Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელების აღშფოთება მათი მუზეუმების გაძარცვის გამო


ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში აშშ-ის ჯარის შესვლის შემდეგ, განუკითხაობის ჟამს, გაიძარცვა არა მხოლოდ უცხოური ორგანიზაციების ქონება, თვით მოქალაქეთა მიტოვებული სახლები,

არამედ მუზეუმები და ბიბლიოთეკები, კულტურის სხვა ობიექტები, საიდანაც წაღებული ნივთები ფასდაუდებელია. ბაღდადში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ზამირა ეშანოვა, რომელმაც ბაღდადის სახელმწიფო მუზეუმიდან რეპორტაჟი გამოგვიგზავნა ერაყელთა სასოწარკვეთის შესახებ.

ბევრი ერაყელისთვის მათი ქვეყნის სახელმწიფო მუზეუმი ერაყის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი სიამაყეა. ტურისტებისთვის 1982 წელს გამოშვებულ ბაღდადის გზამკვლევში ვკითხულობთ: "მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, ერაყის მსგავსი არქეოლოგიური სიმდიდრე რომ ჰქონდეს. ერაყის სახელმწიფო მუზეუმი არქეოლოგიურ მონაპოვართა ერთ-ერთი უდიდესი, კარგად ორგანიზებული და გულდასმით გამოფენილი კოლექციით ამ სიმდიდრის ერთ-ერთი დასტურია. მუზეუმი ინახავს პრეისტორიულ ნივთებს, ასევე შუმერების, ბაბილონელების, ასირიელების, ქალდეველთა, სელჯუკთა, სასანიდების, აბასიდების ხელოვნების ნიმუშებს", წერს იქვე გზამკვლევის გამომცემელი. ამ სიმდიდრემ დიდი დანაკლისი განიცადა ბაღდადში აშშ-ის ჯარის შესვლის დროს. ჰუსეინის რეჟიმის დაცემას ქალაქებში მოჰყვა ძარცვა და მუზეუმიც არ დაინდეს. ზოგს მუზეუმის შესასვლელში დაწყობილი დამსხვრეული ქანდაკებები უფრო ნაკლებად ადარდებს, ვიდრე ის, რომ არ არის დენი და წყალი. მაგრამ მუზეუმის თანამშრომელთათვის და მათთვის, ვინც მისი ხშირი სტუმარი იყო, დანაკლისი აუნაზღაურებელია. მათ რიცხვს მიეკუთვნება 67 წლის, პენსიონერი ექიმი, რომელიც მუზეუმის ბიბლიოთეკაში, განსაკუთრებით განახლების შემდეგ, ყოველდღე დადიოდა. აი რას ამბობს ის:

