Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რით ცდილობს საქართველო ერაყში სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართვას


როგორც ანტიერაყული კოალიციის წევრი ქვეყანა, საქართველო მზად არის კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობისათვის, ერაყის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართული რესურსების ჩართვისათვის.

პოსტკონფლიქტური ერაყის მოწყობასთან დაკავშირებით კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველოც განიხილავს იმ წინადადებებს, რომლებსაც მას შესთავაზებენ. მაინც, როგორ შეიძლება ჩაერთოს საქართველო ერაყში სარეაბილიტაციო სამუშაოებში?

კონსულტაციებში, რომელიც ფლორიდაში ომის შემდგომი ერაყის აღმშენებლობის საკითხებზე მიმდინარეობს, საქართველოს მხრიდან შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე გიორგი გიორგობიანი მონაწილეობს. ამ კონსულტაციების დასრულების შემდეგ საქართველო მზად იქნება განიხილოს წინადადებები, რომლებსაც მას შესთავაზებენ. ომის შემდგომი ერაყის აღმშენებლობის პროცესში სად და როგორ დაინახავენ საქართველოს ადგილსა და როლს, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, სხვათა შორის, ინტელექტუალური, და მზად არის კიდეც ერაყის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ითანამშრომლოს კოალიციის ქვეყნებთან.


ამ მზადყოფნის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად პარლამენტში სპეციალური დადგენილების პროექტიც მომზადდა. სხვადასხვა ფრაქციებისა და კომიტეტების გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც ლეგიტიმურმა და ხალხის ნების გამომხატველმა ორგანომ, უნდა ხმამაღლა გამოკვეთოს საკუთარი პოზიცია და შესაბამისი მითითება მისცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისათვის, რომ, ერაყის აღმშენებლობის პროცესში საქართველოს ჩართვის მიზნით, გაეროს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში, აქტიური მოლაპარაკება აწარმოოს კოალიციის სახელმწიფოებთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაა, ამ ქვეყნის ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსებისა და, რაც მთავარია, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად მუკბანიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ომის შემდეგომი ერაყის აღმშენებლობის საქმეში სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის ხელი შეუწყოს ერაყისკენ ჰუმანიტარული ტვირთის გადატანას. ამას გარდა, ზვიად მუკბანიანის აზრით, ქართულ სამშენებლო კომპანიებსაც აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ერაყში აღმშენებლობით სამუშაოებში.

[ზვიად მუკბანიანის ხმა] "ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება ერაყის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა, იგივე საშენი მასალები იქნება ეს თუ შენება, წყალი იქნება, რომელიც მოაქვთ ავსტრალიიდან და რომლის ტრანსპორტირებაშიც უზარმაზარი თანხები იხარჯება. შეგვიძლია ჩვენი კომპანიების, ჩვენი მუშა ხელის დასაქმებით მივიღოთ აქტიური მონაწილეობა და შესაბამის მითითებას ვაძლევთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ აქტიურად დაიწყოს ამ საკითხებზე მოლაპარაკება. "[სტილი დაცულია]


საქმე ის არის, რომ ამ საკითხებზე კონსულტაციები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, უკვე დაწყებული აქვს . გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე განიხილავს ერაყისთვის სასმელი წყლისა და სამშენებლო მასალის მიწოდების ორგანიზების საკითხებს. რაც შეეხება პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების გაჭიანურებს, აღნიშნავენ, რომ ერაყის ომის შემდგომი აღდგენის ჰუმანიტარულ პროგრამაში საქართველოს ჩართვის სურვილს დეპუტატები აქტიურად აუბამენ მხარს. ცნობისათვის: ამ სურვილის დამადასტურებელი დადგენილების პროექტი 11 აპრილის პლენარულ სხდომაზე უნდა განხილულიყო, მაგრამ სხდომა, ტრადიციული მიზეზით - დეპუტატთა დასწრების პრობლემის გამო ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG