Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შესთავაზებს ოპოზიცია ამომრჩეველს


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ლიდერები ხშირად აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელია საზოგადოების მაღალი აქტიურობა. სახელისუფლო ლიდერები და

სახელმწიფო ტელეარხების ჟურნალისტები კი ფრთხილ ეჭვს გამოთქვამენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა.

არჩევნების მიმართ ინტერესი, ალბათ, დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორზე, თუ რას შესთავაზებს ქვეყნის მოსახლეობას, ერთი მხრივ, ხელისუფლება და, მეორე მხრივ, ოპოზიცია.

დღეს მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ რას სთავაზობენ ამომრჩეველს ოპოზიციური პარტიები.

ერთადერთი კონკრეტული დაპირება, რაც საზოგადოებას ოპოზიციის ლიდერებისგან ესმოდა, იყო დაპირება გაერთიანების შესახებ. ამ თემაზე საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, აკაკი ასათიანი, დავით ბერძენიშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი.

დღეს უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ბანაკი არჩევნებში შეიძლება წარდგეს მხოლოდ ორი სახით. პირველი: რამდენიმე პარტია გაერთიანდება, ხოლო დანარჩენები ამომრჩევლის წინაშე ცალ-ცალკე სუბიექტებად წარდგებიან. მეორე: ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად გამოვა.

დაპირებული გეგმის განხორციელება, ე. ი. ერთიანი ბლოკის შექმნა, მოსალოდნელი აღარ არის.

გაერთიანება შედეგიანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა ოპოზიციური პარტია ერთ საარჩევნო ბლოკში მოიყრიდა თავს. ასეთი ბლოკი საზოგადოებას პოზიტიურ პროგრამას ვერ წარუდგენდა, რადგან ლიდერები ვერასოდეს შეთანხმდებოდნენ სამომავლო გეგმებზე. მაგალითად ისიც კმარა, რომ ზოგს სტრატეგიული დარგების ნაციონალიზაცია სურს, ზოგს კი სახელმწიფო ინსტიტუტების რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა ეკონომიკაში. ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთიანი ოპოზიციური ბლოკი ამომრჩეველს მკაფიოდ და დამაჯერებლად შესთავაზებდა საკუთარ თავს ამჟამინდელი ხელისუფლების ალტერნატივად.

მაგრამ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლეიბორისტები და ახალი მემარჯვენეები ვინმესთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ, რაც დანარჩენების გაერთიანებას აზრს უკარგავს.

ოპოზიციის შეუთანხმებლობა ყველაზე მეტად, ცხადია, ხელისუფლებას ახარებს. მაგრამ თავად პარტიების საარჩევნო ამოცანაც რთულდება: ისინი ერთმანეთის შესაძლო პარტნიორებიდან დაუნდობელ კონკურენტებად გარდაიქმნებიან. ამ ვითარებაში თითოეულმა პარტიამ ამომრჩეველს უნდა შესთავაზოს არა ზოგადად ხელისუფლების შეცვლა, რაც პარტნიორების გარეშე შეუძლებელია, არამედ კონკრეტული, პოზიტიური და დამაჯერებელი პროგრამა.

არადა, ჩვენს რეალობაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამომრჩეველს მკაფიოდ გაეცნობიერებინა განსხვავება პარტიების საარჩევნო პროგრამებს შორის და საკუთარი არჩევანი ამ ფაქტორზე დაეფუძნებინა. ჯერჯერობით ოპოზიციური პარტიები ორი ტაქტიკით მოქმედებენ: ან ერთმანეთს ლანძღავენ, რაც ამომრჩეველს აბნევს; ან მოსახლეობას იმით აშინებენ, რომ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს და თავად კი არსებითი ცვლილებებისთვის ემზადებიან. არადა, არავინ იცის, სურს თუ არა რიგით მოქალაქეს მკვეთრი ცვლილებები. არ არის გამორიცხული, ბევრმა იმგვარად წარმოიდგინოს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში იმასაც დაკარგავს, რაც აქამდე შეუკოწიწებია.

ფაქტია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლებით უკმაყოფილო ელექტორატს მხარდაჭერის ძლიერ სტიმულს მისცემდა. სხვა შემთხვევაში კი ოპოზიციის დავით გაღიზიანებულმა და გაურკვეველი ცვლილებებით დაშინებულმა მოსახლეობამ იქნებ, მართლაც, თავი შეიკავოს არჩევნებში მონაწილეობისგან. რეალური პროგრამები, რომლებიც ამომრჩეველს იმედს ჩაუსახავდა და თანადგომის სურვილს აღუძრავდა, ჯერჯერობით არ ჩანს. უფრო მეტიც, ჩვენში საერთოდ არ არსებობს არც პროგრამების წერის და არც მათი კითხვის კულტურა. ამ პირობებში ოპოზიციურ ლიდერებს ცალ-ცალკე მოუწევთ შერკინება უშუალოდ ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტთან. ამბიციების მიუხედავად, დანაწევრებული ოპოზიციისთვის ეს ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება.
XS
SM
MD
LG