Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ პეტერბურგის სამიტმა ომის მოწინააღმდეგეთა ალიანსის უნარი ეჭვქვეშ დააყენა


სანკტ პეტერბურგში 11-12 აპრილის სამიტზე რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა ფორმალური დეკლარაციის გამოქვეყნების გარეშე დასრულდა. ამან ბევრ მიმოხილველს აფიქრებინა,

რომ ეს შეხვედრა წარუმატებელი იყო. ისინი ასევე დაეჭვდნენ ერაყში მიმდინარე ომის ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეთა ალიანსის სიმტკიცეში. რამ განაპირობა გასული კვირის სამიტის არაეფექტიანობა?

რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი სულ ცოტა ხნის წინ ერაყში ვაშინგტონის პოლიტიკის საწინააღმდეგო პოზიციამ გააერთიანა. ერაყში ომი დასასრულს უახლოვდება, ამდენად, მხოლოდ ომის ოპონენტად ყოფნა პასიურ პოზიციად იქცა, მაშინ როცა, ომის დაწყებამდე გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და საფრანგეთის მუქარა ვეტოს გამოყენების შესახებ ძალიან მკვეთრ და პრინციპულ პოზიციად აღიქმებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სანკტ პეტერბურგის შეხვედრაზე სამივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ომისშემდგომ ერაყში წამყვანი როლის გაეროსთვის მინიჭების მიმართ, მათ არ გადაუდგამთ შემდეგი ნაბიჯი, არ განუმარტავთ ის, თუ რას მოიმოქმედებს ალიანსი ხვალ. დარჩა შთაბეჭდილება, რომ თითოეული მათგანი: გერმანიაც, რუსეთიცა და საფრანგეთიც შეერთებულ შტატებთან შელახული ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობენ.

გასულ პარასკევს გერმანიის კანცლერთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა მიმდინარე ომი, თუმცა გვერდი ვერ აუარა იმას, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი - სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა დადებითად შეეფასებინა.

[პუტინის ხმა] 041212
"ტირანული რეჟიმის მოცილება, ალბათ, პლუსად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ვიმეორებ - საშუალებები და დანაკარგები, ადამიანური დანაკარგები, ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც შევეჯახეთ, ნგრევა და ადამიანების მსხვერპლი, ეს აშკარად ნეგატიური შედეგებია".

ერაყში გაეროს როლზე საუბრისას პუტინი განზოგადდა და შროდერისა და შირაკის თანდასწრებით ამ ორგანიზაციის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების საკითხსაც შეეხო.

[პუტინის ხმა] 041238
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი შეხედულებები მთავარ საკითხებზე პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს. ერთ-ერთი მათგანი არის გაეროს ცენტრალური როლის აღიარება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია ფლობდეს ქმედით ინსტრუმენტებს მსოფლიო პოლიტიკისა და უსაფრხოების გლობალური პრობლემების გადასაჭრელად".

მიმომხილველთა აზრით, სანკტ პეტერბურგის სამიტის ოფიციალური დეკლარაციის გარეშე დასრულება ეჭვქვეშ აყენებს ომის მოწინააღმდეგეთა შანსს რაიმე ზეგავლენა მოახდინონ ვაშინგტონის პოზიციაზე ერაყის მომავლის განსაზღვრისას.

ყოველდღიური რუსული გამოცემა "გაზეტა" წერს, რომ სამიტზე არ წამოჭრილა რაიმე ახალი საკითხი, რომელზეც საჭირო იქნებოდა შეთანხმების მიღწევა.

საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ზაგორსკი თვლის, რომ პუტინის, შირაკისა და შროდერის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა იმის გამო, რომ ისინი არა მომავალს, არამედ წარსულს უყურებდნენ. იმის ნაცვლად, რომ სამიტზე ვაშინგტონსა და ლონდონთან თანამშრომლობის გზები ეძებნათ, ომის მოწინააღმდეგეთა ალიანსმა ფაქტიურად ბუშისა და ბლერის გასული კვირის ალტერნატიული შეხევდრა ჩაითვალა.

[ზაგორსკის ხმა] 041425
"ამას მოვლენათა გნვითარება ჩიხში შეყავს, რადგან სამეული - საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია მოითხოვენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. მაგრამ იმისათვის, რომ უშიშროების საბჭოზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული, აუცილებელია შეერთებული შტატების და იგივე დიდი ბრიტანეთის თანხმობა, რის გარეშეც უშიშროების საბჭოში რაიმე მოლაპარაკება წარმოუდგენელია ".

ზაგორსკის მიაჩნია, რომ თუკი ომის მოწინააღმდეგეთა სამეული ვერ შეძლებს ვაშინგტონთან და ლონდონთან პირდაპირი დიალოგის წარმართვას, ის ერაყის აღდგენის პროცესის მიღმა დარჩება და ამას გარდა საეჭვო გახდება თავად ალიანსის სიცოცხლისუნარიანობაც.

[ზაგორსკის ხმა] 041426
"თუკი ეს სამეული ცალკე, თავისთვის იდგება, დღევანდელ ერაყში და ომისშემდგომი მოწესრიგების პროცესში მასზე დიდი არაფერი იქნება დამოკიდებული, თუ საკითხი ისევ და ისევ უშიშროების საბჭოში არ დაბრუნდა".

ვაშინგტონთან და ლონდონთან დიალოგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ისიც, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საბოლოოდ გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი ვაშინგტონის მოწოდებაზე ერაყისთვის ვალის პატიების შესახებ. თუმცა, ეს საკითხიც თავისთავად თითოეული მათგანის ვაშინგტონთან შესაძლო დიალოგის ჩარჩოებში ჯდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG