Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კიდევ ერთი კრიმინალური თავდასხმა მოხდა


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოხშირებული კრიმინალური თავდასხმებიდან უკანასკნელი ამ ორი დღის წინ მოხდა. ცხინვალიდან სოფელ ავნევისაკენ მიმავალ მამა-შვილს სოფელ ტბეთთან ნიღბიანი თავდამსხმელები გადაეღობნენ.

მამა დაჭრეს, შვილი ავტომანქანიანად გაიტაცეს და, სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში, სოფლიდან მოშორებით დააგდეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის ორი საქმე აღიძრა: ერთი -გორის სამხარეო პოლიციაში, მეორე კი - ცხინვალში. ნიშნავს თუ არა ორი საქმე გამოძიების გაორმაგებულ ეფექტურობას და რას სთავაზობს გორის პოლიცია მოსახლეობას?

ცხინვალის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე თითქმის მოგვარებულია. აქ, ზოგიერთ სხვა ფაქტორთან ერთად, იგულისხმება ფრონეს ხეობის ქართული მოსახლეობის ინტენსიური მიმოსვლა ცხინვალში. ის, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებისა და პროდუქტის შესაძენად, ასევე სხვადასხვა სახის მომსახურების ობიექტებში ვიზიტის მიზნით, კონფლიქტის ზონის ქართველები, ქარელისა და გორის საგრძნობი სიშორის გამო, ცხინვალში ჩადიან, საერთო საქმისთვის ცუდი არ უნდა იყოს. მამა-შვილი დურგლიშვილებიც იმ საბედისწერო დღეს ცხინვალიდან ბრუნდებოდნენ. მათზე თავდასხმა, უეჭველია, მანქანის გატაცების მიზნით, ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე მოხდა. ცხინვალის მილიციას გამოძიება ჯერ არ დაუსრულებია და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვერც ვერაფერი გამოიძიოს. ასეთ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია, ვის სჭირდება ქართული მხარის მიერ აღძრული ფორმალური სისხლის სამართლის საქმე.
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პოლიტიკურად შეფერილი კრიმინალური ინციდენტები ლამის ყოველდღიურად ხდება. გორის სამხარეო პოლიციაში ასეთ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს ხედავენ: შეწყვიტონ ქართველებმა ცხინვალის იურისდიქციაში მოქცეულ ტერიტორიაზე გადაადგილება. რამდენად პოლიტიკურია, თავის მხრივ, ეს რჩევა, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერც ერთი და ვერც მეორე მხარის პოლიცია თავის უშუალო მოვალეობას თავს ვერ ართმევს. შესაბამისად, მოსახლეობა ადგილებზე პოლიციის ან პირადი შეიარაღების გაძლიერებას ითხოვს.კონფლიქტის ზონაში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე პაატა ბედიანაშვილი ამ მოთხოვნებს საშიშს და სარისკოს უწოდებს.
[პაატა ბედიანაშვილის ხმა] "ეს რომ მომხდარიყო ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მაშინ კიდევ ვიტყოდით, რომ ჩვენი პოლიცია ან არასათანადოდ აკონტროლებს, ან ვერაფერს ვერ აკეთებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში 10 კაცი და 100 კაციც რომ დაამატო, ხომ...ცხინვალში რომ შევიდეთ, მაშინ ომი უნდა დაიწყოს, ხომ?თავისთავად აზრი არა აქვს, მანდ რამდენი კაციც გინდა იყოს, არა?!" [ სტილი დაცულია]
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა დავით ქობლიანიძემ მამა-შვილ დურგლიშვილებზე თავდასხმის გამო პასუხისმგებელ მხარედ შერეული სამშვიდობო ძალები მიიჩნია. სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის უფროსი მიხეილ ქებაძე რწმუნებულის ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება.
[მიხეილ ქებაძის ხმა] "ანალოგიური ხდება თბილისში, ანალოგიური ხდება გორში და ანალოგიური ხდება მთელს მსოფლიოში. პასუხისმგებლობა ჩვენ რატომ მოგვეთხოვება? რახან კონფლიქტის ზონაა? კრიმინალი არის ყველგან კრიმინალი. იმ დამნაშავეს ნაციონალობა არა აქვს. ვინ დაადგინა ისა, რომ ის ოსმა გააკეთა? იქნება ქართველის გაკეთებულია?"
სხვათა შორის, ქართულ-ოსური კონფლიქტი მოგვარებულია არა მარტო საყოფაცხოვრებო, არამედ კრიმინალურ დონეზეც. ეს არაერთხელ დაადასტურეს კონფლიქტის ზონაში მოქმედმა ერთობლივმა კრიმინალურმა ბანდებმა, რომლებიც არც ისეთი მოუხელთებლები ჩანან, როგორც ამას ხელისუფლება და პოლიცია ამტკიცებს.
XS
SM
MD
LG