Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვებრძოლოთ სიღარიბეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 25 ივნისს მთავრობის სხდომამ საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა - წინასწარი პროგნოზების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტს არც რაიმე საკადრო ცვლილება გაუტარებია და არც ხელისუფლების ერთმანეთზე

სამკვდრო-საციცოცხლოდ გადამტერებული ზოგიერთი წარმომადგენლის შერიგება უცდია. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, ხელი მოაწერა საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამას, რომელიც ამ ერთი კვირის წინ მან შენიშვნებით დაუბრუნა მთავრობას. მოგითხრობთ მთავრობის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.



მთავრობის სხდომის წინა დღეს პრეზიდენტის შეხვედრამ თავის რწმუნებულებთან ბევრ ჟურნალისტურ ვერსიას დაუდო სათავე - თითქოს, პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტდა საკადრო ცვლილებების გატარებას და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს დაემშვიდობებოდა. ყოველ შემთხვევაში, შეხვედრიდან გამოსული რწმუნებულები რაიმე კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებდნენ და მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ყველაფერი მთავრობის სხდომაზე გაირკვევა.
მთავრობის სხდომაზე კი ის გაირკვა, რომ პრეზიდენტმა, ბოლოს და ბოლოს, ხელი მოაწერა სიღარიბის პროგრამას. არადა, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ასევე მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტმა ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის კახა უგულავას რეკომენდაციით, ის შენიშვნებით დაუბრუნა ავტორებს. მისი კომენტარი ასე ჟღერდა:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " თუ ჩვენი დღევანდელი პროგრამა არ შეიცავს ქვეყნის მობილიზაციის ელემენტს, მობილიზაციის ფაქტორს კორუფციის დასაძლევად, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ წინ ვერ წავალთ. და ბევრი საუკეთესოდ შედგენილი დებულებები და სქემები შეიძლება ქაღალდზე დაგვრჩეს."
სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამის მიზანია 2015 წლამდე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა და სიღარიბის არსებითი შემცირება. უკიდურესი სიღარიბის ზღვრის მიმართ სიღარიბის დონე 2001 წელს 14%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 1999-2001 წლებში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა. სიღარიბის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია რეგიონების მიხედვით. სიღარიბის განსაკუთრებით მკვეთრი ზრდა აღინიშნება კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, შედარებით კლება - თბილისსა და იმერეთში.
სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არჩევანი შემდეგ პრიორიტეტებზე გაკეთდა: სახელმწიფო მმართველობის გაუმჯობესება; მაკროეკონომიკური სტაბილურობა; სტრუქტურული და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესება; ადამიანური კაპიტალის განვითარება; რისკების მართვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების გაუმჯობესება; პოსტ-კონფლიქტური ზონების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
დარჩება თუ არა ქაღალდზე ეს პროგრამა, რომელიც, რეალურად, საკმაოდ ფართოსპექტრიანია და სახელმწიფოს ყველა სფეროს ეხება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაირკვევა. თუმცა 25 ივნისს გაეროს წარმომადგენლობაში ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე დასახელებული ერთი ციფრი ნამდვილად ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში სიღატაკის არსებობას: არაფორმალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის ნარკოტიკი იყიდება.
XS
SM
MD
LG