Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას ჯანდაცვის სფეროს ბლოკირებას აბრალებს


დედაქალაქის მთავრობა ჯანდაცვის სფეროში ამჟამად მოქმედი პროგრამების განხორციელებით მეტისმეტად უკმაყოფილოა. ის ცენტრალურ ხელისუფლებას, უნიათობის გარდა,

ხელის შეშლასა და ბარიერების მიზანმიმართულ აგებაშიც ადანაშაულებს. ოპოზიციური ფრთის საუბარი ჯანდაცვის სფეროში მომძლავრებულ კორუფციასაც შეეხება.

თბილისის მთავრობის ვიცე-პრემიერი კახა შენგელია დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის სფეროს ინტერესების შევიწროებით ცენტრალური ხელისუფლება დედაქალაქის ოპოზიციური მთავრობის ბლოკირებას ცდილობს:

(კახა შენგელიას ხმა) "დღესდღეობით ქალაქ თბილისის ჯანდაცვის სფერო ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებულია 61%-ით, მაშინ, როდესაც გასული წლის შესაბამის პერიოდში დაფინანსებული იყო 94%-ით. ამით იმის თქმა მინდა, რომ გრძელდება ცენტრალური ხელისუფლებისგან ქალაქის ახალი, ოპოზიციური მთავრობის ბლოკირება".

მისგან, როგორც ეროვნულ ძალთა გაერთიანების თანათავმჯდომარისაგან, ჯანდაცვის საკითხის ამგვარ, ნახევრად პოლიტიკურ, ჭრილში განხილვა სავსებით მოსალოდნელია. შენგელიას მოსაზრების იდენტურია ეროვნულ ძალთა გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერის, კახა გაგლოშვილის, ასევე მოსალოდნელი მოსაზრებაც. მას მიაჩნია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალურთან ხალხის ინტერესებით განსაზღვრული საერთო ენა ვერ გამონახა და რომ ბევრი რამ სწორედ კორუმპირებული ჯანდაცვის სამინისტროს ბრალია. გაგლოშვილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ უწყების მიზეზით ფერხდება მოსახლეობის იმ ფენათა ინფორმირება, რომლებსაც უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნით. დაბოლოს, ის გამოდის კატეგორიული განცხადებით და იმუქრება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხებთან დაკავშირებით ხალხის ინფორმირებას სასწრაფოდ არ დაიწყებს, ამას მისი გუნდი გააკეთებს, ხოლო სამინისტროს პიკეტირება არ ასცდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვასილ ჭეიშვილის თქმით, მართლაცდა, სამადლო საქმე იქნებოდა, თუკი კახა გაგლოშვილი და მისი თანამოაზრეები ჯანდაცვის პროგრამების თაობაზე მოსახლეობის საფუძვლიან ინფორმირებას მოახერხებდნენ. ჭეიშვილი ფიქრობს, რომ, მაქსიმალური მონდომების მიუხედავად, ამას სამინისტრო ფინანსების სიმცირის გამო ვერ ახერხებს. ამასთან, მინისტრის მოადგილე არ იზიარებს გაგლოშვილის აღშფოთებას და მას ჯანდაცვის სფეროს პროგრამებში აბსოლუტურ დილეტანტს უწოდებს.

(ჭეიშვილის ხმა) "მე დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა მასთან მუშაობა, მაგრამ თუ მას ასეთი აჟიტირებული მდგომარეობა უნდა და უნდა შექმნას სურათი, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებთ და მხოლოდ თავად აკეთებს ყველაფერს, მაშინ მე ვიტყვი, რომ ბატონი კახა საოცრად არაკომპეტენტურია ჯანდაცვის პროგრამებში და ვურჩევდი, კარგად გაერკვეს საკითხებში და მერე დაიწყოს პიკეტირება".

საქართველოში რჩევებს ნაკლებად ითვალისწინებენ ხოლმე და, ალბათ, ამ რჩევასაც იგივე ბედი ელის, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ცივილიზებულ ქვეყანაში მოსახლეობას ვიღაცამ აუცილებლად უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, მით უმეტეს, ჯანდაცვის სფეროს შეღავათების თაობაზე და, თუკი ამას სახელმწიფო ვერ აკეთებს (ანდა თუნდაც - არ აკეთებს), ეს, ალბათ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა გააკეთონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG