Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატიულ გზას ეძებს


როგორც მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებული სახელმწიფო მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, საქართველოს, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ახალი მომწოდებელი გამოუჩნდეს. მართალია, ავთანდილ ჯორბენაძის

მიერ დასახელებული ალტერნატიული კომპანია "გაზპრომი" კვლავაც რუსულია, მაგრამ ის ქართულ მხარეს თურმე "იტერაზე" უკეთეს პირობებსა და ტარიფებს სთავაზობს. თუმცა ამ მოსალოდნელი ცვლილების დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არც "იტერას" ქართული წარმომადგენლობა ფლობს.

საქართველოში "იტერას" წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ პატარიძე ირწმუნება, რომ "გაზპრომის" საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეებისგან ოფიციალური ინფორმაციის მსგავსიც კი არაფერი მიუღია:

(პატარიძის ხმა) "აი, თქვენ გაინტერესებთ - რა ხდება, მეც არ ვიცი, რა ხდება... "გაზპრომთან" დაკავშირებით ჩვენთან არავითარი საუბარი არავის ჰქონია".

პატარიძე გმობს ბიზნეს-პარტნიორის შეცვლის ფარულ გზებს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვში მყოფ ქართულ დელეგაციას "გაზპრომთან" მოლაპარაკებები "იტერას" გვერდის ავლით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწარმოებინა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პატარიძე ამ ფაქტს წმინდა ადამიანური კანონებითაც არასაკადრისს უწოდებს. მისი აზრით, საქართველოს უნდა ეყოს მადლიერების გრძნობა "იტერას" მიმართ, რომელიც 1996 წლიდან მოყოლებული, რითაც შეუძლია, გვერდში უდგას ჩვენს ქვეყანას და მრავალნაირ დათმობაზეც მიდის ხოლმე. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი "გაზპრომი" უკეთეს პირობებს შესთავაზებს და ქართული მხარეც, ბუნებრივია, უკეთესზე უარს არ იტყვის, უფრო კაცური იქნება, თუკი ყველაფერს ღიად გავაკეთებთ - ემოციურად აცხადებს პატარიძე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ ვალებით დამძიმებული ურთულესი ქართული ბაზრის დაკარგვით "იტერა" დიდად არ დადარდიანდება:

(პატარიძის ხმა) "იტერას არ აკანკალებს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ის მიესალმოს კიდეც, თუკი ეს ასე მოხდება."

"იტერასი" რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველო ნამდვილად მიესალმება, თუკი, "გაზპრომის" სახით, ის ბუნებრივი აირის უფრო იაფ მომწოდებელს იპოვის. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე აღნიშნავს, ხსენებული კომპანიისგან შეძენილი რესურსი ჩვენს სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება:

(თვალჭრელიძის ხმა) "რესურსს ფლობს "გაზპრომი", "იტერა" კი - შუამავალი ფირმაა, რომელიც ყიდულობს გაზს "გაზპრომიდან" თუ მისი მსგავსი მომპოვებელი კომპანიებიდან და შემდგომ ყიდის. მის ტარიფს ამიტომ, ბუნებრივია, მომსახურების ხარჯი ზრდის. "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება ჩვენთვის უფრო სარფიანი იქნება. მით უფრო, რომ "იტერას" გაისად "გაზპრომთან" კონტრაქტი უწყდება და უკვე გაზის რესურსების სერიოზული პრობლემა შეექმნება."

გაზის შედარებით იაფი მომწოდებლის გამოძებნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ანუ ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის ვერასოდეს ახერხებს საფასურის დროულ გადახდას და რომლის დედაქალაქიც (და არამხოლოდ), სწორედ ამ მიზეზის გამო, საკმაოდ ხშირად რჩება ხოლმე გაზის გარეშე. ამჟამადაც ასეთივე დაძაბული ვითარებაა: ბუნებრივი აირი თბილისის მხოლოდ ერთ მესამედს მიეწოდება და, 480 ათასი დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, მალე ეს ნაწილიც უგაზოდ დარჩება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG