Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებელთა ხელფასების დაგვიანება - პოლიტიკური თუ ფინანსური პრობლემა


თბილისის მერიას საშუალო სკოლების პედაგოგების მიმართ 8 მილიონი ლარის სახელფასო დავალიანება დაუგროვდა. ამას განათლების მუშაკთა პროფკავშირების, თბილისის საკრებულოს,

განათლების სამინისტროსა და თავად თბილისის მერიის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მხარეთა დაპირისპირება ისე გაღრმავდა, რომ მასწავლებელთა სახელფასო დავალიანება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემადაც კი იქცა.

დედაქალაქის საშუალო სკოლების მასწავლებლებს ჯერაც არ მიუღიათ მაისის თვის ხელფასი. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე, 25 ივნისამდე, ვერ შეძლებს დაარიგოს როგორც ივნისის თვის ჯამაგირი, ასევე საშვებულებო თანხები.

მასწავლებელთა ხელფასის გაცემა ადგილობრივი ბიუჯეტების პრეროგატივაა და ის დაცულ მუხლად ითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში თანხის აღმოჩენისთანავე ის დაცული მუხლების შესასრულებლად უნდა დაიხარჯოს. თუმცა თბილისის მთავრობა საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის განხორციელებას აგრძელებს და საცხოვრებელი სახლების სახურავებისა და ლიფტების შესაკეთებლად კრედიტებსაც კი იღებს.

ეს მხედველობიდან არ გამოეპარა სააკაშვილთან დაპირისპირებულ განათლების მინისტრს ალექსანდრე კარტოზიას და სპეციალური განცხადებით თბილისის საკრებულოს მასწავლებელთა ხელფასების გაუცემლობა უსაყვედურა. საკრებულოს თავმჯდომარემ ეს საყვედური დედაქალაქის ბლოკირებაში ცენტრალური ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დასადანაშაულებლად გამოიყენა.

როგორც ჩანს, ამ ვითარების გამო არც ქალაქის მთავრობა და მერი დარჩა მრავალმხრივი საყვედურის გარეშე. მერია თავის მართლებას წინა თვეების ხელფასების დროულად გაცემითა და ატეხილი აჟიოტაჟის პოლიტიკურ მოტივებზე აქცენტის გადატანით შეეცადა. თბილისის მერის ვანო ზოდელავას მთავარი მრჩევლის მანანა ნიკოლეიშვილის განცხადებით, წინა თვის ხელფასების გაცემა, როგორც წესი, მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე ხდება.

[ნიკოლეიშვილის ხმა] „ორი კვირით ადრე ატეხეს აჟიოტაჟი, რომ ხელფასები და ის... აქ არის აბსოლუტურად პოლიტიკური დაკვეთები და პოლიტიკური მომენტები. მე ვუწოდებ ამას სოციალური დემაგოგიის მძლავრ გაგრძელებას. 25-თვის რომ დარიგდეს ხელფასები, მაშინ რას იზამენ? ჩვენდა სამწუხაროდ, დაიწყო ყველაზე საშიში სიტუაცია, ეს არის განათლების სისტემის პოლიტიზაციის თემა."[სტილი დაცულია]

აჟიოტაჟის შექმნა კი განათლების მუშაკთა პროფკავშირების დამსახურებაა. მათმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[მანანა კობახიძის ხმა] „დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, მსოფლიოს რომელიმე წერტილში, სადაც არსებობს პროფკავშირები და მათ არ უნდა მოახდინონ ასეთ ფაქტებზე რეაგირება. არავითარი პოლიტიკა ამაში არ დევს. ერთადერთი ჩვენი პროფკავშირული პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ვარსებობთ იმისთვის, რომ დავიცვათ მასწავლებელთა ინტერესები. ახლა, უბრალოდ, ყველაფრის გამოყენება მიდის ყველასგან. აი, ასეთი მომენტი დადგა საქართველოში."[სტილი დაცულია]

პროფკავშირი მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის - მათ შორის, საპროტესტო აქციების - გამოყენებას აპირებს. თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ეს აქციებიც დაინტერესებულმა მხარეებმა წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.
XS
SM
MD
LG