Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა მთავრობა დამატებითი შემოსავლების მობილიზებას?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სავალუტო ფონდის ბოლო მისიის შემდეგ დატოვებულ ცნობილ სამახსოვრო ჩანაწერებში, სახელმწიფო ბიუჯეტის 135 მილიონიანი სეკვესტრის პარალელურად,

შემოსავლების 38 მილიონი ლარით გაზრდის რეკომენდაციაც არის დაფიქსირებული. ამ რჩევის შესრულება მთავრობას დღევანდელი ადმინისტრირების პირობებში, ალბათ, გაუჭირდება. რის ხარჯზე აპირებს შემოსავლების ზრდის მიღწევას ხელისუფლება და რა პერსპექტივაა ამ მხრივ?

ორი კვირის წინ დასრულებულ სავალუტო ფონდის მისიას დიდი რეზონანსი მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში; არანაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია იმ დოკუმენტმა, რომელიც მისიის ხელმძღვანელმა პაოლო ნოიჰაუსმა სამახსოვრო ჩანაწერის სახით დაუტოვა მთავრობას და რომელიც, ქართველი ექსპერტების შეფასებით, მეტისმეტად არარეალურად გამოიყურება.

სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, ბიუჯეტის სეკვესტრთან ერთად, შემოსავლების 38 მილიონ 300 ათასი ლარით მატებას გულისხმობს, რის ვალდებულებასაც საქართველოს მთავრობა იღებს. სუსტი ადმინისტრირების და ფისკალური ქაოსის პირობებში თუ რამდენად რეალურია დამატებითი შემოსავლების მიღება, ეს ერთი საკითხია. ამ შემთხვევაში ექსპერტების დავის საგანი გახდა ის ბაზა, რომელიც, ფონდის ჩანაწერების თანახმად, გადასახადების მობილიზების წყაროდ უნდა იქცეს.

რეკომენდაციებში საუბარია სამშენებლო და სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთის ზრდაზე, მობილურ ტელეფონებზე აქციზის დაწესებასა და სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სპეცსახსრებიდან ადმინისტრირების გამკაცრებაზე. ამ უკანასკნელზე დიდი ხანია საუბარია მთავრობაში, თუმცა სახელმწიფო წილის მქონე ობიექტების უმრავლესობა დღემდე წაგებაზე მუშაობს ან ბუღალტრულად აჩვენებს წაგებას. წლობის განმავლობაში ჩამოყალიბებულია ერთგვარი კორუფციული წრე, რომლის ერთი ხელის დაკვრით გარღვევის არც სურვილი და არც შესაძლებლობა დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. შესაბამისად, ამ სფეროდან და, განსაკუთრებით, სპეცსახსრებიდან დამატებითი 15 მილიონის ბიუჯეტში ამოღება საკმაოდ სათუოა.

უფრო ილუზორულად გამოიყურება მობილური ტელეფონების აქციზით დაბეგვრიდან დაგეგმილი 4 მილიონი ლარის დამატებით მობილიზება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად საქართველოში ორი უმსხვილესი ფიჭური კავშირის ოპერატორის აბონენტთა რიცხვი 480 ათასს შეადგენს და ამ ბაზრის სერიოზული ზრდა უახლოეს მომავალში არ არის ნავარაუდევი, ძნელი წარმოსადგენია მთავრობამ დაგეგმილი თანხა ამოიღოს. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის გათვლებით, ამისათვის წლის ბოლომდე სულ მცირე 40 მილიონი ლარის, ანუ, საშუალოდ, 200 ათასი მობილური ტელეფონის აპარატი უნდა გაიყიდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებმა ყოველმა 25-ე ადამიანმა ახალი აპარატი უნდა შეიძინოს, რაც სრული აბსურდია.
რეკომენდაცია ასევე ითვალისწინებს სამშენებლო კოოპერატივების დაბეგვრიდან დამატებითი 2 მილიონი ლარის ამოღებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის სტრუქტურა და ფისკალური ეფექტი ჯერ არ არის შემუშავებული, უძრავი ქონების ექსპერტები ახლავე ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის რეალიზაცია ბინებისა და მშენებლობათა ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს და ეს, როგორც წესი, მყიდველის ხარჯზე მოხდება. თუ ვიგულისხმებთ, რომ ბინის მყიდველთა ძირითადი კატეგორია მეტ-ნაკლებად შეძლებულ ფენას მიეკუთვნება, შესაძლოა, ამ ტიპის გადასახადის დაწესება გამართლებული იყოს, თუმცა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება რომ რეალობას მოკლებულია და ამ ექსპერიმენტს შესაბამისი ეფექტი არ მოჰყვება, ამას ეკონომისტები უკვე დღესვე წინასწარმეტყველებენ.
XS
SM
MD
LG