Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

488-ე გამოშვება.


488-ე გამოშვება.

ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 488-ე გამოშვებას. 23 მაისი ქართული რადიოს დღეა. ამ თემაზე ჩვენი თბილისელი თანამშრომლის მასალა შეგიძლიათ მოისმინოთ; გარდა ამისა გესაუბრებით თბილისის წიგნის ფესტივალზე; შემოგთავაზებთ მასალას ცნობილი ქართველი მხედართმთავრის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შესახებ; გადაცემას დაასრულებს ინტერვიუ მუსიკათმცოდნესთან და პუბლიცისტთან, გოტფრიდ ვაგნერთან, რომლის დიდ პაპას, დიდ გერმანელ კომპოზიტორს, რიხარდ ვაგნერს ხუთშაბათს 190 წელი შეუსრულდებოდა.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


23 მაისი ქართული რადიოს დღეა

ბიძინა რამიშვილი:
79 წლის წინათ, 1924 წლის 23 მაისს თბილისში, ნავთლუღის მიდამოებში პირველი რადიოგადამცემი დაიდგა. ეს დღეს, 23 მაისი საქართველოში რადიოს დღედ აღინიშნება. მართალია, ბოლო დროს საქართველოში არაერთი ტელეკომაპანია და ახალი რადიოსადგური გაჩნდა, მაგრამ იურილარი - საქართველოს სახელმწიფო რადიოკომპანია წარმატებულად ახერხებს კონკურენციას ახალგაზრდა კოლეგებთან. მსმენელის რაოდენობის სტაბილურობაზე ისიც მოქმედებს, რომ სახელმწიფო რადიო მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს. რადიო თავისუფლების ყველაზე სტაჟიან მეგობარ რადიოს დაბადების დღეს ვულოცავთ. თამარ ჩიქოვანი კი იმაზე მოგითხრობთ, თუ როგორ გრძნობს თავს იუბილარი-რადიო.

[საქართველოს რადიოს სიგნალი]

თამარ ჩიქოვანი:
ამ სიგნალით იწყებს ყოველ დილით მუშაობას საქართველოს სახელმწიფო რადიო - საქართველოს რადიოსივრცის მოჰიკანი. მიუხედავად არაერთგზის გაკეთებული პროგნოზისა, რომ ტელევიზიის ეპოქაში რადიოს გაუჭირდებოდა მსმენელის შენარჩუნება, მსოფლიოს მასშტაბით სხვა ტენდენცია გამოიკვეთა - ტელევიზიის, ინტერნეტისა და სხვა თანამედროვე მულტი-მედიური სისტემების განვითარების მიუხედავად, მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი უსმენს რადიოს. ამ უჩვეულო ფაქტს სხვადასხვანაირად ხსნიან - იმით, რომ რადიოს, მედიის სხვა საშუალებებთან შედარებით, უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომ რადიო უფრო ოპერატიულია, რომ რადიო უფრო ინფორმაციულია, რომ, ბოლოს და ბოლოს, რადიო უფრო პერსონიფიცირებულია - ხშირად მსმენელს ისეთი შეგრძნება უჩნდება, რომ რადიოს დიქტორი მას და მხოლოდ მას ესაუბრება.

ვინ არიან სახელმწიფო რადიოს დღევანდელი მსმენელები? რადიოს საინფორმაციო სამსახურის ტექნიკური დირექტორის ლალი ბზიაშვილის აზრით:

[ლალი ბზიაშვილის ხმა] "ჩვენი მსმენელი? ჩემი აზრით, 25-იდან უსასრულობამდე. მე ასე მგონია."(სტილი დაცულია)

ისევ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ "მოლაპარაკე რადიო" ანუ რადიო, რომელიც ინფორმაციასა და გადაცემებზეა ორიენტირებული, ახალგაზრდა მსმენელს ნაკლებად იზიდავს. სამაგიეროდ, მისი მსმენელია, ასე ვთქვათ, არათინეიჯერული საზოგადოება, რაც, მაგალითად, საქართველოში საზოგადოების უდიდეს ნაწილს შეადგენს. თუმცა, რადიოს გენერალური დირექტორის ვახტანგ ნანიტაშვილის თქმით, სახელმწიფო რადიოში ხშირად მზადდება ისეთი გადაცემები, რომლებიც ახალგაზრდა მსმენელების გაცხოველებულ ინტერესს იწვევს, რასაც სატელეფონო ზარები ადასტურებს. მისი აზრით:

[ ვახტანგ ნანიტაშვილის ხმა] " ხანდახან წამგებიანად, იცი, რატომ გამოვიყურებით? ილია ჭავჭავაძეზე ვაკეთებთ გადაცემას ან შექსპირზე ვსაუბრობთ, კლასიკურ მუსიკას გადავცემთ....მე ამას არ ვთვლი, რომ წამგებიანია. ერთი რადიო მაინც უნდა გადასცემდეს მსოფლიო ფასეულობებზე მასალებს. არ შეიძლება საოპერო, სიმფონიური მუსიკა არ შუქდებოდეს რადიოთი და რადიო იყოს მხოლოდ მაგნიტოფონის ფუნქციის შემსრულებელი - თამუნას, ეკას, ამას, იმას ვუძღვნი სიმღერას. მე მიმაჩნია, რომ ეს არის რადიობანას თამაში."

ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომლის ხმაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაცნობია და რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს სახელმწიფო რადიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემას, "პიკის საათს", დოდო შონავა, კითხვაზე, თუ რით არის გამოწვეული ასეთი ერთგულება სახელმწიფო რადიოსადმი, მიპასუხებს:

[დოდო შონავას ხმა] " თავისუფლების ხარისხი აქ ჩემთვის უფრო მაღალია. მე მაქვს შეგნებული, რომ სახელმწიფო რადიოში ვმუშაობ. სახელმწიფო ბიუჯეტი მაფინანსებს, მაგრამ ეს არ არის ხელისუფლების ბიუჯეტი. ეს არის ჩემი მსმენელების გადასახადებიდან შექმნილი თანხა და ამიტომ მე უნდა ვემსახურო მსმენელის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ჩემი თავისუფლების ხარისხი უფრო მაღალია. მაქვს ეჭვი, რომ გადავიდე იმ უფრო მაღალაანაზღაურებად რადიოში, მე თავისუფლების ხარისხი შემეზღუდება, რადგან იმ რადიოს ჰყავს თავისი დამფინანსებელი, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს და შეიძლება ჩემი და მათი ინტერესი ყოველთვის არ დაემთხვას ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ ჩემი და მსმენელის ინტერესი ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს."

ტრადიციით, დაბადების დღეს სურვილების ჩათქმაა სასურველი. ვუსურვებ სახელმწიფო რადიოს თანამშრომლებს, მათი და მსმენელის ინტერესი მუდამ ემთხვეოდეს ერთმანეთს. რაც შეეხება დაბადების დღის კიდევ ერთ სასიამოვნო ნაწილს - საჩუქარს, ისე გამოვიდა, რომ საჩუქარი ჩვენ მივიღეთ რადიოს "ოქროს ფონდიდან" - საქართველოს რადიოს პირველი ჩანაწერი. საჩუქარი იმდენად არაჩვეულებრივია, რომ ჩვენს მსმენელს სიამოვნებით ვუწილადებთ. მღერის მარო თარხნიშვილი.

[მარო თარხნიშვილის ხმა]


წიგნის ფესტივალი თბილისში

ბიძინა რამიშვილი:
"ეკონომიკის მაგალითზე ყველაზე კარგად ჩანს, თუ როგორი შუა საუკუნეები დადგა საქართველოში. საქართველოს ეკონომიკა ალბათ, მხოლოდ 2-3 წელიწადი, სადღაც 1995-97 წლები ცდილობდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადასულიყო. შემდეგ ხელისუფლების წევრებმა და მათთან ახლო კავშირის მქონე პირებმა ჩაიგდეს ხელში ძირითადი საშუალებები და კონკურენცია თავის წრეში გადაიტანეს, სადაც მან მკვეთრი პოლიტიკური სახე მიიღო და თავისუფალი ბაზრის ფორმებს საერთოდ დაშორდა". ეს არის მცირე ფრაგმენტი ფილოსოფიის დოქტორის, გიგი თევზაძის ახალი წიგნიდან "საქართველო: ძალაუფლების დაბრუნება", რომელსაც "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" თბილისის წიგნის ფესტივალისთვის დასტამბავს. მეათე სტუდიის წინა გადაცემაში ამ ფესტივალის მზადებაზე მოგითხრობდით. დღეს კი დავით პაიჭაძე გამომცემელსა და მთარგმნელს, ბაკურ სულკაურს ესაუბრება სიახლეებზე, რითაც ფესტივალზე მისი გამომცემლობა წარდგება.

იხ. აუდიოვერსია.


გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შთამომავლები და მიმდევრები

ბიძინა რამიშვილი:
6 მაისს, ძალიან მოკრძალებულად, ნათესავთა ვიწრო წრეში არინიშნა ცნობილი ქართველი მხედართმთავრის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების 131 წლის თავი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკებმა გენერალი მაზნიაშვილი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი უფროს ვაჟთან ერთად 1937 წელს დახვრიტეს და ყველაფერი გააკეთეს თავდადებული გენერლის ისტორიული კვალის წასაშლელად, საქართველოში ცნობილი მხედართმთავარის სახელს ნელ-ნელა ეცლება დავიწყების მტვერი. მისმა მიმდევრებმა, რომელსაც მხარს დეპუტატი გიორგი ყარყარაშვილიც უჭერს, სერიოზული მუშაობა წამოიწყეს გენერალ მაზნიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად.

კობა ლიკლიკაძე:
6 მაისს ძალიან მოკრძალებულად, ნათესავთა ვიწრო წრეში, აღინიშნა ცნობილი ქართველი მხედართმთავრის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დაბადების 131 წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკებმა გენერალი მაზნიაშვილი ჯერ გადაასახლეს, შემდეგ კი, 1937 წელს, უფროს ვაჟთან ერთად დახვრიტეს და ყველაფერი გააკეთეს თავდადებული გენერლის ისტორიული კვალის წასაშლელად, საქართველოში ცნობილი მხედართმთავრის სახელს ნელ-ნელა ეცლება დავიწყების მტვერი. მისმა მიმდევრებმა, რომელთაც მხარს დეპუტატი გიორგი ყარყარაშვილიც უჭერს, სერიოზული მუშაობა წამოიწყეს გენერალ მაზნიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი 1872 წლის 6 მაისს, გიორგობა დღეს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა - იქ, სადაც დღესაც არსებობს მის მიერ აშენებული სკოლა და ეკლესია. ამ ეკლესიის აშენება გიორგი მაზნიაშვილმა პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული ჭრილობის შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ სიკვდილს მისმა მფარველმა წმინდა გიორგიმ გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილ ქართველ გენერალს თავად იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ქალიშვილები მკურნალობდნენ, ხოლო მაზნიაშვილის ქალიშვილი ანა რუსეთის ხელმწიფის ნათლული ყოფილა. ქალიშვილის მხრიდან გენერლის შთამომავლის, თბილისში მცხოვრებ ქალბატონ თაიგული დეგილიძის თქმით, იმ სახლში, სადაც თავის დროზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ცნობილი მხედართმთავარი ცხოვრობდა, დღესაც ინახება უძვირფასესი რელიკვია, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ნათლულისთვის უჩუქებია:

[თაიგული დეგილიძის ხმა]

