Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2004 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სენსაციურს უწოდებს


საქართველოს ფისკალურ სფეროში შექმნილი პრობლემები და ქვეყნის ბიუჯეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი ინტერესისა და პერმანენტული გაწბილების საგანია. უამრავი თეორიული მოსაზრების მიუხედავად,

წინასწარ მაინც ძნელი სათქმელია, რა კორექტივებს შეიტანს ფონდი საქართველოსთან ურთიერთობაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება- მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე 65 მილიონი ლარით გაირღვა. როგორც ჩანს, მიმდინარე წლის ბიუჯეტზე არანაკლებ არარეალისტური იქნება მომავალი 2004 წლის ბიუჯეტიც, რომლის პროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს.ამ პარამეტრებზე წინასწარი დასკვნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემაც გააკეთა.


მიმდინარე 2003 წლის ბიუჯეტის შესრულების კრიზისული მდგომარეობა წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად იქცა და ეს მოსალოდნელიც იყო. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა გათვლის მიხედვით, წლის ბოლომდე ბიუჯეტის, საშუალოდ, 200- 250 მილიონი ლარით სეკვესტრია მოსალოდნელი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე, თავის მხრივ, საბიუჯეტო წლის პირველ ნახევარში არსებული მდგომარეობით, 100 მილიონიანი სეკვესტრის პროგნოზს აკეთებს და დასძენს, რომ წლის მეორე ნახევარი, ამ მხრივ, უფრო დაძაბული იქნება. იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არაერთგზის დაწუნებული არარეალისტური მიდგომები, სამწუხაროდ, აშკარაა მომავალი 2004 წლის ბიუჯეტის პარამეტრების გაანგარიშებისასაც. ამ გაანგარიშებებს რომან გოცირიძე სენსაციურს უწოდებს. 2004 წლის ბიუჯეტის სენსაციურობა რამდენიმე მიმართულებითაა გამოხატული. პირველი და მთავარი ისაა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი, 2003 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ნაკლები მოცულობით დაიგეგმა. ასეთ ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება საგარეო ვალების მომსახურების ხვედრითი წილი, რაზეც მთელი ხარჯების 19 პროცენტია გათვალისწინებული. რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რეალურად საქართველოს მთავრობა 2004 წლისათვის არ გეგმავს ვალების რესტრუქტურიზაციას პარიზის კლუბში. აქედან გამომდინარე, ვალების მომსახურების ტვირთის ზრდის გამო, 2004 წელს ბიუჯეტის ძირითად ხარჯებზე, 2003 წელთან შედარებით, 37 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯება.
შესაბამისად შემცირდება ისეთი სტრატეგიული სფეროების დაფინანსება, როგორიცაა: თავდაცვა, უშიშროება და სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელფასო ფონდზე.
და კვლავ - ბიუჯეტის პროექტის პოლიტიზირების მცდელობა და სენსაცია საქართველოს რეგიონების დისკრიმინაციის ნიშნით. აჭარას საბიუჯეტო შეღავათები კიდევ სამი წლის ვადით გაუხანგრძლივდება, თუ, რა თქმა უნდა, 2004 წლის ბიუჯეტის ამ ნაწილს უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლოს დებატებისა და განქიქების საგნად არ აქცევს.

[რომან გოცირიძის ხმა]"იქმნება თუ არა რეგიონში ამ მოცულობის მთლიანი შიდა პორდუქტი? რა თქმა უნდა, არ იქმნება. მაშინ რის ხარჯზე არის აჭარის ბიუჯეტი უფრო დიდი, ვიდრე 7 მხარის ბიუჯეტი, ერთად აღებული? იმის ხარჯზე, რომ მას აქვს ასეთი შეღავათიანი ნორმატივები."


სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ბათუმის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას ქვეყნის მთავრობა მესამედ ცდილობს. პირველ შემთხვევაში პრეზიდენტმა ამ გარიგებით აჭარაში საარჩევნო ხმების უმრავლესობა მოიპოვა, შედეგად კი ცენტრისადმი საბიუჯეტო დაუმორჩილებლობა მოიმკა. რა პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება საბიუჯეტო ლოიალობის ახალი ეტაპი აჭარის მიმართ? ამ კითხვაზე პასუხი ძნელი მოსაძებნი არ არის.
XS
SM
MD
LG