პროცესების თანაზიარნი ვხდებით.

დღეისათვის კი ქართული ეკონომიკა, ფაქტობრივად, იზოლირებულია მსოფლიო ბაზრებისგან და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის ექო მასზე ჯერჯერობით ნაკლებად ზემოქმედებს.
XS
SM
MD
LG