ცნობილია, რომ ხელში დაჭრილი გენერალი მაზნიაშვილი საქართველოში დამოუკიდებლობის დროს ჩამოვიდა და მაშინვე ჩაება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ქართული არმიის ჩამოყალიბების საქმეში. გენერლის ბიოგრაფიის ეს პერიოდი ბოლო დროს არაერთმა ქართველმა ისტორიკოსმა შეისწავლა. ერთი წლის წინ კი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "წმინდა ილია მართლის საძმო" შეიქმნა, რომელიც, ამ სახელწოდების პარტიული ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სულიერი ფასეულობების მოვლა-პატრონობას ცდილობს. ორგანიზაციის წარმომადგენლის ნუგზარ სამხარაძის თქმით, მათ საგანგებოდ შეისწავლეს გენერალ მაზნიაშვილის ბიოგრაფია, მოიძიეს ისტორიული დოკუმენტები და გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გენერალ მაზნიაშვილზე. საქართველოში დაბრუნებული, ჯერ კიდევ ჭრილობაშეუხორცებელი, მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდა ქართულმა ჯარმა პირველი ბრძოლა გურია-აჭარის საზღვარზე თურქ ინტერვენტებს გაუმართა.

[ნუგზარ სამხარაძის ხმა]

სამშობლოს სიყვარულმა აიძულა გენერალი მაზნიაშვილი ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულიყო, მიუხედავდ იმისა, რომ კარგად იცოდა, რაც მოელოდა ბოლშევიკურ სახელმწიფოში. 12 წლის განმავლობაში გენერალი მაზნიაშვილი მშობლიურ სოფელ სასირეთში ცხოვრობდა, თავის ოჯახთან, ორ ვაჟთან და ერთ ქალიშვილთან ერთად. სოფელში ყოფნის დროს იგი ჩამოშორდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ქართული ჯარების ყოფილ მთავარსარდალთან მხოლოდ ინტელიგენციის წარმომადგენლები და ქართველი მწერლები განაგრძობდნენ ურთიერთობას. სოფელ სასირეთში მან წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და სკოლის აშენება მოასწრო. 1937 წელს გენერალი მაზნიაშვილი ვაჟიშვილთან ერთად დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისმა მეორე შვილმა კი თავს იმით უშველა, რომ გაიქცა ბაქოში, სადაც ამჟამად მისი შვილთაშვილიშვილი პატარა გიორგი მაზნიაშვილი ცხოვრობს. საქართველოში კი დარჩნენ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შთამომავალნი ქალიშვილის მხრიდან. მათ ცნობილი წინაპრის სახლის დაბრუნება მხოლოდ 70- იან წლებში მოახერხეს, პოეტ იოსებ ნონეშვილის დახმარებით.

1989 წელს, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შემდეგ, სახლთან, სადაც გენერალი მაზნიაშვილი ცხოვრობდა, ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი დისიდენტები. 1991 წელს კი პირველმა ეროვნულმა ხელისუფლებამ სახლს მუზეუმის სტატუსი მიანიჭა. თუმცა 12 წლის შემდეგაც კი ვერ ხერხდება სახლ-მუზეუმის ამოქმედება, რადგან ქალაქის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ადგილი მიეჩინა პირველ სართულზე განლაგებული საბავშვო ბაღისთვის. გენერალ მაზნიაშვილის მიმდევრები არ აპირებენ საკითხის ფორსირებას ძალიან მარტივი მიზეზის გამო: სახელი გენერლისა, რომელიც სკოლას აშენებდა, არ შეიძლება საბავშვო ბაღთან დაკავშირებული სკანდალით ან გაუგებრობით შეიბღალოს.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


რიხარდ ვაგნერი - 190

[მუსიკა. "ლოენგრინის" უვერტიურა]

ბიძინა რამიშვილი:
"ბუმბერაზი ხელოვანი", "უნიჭო ფილისტერი", "საკაცობრიო სატკივარით შეპყრობილი გმირი", "უსინდისო ეგოისტი", "თანამედროვე მუსიკის მამა", "ნაციონალ-სოციალიზმის შემამზადებელი" და სხვა და სხვა... ძნელად იპოვით ხელოვანს, რომლის შესახებაც ამდენი განსხვავებული აზრი ყოფილიყოს. საქმე ეხება ზუსტად 190 წლის წინათ ლაიფციგში დაბადებულ რიხარდ ვაგნერს, მუსიკალური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურას, რომელმაც უზარმაზარი დაღი დაასვა მის შემდგომ დროინდელი მუსიკალური და არა მხოლოდ მუსიკალური ხელოვნების განვითარებას.

ვაგნერის გამო დავა დღემდე გრძელედება. დავა მისი მუსიკის და დავა მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიციის გარშემო. თუ რამდენად წინააღმდეგობრივია ვაგნერის ფენომენი, ამაზე თავად კომპოზიტორის შთამომავალთა შორის არსებული დაპირისპირებაც მეტყველებს. ერთ-ერთ მათგანს, ვაგნერის შვილიშვილის შვილს, მუსიკათმცოდნეს და პუბლიცისტს, გოტფრიდ ვაგნერს რამდენიმე დღის წინათ ვესაუბრე, როცა იგი პრაღაში გვესტუმრა. ეს მეამბოხე მრავალი წელია, დაუპირისპირდა თავის ოჯახს და თავისი კრიტიკული პოზიციის გამო მას "ვაგნერის ხელოვნების ტაძრად" წოდებულ ბაიროითში ჩასვლაც კი ეკრძალება.

მოდი, ვნახოთ, რას ფიქრობს გოტფრიდ ვაგნერი რიხარდ ვაგნერზე.

ბიძინა რამიშვილი:
ბატონო ვაგნერ, მოგესალმებით რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციაში. თქვენ საკმაოდ ვაგნერიანულ რედაქციაში მოხვდით. ხუმრობა იქით იყოს, ვაგნერი ძალზე მნიშვნელოვანი ფენომენია - და არა მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით - და მას არც საქართველოში უგულებელყოფენ. თქვენთვის რა არის რიხარდ ვაგნერი?

გოტფრიდ ვაგნერი:
უპირველეს ყოვლისა, რიხარდ ვაგნერი მე-19 საუკუნის ოპერის ისტორიის ცენტრალური ფიგურაა. რიხარდ ვაგნერმა ოპერის ყველა ელემენტი თვითონ შექმნა, ე.წ. "ხელოვნების ერთიანი ნაწარმოები" მოგვცა: ეს მოიცავს პარტიტურის ყველა დეტალს, მან თეორიები შექმნა, ოპერის საკუთარი თეატრი ააგო ბაიროითში და საკუთარი გაზეთიც კი დააარსა. რიხარდ ვაგნერი ოპერას, როგორც მედიუმს, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებდა.

მას გერმანიისთვის დიდი ოცნებები ჰქონდა, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ბაიროითის ფესტივალს და თავის ხელოვნებას იგი მიიჩნევდა ისეთ რამედ, რასაც გავლენა უნდა მოეხდინა ევროპაზე, გერმანიაზე, რომელსაც იგი ევროპის მოწინავე ერად მიიჩნევდა.

ბ.რ.: მისთვის ეს მიზანი იყო თუ საშუალება?

გ.ვ.: ოპერა მისთვის საშუალება იყო პოლიტიკის გასატარებლად.

ბ.რ.: რას გვეტყოდით ვაგნერის გავლენაზე მის შემდეგდროინდელ კულტურაზე. ვაგნერმა ხომ უზარმაზარი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მუსიკაზე და, საერთოდ, ხელოვნებაზე...

გ.ვ.: ... და, მე ვიტყოდი, კულტურის პოლიტიკაზე. პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ, როგორ ვიცით, სრულიად კონკრეტული ისტორიული კავშირი იყო ვაგნერის შემოქმედებასა და ნაციონალ-სოციალიზმს შორის. განსაკუთრებით ადოლფ ჰიტლერის მეშვეობით. ვინაიდან ადოლფ ჰიტლერისთვის ვაგნერი იყო კულტურულ-პოლიტიკური მოდელი, როგორც ასეთი.

გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ მასაც ჰქონდა ვაგნერის ოცნებები. რიხარდ ვაგნერი, როგორც ვიცით, აგრესიული ანტისემიტი იყო და ადოლფ ჰიტლერზე მისმა ანტისემიტიზმმა, კულტურის სფეროშიც, ძალიან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გაზვიადებით რომ ვთქვათ, ჰიტლერმა ვაგნერის ბევრი იდეა საბოლოოდ განახორციელა.

ვაგნერი სიცოცხლის ბოლომდე ავითარებდა და სულ უფრო რადიკალურ ხასიათს ანიჭებდა თავის რასისტულ-ნაციონალისტურ თეორიას, რომელმაც მწვერვალი ჰპოვა "პარსიფალში". იგულისხმება "სისხლის განწმენდა". და ამან, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა ჰიტლერზე და მოდელი იყო მისთვის.

ბ.რ.: ვაგნერის მიმდევრები თუ მომხრეები ხშირად ამბობენ რომ ვაგნერი რომ უფრო გვიან დაბადებულიყო, თავად მას არაფერი საერთო არ ექნებოდა ნაციონალ-სოციალიზმთან.

გ.ვ.: სრული სისულელეა. ამბობენ ხოლმე, რომ ვაგნერის თეორიებს არაფერი აქვთ საერთო მის ოპერებთან. არ არის სწორი! "ნიბელუნგის ბეჭედთან" დაკავშირებით ვაგნერი ყოველთვის "ებრაულ კაპიტალზე" საუბრობდა. "პარსიფალი" "სისხლის განწმენდას" ეხება, ეს ძალიან რასისტული რამაა. "ნიურნბერგელ მაისტერზინგერებში" გერმანულის, როგორც სხვებზე უფრო მაღალი კულტურის პროპაგანდა გვაქვს. არ შეიძლება თეორიის და ოპერის განცალკევება.

სრულიად ნათელი, ისტორიულად დადასტურებული კონტინუიტეტი არსებობს ვაგნერსა და ნაციონალ-სოციალიზმს შორის. რიხარდ ვაგნერიც არის პასუხისმგებელი მესამე რაიხისთვის.

[მუსიკა. სამგლოვიარო მარში "ღმერთების დაისიდან"]

ბ.რ.: ბატონო ვაგნერ, რამდენად უნიკალურია ვაგნერი ნაცისტებისთვის, როგორც იარაღი ან როგორც საფუძველი? მაგალითად, ვაგნერი რომ არ ყოფილიყო, ვინმე სხვას გამონახავდნენ მის სანაცვლოდ?

გ.ვ.: არა, სხვა ვინმეს ვერ გამონახავდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს არც მოვლენათა კონსტელაცია. ვგულისხმობ ვაგნერების ოჯახს, რომელმაც განავითარა მისი თეორიული ნაღვაწი ამ მიმართულებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულიად უცნობი ჰიტლერი ჯერ კიდევ 1923 წელს ჩავიდა ბაიროითში. მასზე ვაგნერის გავლენაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ მას დაწერილი აქვს ოპერა, უვერტიურა, რომელიც ვაგნერის სრული იმიტაციაა. თვით "მაინ კამპფშიც", მერვე თავში, ებრაელებისა და არიელების კულტურაზე როცა წერს რამდენიმე გვერდის მანძილზე, ეს, ფაქტობრივად, ვაგნერის ნაშრომების გადამუშავება და განვითარებაა. ასე რომ, არ შეიძლება კავშირებით კილოში ლაპარაკი - "რა იქნებოდა, რომ...". ნაციონალ-სოციალიზმთან ვაგნერის კავშირი ისტორიულად არის დადასტურებული.

ბ.რ.: მაგრამ, ბატონო ვაგნერ, თქვენი დიდი პაპა არა მხოლოდ ნაცისტებმა გამოიყენეს და განავითარეს. მოდი, ასე დავსვათ საკითხი: რამდენად შეიძლება ვაგნერის გამოყენება, ვაგნერის ინსტრუმენტალიზაცია დღეს?

გ.ვ.: ერთ სახელს ვახსენებ: ანატოლი ლუნაჩარსკი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. იგი უკვე 1933 წელს ამბობს, რომ ვაგნერს, როგორც მასობრივ-ფსიქოლოგიურ მუსიკას საბჭოთა კავშირისთვისაც უდიდესი მნიშვენელობა აქვს. ის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვიცით, მერე რატომაც აღარ მოხდა ეს.
რა თქმა უნდა, რიხარდ ვაგნერი ყოველგვარი ტოტალიტარული სისტემისთვის რჩება მიმზიდველ მასალად. რიხარდ ვაგნერის მანიპულირება იოლადაა შესაძლებელი. მტრის ხატი, პოლარიზაცია, სრულიად არადემოკრატიული საწყისი - რა თქმა უნდა, ყოველივე ეს უკვე მოცემულია რიხარდ ვაგნერის შემოქმედებაში.

ბ.რ.: ამის მიზეზი ისაა, რომ ვაგნერის სამყარო ერთობ რეაქციულია?

გ.ვ.: იგი უპირველეს ყოვლისა ძალიან ტოტალიტარულია. ვაგნერის სამყარო საკუთარ თავში ჩაკეტილი სისტემაა, რომელსაც, ამავე დროს, ყოველთვის შეიძლება მოერგოს და რომელიც შეიძლება აავსოს ტოტალიტარიზმებმა. ერთი მხრივ გვაქვს ძალიან მკაცრი სტრუქტურა. მეორე მხრივ ის გარემოება, რომ მისთვის არსებობს "მხლოდ ერთი ჭეშმარიტება". მონოპოლიზირებას ახდენს. ეს ვაგნერთან ძალიან ძლიერადაა წინასწარ მოცემული.

ბ.რ.: ჩემის აზრით, მონოპოლიზაცია ძალზე მნიშვნელოვანი ცნებაა განსაკუთრებით დღეს, თუკი თვალს მივადევნებთ მასმედიას. ამას ვგულისხმობდი ვაგნერის გამოყენებისა და ინსტრუმენტალიზაციისთვის წინაპირობების არსებობაში.

გ.ვ.: სწორია. ამ თვალსაზრისით მემარჯვენე თუ მემარცხენე ტოტალიტარული სისტემების ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ვაგნერის მიმართ დღეს ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებაა საჭირო. როცა დღეს ვაგნერზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია მისი ბნელი მხარის თავიდანვე წარმოდგენა. ამასთან, სრულიად გარკვევით უნდა ვთქვა: მე რიხარდ ვაგნერისთვის ჩირქის მოცხებას კი არ ვცდილობ. არამედ, ერთი მხრივ გვაქვს ეს წარმოუდგენლად გენიალური სამყარო, რაც ამ კაცმა შექმნა - ვაგნერის გარეშე წარმოუდგენელია მე-20 საუკუნის მუსიკალური თეატრი. არც, საერთოდ, ავანგარდისტი კომპოზიტორები, მაგალითად, შიონბერგი ან მალერი. ანუ სახეზეა უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი. მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს ეს ბნელი იდეოლოგიური მხარე, რომელიც უნდა ნაჩვენები იქნეს. ვაგნერი კვლავაც რჩება ფეთქებად მასალად და ამის გამო სახიფათო მხარეებიც აქვს. მათზე უნდა მივუთითოთ, რათა თავიდან ავიცილოთ აპლოდისმენტები არასწორი მხრიდან.

ბ.რ.: თავად თქვენ რა მუსიკის სმენა გიყვართ?

გ.ვ: ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოცარტს. მაგრამ სადოქტორო დისერტაცია, როგორც მოგეხსენებათ, კურტ ვაილზე დავწერე. ანუ ყველაფერი, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევს; რაც მშვენიერია, მაგალითად, როგორც მოცარტი; რასაც სინათლე შემოაქვს ნაცრისფერ ყოველდღიურობაში.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ მუსიკათმცოდნე გოტფრიდ ვაგნერთან. გადაცემის ბოლოს გთავაზობთ იზოლდას სიკვდილის სცენას მისი დიდი წინაპრის, რიხარდ ვაგნერის ოპერიდან "ტრისტანი და იზოლდა". მღერის კირსტენ ფლაგსტადი. ჩანაწერი გაკეთებულია 1952 წელს ლონდონში. ფილარმონიის ორკესტრს დირიჟორობს ვილჰელმ ფურტვენგლერი.

"მეათე სტუდიის" დღევანდელი გამოშვება პრაღაში მოამზადა ბიძინა რამიშვილმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა. "ტრისტანი და იზოლდა"]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG