Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცავი ჯგუფების კრიტიკა ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის მიმართ მძაფრდება


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი კავკასიის ერთ- ერთი უდიდესი პროექტია, მაგრამ ადამიანის უფლებათა და, ასევე, გარემოს დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მილსადენი,

რომელიც სამ წელიწადში უნდა ჩადგეს მწყობრში, ზიანს მეტს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს. მათი აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია, მილსადენი გააძნელებს ადამიანის უფლებათა დაცვის პირობების შესრულებას. ამასთან, ამ პროექტის ავტორები არ იცავენ ეკოლოგიურ პირობებს.

თბილისი- ბაქო- ჯეიჰანის მილსადენი 3 მილიარდი დაჯდება. ის 2005 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელსაც უცხოეთი აფინანსებს. ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო ორგანიზაციის "ამნესტი ინტერნეშნელის" ლონდონის ფილიალმა განაცხადა, რომ იურიდიული ხელშეკრულებები, რომლებიც პროექტთან დაკავშირებით დაიდო, განსაკუთრებით თურქეთს შეუშლის ხელს მშრომელთა უფლებები დაიცვას. "ამნესტის" თანამშრომელმა სარა გრინმა ჩვენი რადიოს თანამშრომელს უთხრა, რომ თურქეთი დათანხმდა, მშენებლობის შეყოვნების შემთხვევაში კომპენსაცია გადაუხადოს მილსადენის მშენებელ კონსორციუმს მაშინაც კი, თუ შეფერხების მიზეზი მშრომელთა უფლებათა დაცვის საკითხთან იქნება დაკავშირებული:
[გრინის ხმა]
"ეს ნიშნავს, რომ თუკი თურქეთი ოდესმე ჩაერევა ამ მილსადენის მშენებლობაში ან მუშაობაში, - მაგალითად, ისურვებს მუშათა უსაფრთხოების დაცვას ან პროექტის შემოწმებას, ან არასრულწლოვან ახალგაზრდებს მოუწოდებს არ იმუშაონ მშენებლობაზე, ან კიდევ ვადებში ჩაერევა, რათა მათთვის, ვისაც მიწა დაატოვებინეს, უკეთესი კომპენსაცია მოიპოვოს, - თუკი თურქეთი, აი, ამგვარად ჩაერევა, ის მოვალე იქნება გადაუხადოს კონსორციუმის ფირმებს. ეს დიდად უშლის ხელს ადამიანის უფლებების დაცვას". მშენებლობის საფასური, ძირითადად, მოდის უცხოეთიდან, საზოგადოებრივი და პირადი ფონდებიდან. გამოთქმული კრიტიკა კიდევ უფრო გაართულებს კონსორციუმის კომპანიებისთვის, "ბრიტიშ პეტროლიუმისთვის", ამ ფონდების გაზრდას. გრინმა განაცხადა, რომ "ამნესტი" ახლა მოითხოვს მილსადენთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ჩართულ იქნეს ადამიანის უფლებების დამცველი პუნქტი. თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა უკვე მოაწერეს ხელი განცხადებებს, რომ ნავთობსადენის მშენებლობა და მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვისა და საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს ეთანხმება. ეს დაადასტურა "ბრიტიშ პეტროლიუმის" ლონდონის პრეს-ოფისის წარმომადგენელმა როდ კენედიმაც, რომელმაც ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ნავთობსადენი მთელ სიგრძეზე მიწაში იქნება ჩაფლული და მიწისზედა ტერიტორია ძველ მფლობელს დაუბრუნდება. შუა და აღმოსავლეთ ევროპის ეკოლოგიურ ორგანიზაციათა გაერთიანებას კი მიაჩნია, რომ კონსორციუმის მხრივ ამ პროექტით გათვალისწინებული გარემოს დაცვის პირობები არ შეესაბამება მოთხოვნას. ამ ეკოლოგიური გაერთიანების კავკასიის რეგიონის კოორდინატორია მანანა ქოჩლაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმოადგენს. აი, რა უთხრა მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს: [ქოჩლაძის ხმა]
"ნავთობსადენის ალტერნატიული მარშრუტი არ არსებულა. პროექტის სპონსორები ერთ მარშრუტს უჭერდნენ მხარს. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ,რომ, თუმცა მარშრუტი ერთობ ფაქიზ რაიონებზე გადის, ბუნებას ზიანი არ მიადგებოდა. რა თქმა უნდა, არავის შეუძლია გარანტიის მოცემა, რომ არ მოხდება ავარია პროექტის მოქმედების 40 წლის მანძილზე. წყლის რესურსებს იქ დიდი საფრთხე ემუქრება".
მანანა ქოჩლაძის თანახმად, თურქეთში ნავთობსადენი გადაკვეთს საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვან რაიონებს - ორ მათგანს თურქეთის კანონი იცავს - და კიდევ 49 ეკოლოგიურად ფაქიზ არეალს. საქართველოში გარემოს დამცველებს და მეცნიერებს აღელვებთ ის, რომ ნავთობსადენი ბორჯომის ხეობაში გაივლის. მინერალური წყლისთვის, ქოჩლაძის თანახმად, ნავთობის გაჟონვას სავალალო შედეგი მოჰყვება. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ასევე ირწმუნება, რომ, ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ადამიანის უფლებათა დამცველები ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაბამისი კონსულტაციები არ ჩატარებულა. თურქეთის ქურთი მოსახლეობის უფლებათა დაცვას ემსახურება ლონდონში მოქმედი საგანგებო პროექტი, რომელსაც ანდერს ლუსტგარტენი წარმოადგენს. მისი თქმით, თურქეთის ქურთებით დასახლებულ ზოგიერთ რეგიონში "ბრიტიშ პეტროლიუმის" წინამძღოლობით მოქმედმა კონსორციუმმა მოსახლეობას საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდა:
[ლუსტგარტენის ხმა]

"ოთხი ჯგუფი გავგზავნეთ, რომლებმაც ნავთობსადენის მთელი სიგრძის სხვადასხვა მონაკვეთი შეამოწმეს. დავადგინეთ, რომ "ბიპიმ", რომელმაც, ჩვენი კრიტიკის საპასუხოდ, შესაბამის რეგიონებში კონსულტაციების ჩატარება იკისრა, ქურთებით დასახლებულ რეგიონებში ისინი არ ჩაუტარებია. ქურთების ისტორიისა და თანამედროვე პოლიტიკური წნეხის გამო, შეუძლებელია, ხალხმა უარი უთხრას პროექტს. ასე რომ, კონსულტაციები ამ რეგიონში არ ჩატარებულა. მათ ჩატარებულად არ მივიჩნევთ არც აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ვაჟი ხალხზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით, ზეწოლას ახდენს და მუქარით აიძულებს, ითანამშრომლოს მილსადენის პროექტთან". ლუსტგარტენის თქმით, მილსადენის მიმდებარე რაიონებში მცხოვრებ ხალხს სამართლიანად არ უნაწილდება პროექტის შემოსავალი. მისი თქმით, პროექტის საშუალებით სამუშაო ადგილების მცირე რაოდენობა იქმნება, რადგან მუშახელი უცხოეთიდან მოჰყავთ.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG