Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის შეიქმნა ამომრჩეველთა მონაცემების ბაზა და რა შეიძლება მოჰყვეს მის გამოუყენებლობას


საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის 4 თვე რჩება. პარლამენტს საარჩევნო კოდექსი ჯერაც არ მიუღია, შესაბამისად, არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების სადავო საკითხი გადაუწყვეტია.

არსებობს ეჭვი - მოახერხებს და მოასწრებს კი მოქმედი პარლამენტი უკეთესი არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას? და, აი, უკვე გაისმა კიდეც პრეზიდენტის მინიშნება, რომ არჩევნების ძველი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარება ტრაგედია არ იქნება. არადა, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მოქმედი საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიის წინადადებით, საკმაო სამუშაო ჩატარდა ამომრჩეველთა ბაზის დასადგენად. ეს სამუშაო წყალში იქნება გადაყრილი, თუ საარჩევნო ადმინისტრაციები ზუსტი სიებისთვის მუშაობას დროულად არ დაიწყებენ. დრო კი არ ითმენს. ზემოხსენებული ქვეკომისიის ერთ-ერთი წევრი, ყოფილი პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი შიშობს, მომავალი პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი სერიოზული დავის საგნად არ იქცეს. მისი აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არჩევნები მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარდება.


საქართველოში ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ამომრჩეველთა სიების დაუზუსტებლობამ, სიების გაყალბებამ შეასრულა. ეს ხელისუფლებამაც აღიარა და ამ პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა. პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიაში ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ამომრჩეველთა ზუსტი სიების დადგენისა და ამ სიების კომპიუტერიზაციისთვის ამომრჩეველთა მონაცემების ბაზის შედგენა იყო საჭირო. ქვეკომისიის წინადადებით და, რაც მთავარია, პრეზიდენტის 2003 წლის 26 თებერვლის ბრძანებულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება დაიგეგმა და მისი შესრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებს და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს დაევალათ. დავალება დათქმულ ვადაში შესრულდა და, როგორც ამ პროცესზე ზედამხედველთა დასკვნაშია ნათქვამი, “ გარკვეული ნაკლოვანებების მიუხედავად, დავალება დამაკმაყოფილებლად არის შესრულებული, რის შემდეგაც ამ მონაცემთა კომპიუტერიზაცია კარგ საფუძველს შექმნის ამომრჩეველთა სიების მაქსიმალური სრულყოფისათვის. “მაგრამ ეს არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა და მეტი არაფერი. ის ვერ იქცევა ამომრჩეველთა დაზუსტებულ საარჩევნო სიებად, თუ საარჩევნო ადმინისტრაციები დროულად არ ამოქმედდა. საარჩევნო სისტემის სრულყოფის ქვეკომისიის წევრები იზიარებენ აზრს, რომ არჩევნების ნორმალურ პირობებში ჩასატარებლად ამომრჩეველთა სიები იმაზე ადრე უნდა ქვეყნდებოდეს, ვიდრე ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს, რომ ძველი ვადებით მოქმედება არჩევნების უკეთესად ჩატარებისთვის არ გამოდგება. მაგრამ ყველაფერი პარლამენტზეა დამოკიდებული, იმაზე, დარჩენილ მცირე დროში რამდენად დროულად მოხერხდება საარჩევნო ადმინისტრაციათა დაკომპლექტების ახალი წესის მიღება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების ამოქმედება. პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც იქნა, შეთანხმებას მიაღწიეს. ჯერი პარლამენტარებზეა, პოლიტიკოსებზე, ანუ, როგორ ყოფილი დეპუატეტი გია ჟორჟოლიანი აღნიშნავს, არჩევნების პასიურ სუბიექტზე. არჩევნების აქტიური სუბიექტი ამომრჩეველია და, მისი აზრით, არანორმალური სწორედ ის არის, რომ მას არაფერს ეკითხებიან. გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნები ძველებური დარღვევებით ჩატარდა, არჩეული ორგანოს ლეგიტიმურობის საკითხი სერიოზული დავის საგანი გახდება. და რომ ეს ასე არ მოხდეს:

[გია ჟორჟოლიანის ხმა] “საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და პოლიტიკური ძალები აიძულოს მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომელიც აუცილებელია საარჩევნო პროცედურის გაუმჯობესებისათვის.“


“დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებზე საზოგადოებრივი ზეწოლის მიღწევაში გადამწყვეტი როლი მასმედიას აკისრია,”- მიიჩნევს გია ჟორჟოლიანი, - მედიას, რომელიც, მისი თქმით, ნაკლებად აწვდის მოსახლეობას საზოგადოების წარმომადგენლების აზრს და არჩევნების წინ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ორთაბრძოლის გაშუქებით შემოიფარგლება.
XS
SM
MD
LG