[ექიმის ხმა] "დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ბუში ამ მუზეუმში ნამყოფი რომ ყოფილიყო, ერაყს თავს არ დაესხმებოდა. მას შეიძლება ეცადა კიდეც დახმარებოდა მუზეუმს, რომ არ გაეძარცვათ".
ეს ადამიანი ახლა ყოველდღე მიდის მუზეუმთან, იქნებ რამე შეიტყოს, როგორია მიყენებული ზარალი მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის, რომელშიც მრავალენოვანი დოკუმენტების დიდი კოლექცია ინახებოდა.
შიგნით, მუზეუმში სიძველეთა სპეციალისტებთან ერთად დიდ დროს ატარებს ერაყის სიძველეთა სახელმწიფო საბჭოს კვლევის და შესწავლის განყოფილების გენერალური დირექტორი დონი ჯორჯი. ისინი ცდილობენ დადგინონ, რა რაოდენობის ნიმუშები იქნა წაღებული და რა რაოდენობისა დაზიანდა. მუზეუმის შესასვლელი დამსხვრეული და დაზიანებული ქანდაკებების, ნახატების და დოკუმენტების საწყობს წარმოადენს. მუზეუმის დირექტორის თანახმად, არავინ იცის, რამდენი ნიმუში წაიღეს. ცხადი ის არის, რომ მუზეუმში შენახული განსაკუთრებით მნივშნელოვანი თითქმის ყველა ნივთი ან გატანილია, ან დაზიანდა. ჯორჯის მტკიცებით, მუზეუმი მხოლოდ რიგითი მძარცველების მსხვერპლი არ ყოფილა. ჩანს, რომ ძარცვაში მონაწილეობდნენ კარგად ორგანიზებული და, რაც მთავარია, ფასეულობათა მცოდნე ჯგუფები: [ჯორჯის ხმა] "ვვარაუდობ, რომ მათში ერივნენ სპეციალისტები, რომელთაც შეეძლოთ განსაკუთრებით მნივშნელოვანი ნიმუშების ამოცნობა. სხვებმა უბრალოდ ანტიკვარული საგნები წაიღეს, კიდევ სხვებმა ყველაფერი, რაც ნახეს." მუზეუმის თანამშრომლები ზარალის პასუხისმგებლობას აშშ-ის ჯარს აკისრებენ და მოითხოვენ, რომ ამერიკელმა სამართალდამცავებმა მოპარული ნივთების მოძიებაზე იზრუნონ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჯგუფი უკვე ჩავიდა ბაღდადში და მუზეუმის ექსპერტებთან ერთად დაკარგული ნიმუშების კატალოგს ადგენს. სიძველეთა ერთმა სპეციალისტმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ამ ქაოსში იყო ნათელი მომენტებიც, მაგალითად, როცა ხალხისთვის მოწოდების შემდეგ დააბრუნეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საკუნის ბრინჯაოს რელიეფი და ასურელთა მეფის სალმანასარ მესამის გატეხილი ქანდაკება. ისლამური და ქრისტიანული თემების ლიდერებმა თავიანთ ხალხს სთხოვეს უკან დააბრუნონ მოპარული ნივთები. მუზეუმში მომუშავე სხვა ექსპერტს ზიიად ჯურეიდინს არ აქვს იმედი, რომ ბევრი ნივთი მუზეუმში უკან დაბრუნდება. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მძარცველებმა წაიღეს მუზეუმის განსაკურებით მნიშვნელოვანი ნივთები, იმას ნიშნავს, რომ მათ შავ ბაზარზე გაყიდიან. [დურეიდინის ხმა]
"მუზეუმებს, არა მხოლოდ მორალურად, არამედ კანონითაც ეკრძალებათ ასეთი ნივთების შესყიდვა. მაგრამ საკმარისად არიან მდიდარი ადამიანები, რომლებიც კოლექციონერობენ. შავ ბაზარზე უზარმაზარ ფასებს იხდიან ამგვარი ნივთებისთვის. ისე, რომ მათ არ გაუჭირდებათ მყიდველის მოძებნა".
ჩვენთვის ნაცნობი პენსიონერი ექიმი, რომელიც ამერიკელ სამხედროებს ელოდებოდა მუზეუმში შეშვების უფლებისთვის, ღრმა სინანულით ამბობს, რომ მუზეუმი არასოდეს იქნება ის, რაც იყო. [ექიმის ხმა] "აქ იმდენი ნივთი იყო, ყველას ვერასოდეს დავიბრუნებთ, განა როცა ადამიანი კვდება, მეორედ დაბადება შეუძლია? არა. აქაც ასევეა".
ის იქვე აღნიშნავს, რომ სადაც არ უნდა მოთხაროთ ერაყში მიწა, ყველგან ან სიძველეს წააწყდებით, ან ნავთობს. თუკი უცხოელები ერაყს მხოლოდ ნავთობით იცნობენ და ნავთობია მხოლოდ მათი საზრუნავი, ამბობს ის, ერაყელები უნდა შეეცადონ, რომ უფრო ღრმად ჩაწვდნენ საკუთარ მიწას, ცივილიზაციის აკვანს, და თავიანთი დიდი ისტორიის მეტი დასტური ნახონ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG