Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება თუ არა ახალი პროვოკაცია კოდორის ხეობაში?


საქართველოს საინფორმაციო საშუალებები და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე, მეორე დღეა, მოსალოდნელი პროვოკაციის საშიშროებაზე ლაპარაკობს. თუმცა ამჯერად ეს საფრთხე უკვე აღარ უკავშირდება

არც პანკისის ხეობას და არც ერაყში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. 7 აპრილს სოხუმის ციხიდან უპრეცედენტო გაქცევის ფაქტმა უკიდურესად გაართულა პოლიტიკური ვითარება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში. გაქცეულთა შორის არიან ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის რაზმის წევრები - სიკვდილმისჯილი ქართველი გერვასი ჯოლოგუა და სამი ჩეჩენი მებრძოლი, რომლებიც სეპარატისტთა დივერსიულმა ჯგუფმა კოდორის მოვლენების დროს, 2001 წლის ოქტომბერში, დაატყვევა. მომხდარი ფაქტის გამო სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება სრულ პანიკაშია და, როგორც ყოველთვის, თითს თბილისისკენ იშვერს.

ქართველი ოფიცერი გერვასი ჯოლოგუა და სამი ჩეჩენი მებრძოლი - მასხუდ ჯაბრაილოვი, არსენ ხონდოხოვი და მაჰომედ ხაჯიევი ტყვედ 2001წლის ოქტომბერში ჩავარდნენ. ეს მოხდა გულრიფშის რაიონში რუსლან გელაევის 400 კაციანი რაზმის ლაშქრობის დროს.

საქართველოში ძალიან ცოტაა ოფიციალური ინფორმაცია შესახებ იმისა, თუ როგორ დაიგეგმა ეს რეიდი, როგორ გადაიარა მთელი დასავლეთ საქართველო შეუმჩნევლად კბილებამდე შეიარაღებულმა გელაევის რაზმმა და რა ვითარებაში მოხდა მათი დატყვევება.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ აუკრძალა საკუთარ თავს ამ თემაზე საუბარი, არ ჩქარობს ფარდა ახადოს ამ ისტორიას. მხოლოდ დროდადრო და ისიც უკვე გადაყენებული მოხელეების - მათ შორის, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგმაძის - გამოსვლებში თუ გაიელვებს კოდორის თემა და ისიც იმისთვის, რომ უარყოს საკუთარი მონაწილეობა ამ პროვოკაციის მოწყობაში და დააკნინოს სხვა ყოფილი კოლეგის როლი. ასეთ ეპიზოდურ მონოლოგებში შეიძლება წააწყდეთ იმ გერვასი ჯოლოგუას გვარსაც, რომელსაც მიეწერება გელაევის რაზმის მეგზურობა და აფხაზებთან შეტაკების პროვოცირება, რაც თითქოს არ შედიოდა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის გეგმებში; სამაგიეროდ, როგორც საქართველოში უყვართ თქმა, კარგად ეწერებოდა რუსეთის იმ სპეცსამსახურების მიზნებში, რომლებიც დიდი ხანია ეძებენ მიზეზს, სანიმუშოდ დასაჯონ საქართველო ტერორისტების მფარველობის გამო.


ნიშანდობლივია, რომ ერთი კვირით ადრე, სანამ სიკვდილმისჯილი გერვასი ჯოლოგუა და სამი ჩეჩენი სოხუმის იზოლატორის კედლებს დატოვებდნენ, რადიო "თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სწორედ კოდორის ხეობაში ვითარების შესაძლო გართულებაზე საუბრობდა საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია.

[ვალერი ხაბურძანიას ხმა] "თემა კოდორისა, მართლაც, ისეთია… ჩვენ, გარკვეული თვალსაზრისით, გეოგრაფიულ-კლიმატური პირობები გვიწყობს ხელს, რომ რაღაცის კონსერვაციას ვახდენთ, მაგრამ კონსერვირებული სიტუაცია შემდგომში მაინც გადაწყვეტას ითხოვს. პრობლემები კოდორში არის - მართლაც, არის იქ გარკვეული პროვოცირების საფრთხე."

სოხუმის ციხიდან პატიმრების გაქცევამ კატალიზატორის როლი ითამაშა და უკიდურესად გაართულა პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში, სადაც, პირველად 10 წლის განმავლობაში, ვეტერანთა გავლენიანი მოძრაობა "ამცახარა" და პოლიტიკური ძალები ღიად დაუპირისპირდნენ ვლადისლავ არძინბას რეჟიმს. აფხაზეთის პოლიტიკური ელიტა განსაკუთრებით იმ ფაქტმა ჩააფიქრა, რომ ქართველი და ჩეჩენი პატიმრების გარდა, გაქცეულთა შორის აღმოჩნდნენ სიკვდილმისჯილი აფხაზი მსჯავრდებულები. ასეთი სოლიდარობის გამოვლენა კი საფუძველშივე ეწინააღმდეგება არძინბას ეთნიკურ ნაციონალიზმს. ამიტომ სეპარატისტთა საიდუმლო პოლიცია გაქცევის ორგანიზებას საქართველოს სპეცსამსახურებს აბრალებს და, რუსეთის სამშვიდობო ძალებთან ერთად, კვალში უდგას გაქცეულ პატიმრებს, რომლებიც, სოხუმის ვარაუდით, შეიძლება სწორედ კოდორის ხეობას აფარებდნენ თავს. სოხუმს ძალიან უნდა, რომ ეს სიმართლე იყოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG