Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსტრემალური ჟურნალისტიკის საზღაური


7 აპრილს ნიუ-იორკში პულიტცერის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის დარგში ამ ყველაზე ცნობილი ამერიკული ჯილდოს მფლობელები "ვაშინგტონ პოსტისა"

და "უოლ სთრით ჯორნელის" სამი ჟურნალისტი გახდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკში ლაურეატებს აჯილდოებდნენ, ერაყში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის გაშუქებისას კიდევ ორი ჟურნალისტი დაიღუპა. საერთოდ კი, ომის დაწყების დღიდან, ერაყში დაღუპულად ითვლება 8 რეპორტიორი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ჟურნალისტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მსოფლიოში. ეს ხიფათი საბედისწერო ხდება მაშინ, როცა ჟურნალისტებს არ აქვთ "ცხელ წერტილებში" მუშაობის გამოცდილება.

ბრძოლის ველიდან მიღებულ ინფორმაციაზე საზოგადოებაში ყოველთვის დიდი მოთხოვნილება არსებობს. რაც უფრო დიდია ომის მასშტაბები, მით მეტია მოთხოვნილება ამგვარ ინფორმაციაზე და, შესაბამისად, იზრდება "ცხელ წერტილებში" მომუშავე ჟურნალისტების ანაზღაურებაც. ეს გარემოება კი ხშირად აიძულებს რეპორტიორებს, დაარღვიონ უსაფრთხოების მოთხოვნები და ექსკლუზიური მასალა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვონ. გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, რომელსაც სამხედრო კონფლიქტებში მოღვაწეობის საკმაო გამოცდილება აქვს, იხსენებს ქართველი ჟურნალისტების დაღუპვის ფაქტს, რასაც ზუსტად ათი წლის წინ, რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ ქალაქ სოხუმის დაბომბვის დროს, ჰქონდა ადგილი.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ბომბები იყო 250 კილოგრამიანი, მაგრამ ისინი სოხუმის კვარტლებში ჩამოვარდნის დროს არ აფეთქდა. და გაიგზავნენ ქართველი მენაღმეები, რომ გაენაღმათ ისინი. განაღმვის დროს მოხდა ბომბების ინიცირება და აფეთქება და ამ დროს მოხდა საშინელი ფაქტი - როცა დაიღუპა რვა მენაღმე და 4 ჟურნალისტი, რომლებიც ამ ფაქტს იღებდნენ ვიდეოაპარატურაზე."[სტილი დაცულია]

დაღუპულ ჟურნალისტებს, რომელთაგან ერთ-ერთი სამხედრო პრესცენტრის ოპერატორი გიორგი პოპიაშვილი იყო, არ შეიძლებოდა სცოდნოდათ, რომ ქალაქზე ჩამოყრილ საავიაციო ბომბებს ეყენათ სპეციალური ამფეთქი, რომელიც მოქმედებაში მოდის გარკვეული დროის შემდეგ. ეს არ იცოდა არც სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომელმაც ჟურნალისტებს ჯოჯოხეთის მანქანასთან სახიფათო სიახლოვეს მუშაობის ნება დართო. მაგრამ იმავე აფხაზეთის ომის დროს იყო შემთხვევა, როცა ბრძოლის წინა ხაზზე გასული ჟურნალისტი მიღებული ჭრილობის შედეგად სისხლისგან დაიცალა. ასეთი სავალალო ფაქტები ყველა დიდი და მცირე ინტენსივობისკონფლიქტების დროს ხდება, ამიტომ ჟურნალისტებს ისევე მოეთხოვებათ უსაფრთხოების ზომების ცოდნა და დაცვა, როგორც სამხედროებს. მრავალ ქვეყანაში თავად ჟურნალისტებმა შეადგინეს ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელშიც მითითებულია, თუ რა წესების დაცვა ევალებათ საბრძოლო ოპერაციებში მომუშავე რეპორტიორებს.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "ეს არის: ნაღმურ ველზე როგორ მოიქცეს, თუ მოხვდა შემთხვევით; თუ მოხვდა საარტილერიო დაბომბვის დროს, რას შეაფაროს თავი და როგორი საფარი აირჩიოს, სანგარში როგორ ჩაწვეს; რა ჩაიცვას - ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტს არავითარ შემთხევვაში არ უნდა ეცვას ისეთი რამ, რაც ამსგავსებს ჯარისკაცს, ანუ სამხედრო ფორმა, მუზარადი."

ირაკლი ალადაშვილის თქმით, ერთ-ერთი ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით, საქართველოშიც იგეგმება სპეციალური ლექცია-სემინარის ჩატარება ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედი ჟურნალისტებისთვის. მაგრამ ერთია წესების დაცვა და მეორე - თავად ბრძოლის ხასიათი. თუ ომი წესების გარეშე წარმოებს, თუ სამხედროები არად დაგიდევენ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, მაშინ გაუთვალისწინებელი საფრთხისგან ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG