Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო არჩევნები 2 ნოემბერს დაინიშნა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის არჩევნები 2003 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ ოფიციალური სტარტი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტარები ჯერაც ვერ შეთანხმებულან საარჩევნო კოდექსის პრინციპებზე, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

სავარაუდოდ, ოთხშაბათს პარლამენტი შეუდგება საარჩევნო კოდექსის პროექტის განხილვას, თუმცა ჯერჯერობით ყველაზე პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება საპარლამენტო ფრაქციებს შორის არ მიღწეულა. კვლავ გაურკვეველია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხი. იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლებო ფრაქციებმა რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზეს მრეწველთა პარტიის ოფისში შეკრებილ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ოპოზიცია კვლავინდებურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხოლოდ პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას უჭერს მხარს.
გულახდილად რომ ითქვას, თავად არჩევნების მთავარ მონაწილეს, ამომრჩეველს, დიდად არ აღელვებს, თუ რა პრინციპით შეარჩევენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. ამომრჩევლის დამოკიდებულება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ყველაზე უკეთ ტელეკომპანია "რუსთავი-2" -ის მიერ მოწყობილ ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგად გამოჩნდა. კითხვაზე, როგორ უნდა არკვევდნენ ურთიერთობას ერთმანეთთან პარლამენტარები, 72 პროცენტმა ცემის ხერხს მიანიჭა უპირატესობა.
სხვათა შორის, სულ რამდენიმე კვირის წინათ გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველებმა კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკოსს გალახავდნენ ყველაზე დიდი სიამოვნებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი დაასახელეს. თუმცა საეჭვოა, ვინც 5 მაისს ტელეეკრანზე თავგატეხილი პარლამენტარი იხილა, კვლავ პოლიტიკაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების მომხრედ დარჩენილიყო. სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ 6 მაისს პარლამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერის გალახვის ფაქტი მაინცდამაინც არავის გაუპროტესტებია. ძნელი სათქმელია, რამ იმოქმედა - სატელევიზიო ინტერაქტიული გამოკითხვის შედეგმა თუ ვახტანგ რჩეულიშვილისადმი არცთუ მეგობრულმა დამოკიდებულებამ, მაგრამ წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთებულა. თუ არ ჩავთვლით პარლამენტარ დიმიტრი ჯაიანს, რომელიც აღშფოთებული დარჩა ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ბარამიძის მუქარით, თუ პრეზიდენტიც რჩეულიშვილის მსგავსად მოიქცევა, ისიც მის ბედს გაიზიარებსო. დიმიტრი ჯაიანის განცხადებით:
[დიმიტრი ჯაიანის ხმა] "არ შეიძლება ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. ვისზეა საუბარი - პრეზიდენტს მიმართავენ, ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ გცემო."
ყველაზე სამწუხარო კი ის გახლავთ, რომ, როგორც ჩანს, 5 მაისს პარლამენტის შენობაში გამართული სისხლიანი საქმის გარჩევა ერთჯერადი ფაქტი არ იქნება. ქართველი ჟურნალისტების პროგნოზით, ეს მხოლოდ ჟურნალია. კინო კი ძალიან მალე დაიწყება.
XS
SM
MD
LG