Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის როლი ერაყში


დავით პაიჭაძე, პრაღა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სერჯო ვიეირა დე მელომ უშიშროების საბჭოსგან რამდენადმე გაურკვეველი მანდატი მიიღო,

რომელსაც ერაყში გაეროს პროფილის გასაფართოებლად იყენებს. ვიეირა დე მელომ სწრაფად დაამყარა ნაყოფიერი ურთიერთობები ერაყში შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრატირთან, პოლ ბრემერთან და, ჩანს, ხელიც შეუწყო ომისშემდგომი ერაყის პირველი მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბებას. ჩვენი მასალა ერაყში გაეროს სპეცწარმომადგენლის როლსა და მნიშვნელობას ეხება.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ ლეგიტიმურობა მიანიჭა ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ ადმინისტრაციას, ხოლო თვითონ გაეროს მთავარი ჰუმანიტარული როლი დაეკისრა, გაურკვეველი პოლიტიკური ამოცანების გადაჭრასთან ერთად.

ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ გაეროს ფუნქციები ერაყში შეზღუდული იქნებოდა, მაგრამ ორგანიზაციის სპეციალურ წარმომადგენლად სერჯო ვიეირა დე მელოს დანიშვნით გაერომ მიანიშნა, რომ არ აპირებს უსიტყვო პარტნიორობა გაუწიოს კოალიციას ერაყში.

ვიეირა დე მელო ბრაზილიელი დიპლომატია. გაეროში 34 წლიანი კარიერის მანძილზე მას ამ ორგანიზაციის ურთულეს მისიებში უმუშავია. ერაყში ის 6 კვირაა, დაინიშნა და გაეროს დამკვირვებელთა აზრით, უკვე გამოავლინა პოლიტიკური ნიჭი, რაც ორგანიზაციის პროფილის გაფართოებითა და გავლენის ზრდით გამოიხატა.

მომავალ სამშაბათს, ვიეირა დე მელო მოხსენებით წარდგება გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. მოხსენებაში ის ურჩევს შეერთებული შტატების ადმინისტრატორს ერაყში, პოლ ბრემერს მიანიჭოს ერაყის ახალშექმნილ მმართველ საბჭოს რეალური ძალაუფლება, რათა განმტკიცდეს საბჭოს, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეპუტაცია. აგვისტოს დასაწყისში ბაღდადში ჩადის გაეროს საგანგებო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გამართავს მმართველი საბჭოს წევრებთან იმაზე, თუ როგორ შეიმუშაონ კონსტიტუცია და ჩაატარონ არჩევნები.

ამჟამად ვიეირა დე მელოს დროებით აღარ უკავია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტი. მანამდე, გასულ წელს, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის რანგში, ის ინდონეზიის ყოფილ პროვინციას, აღმოსავლეთ ტიმორს ეხმარებოდა დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად პოლიტიკური კურსის წარმართვაში. 1999 წელს კოსოვოში მუშაობდა გაეროს ადმინისტრატორად. ნიუ-იორკის მშვიდობის საერთაშორისო აკადემიის მკვლევარი, სიმონ ჩესტერმანი მიიჩნევს, რომ პოსტკონფლიქტური გამოცდილების წყალობით ვიეირა დე მელოს აქვს იშვიათი ცოდნა იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გადამწყვეტ მოქმედებებს ხელისუფლების შეცვლისას.

ვიეირა დე მელო მუდმივად მოძრაობს ერაყში, ხვდება სხვადასხვა ჯგუფებისა და რელიგიურ ლიდერებს. ეს კვირა ერაყის მეზობელი ქვეყნების - საუდის არაბეთის, სირიისა და ირანის ლიდერებთან შეხვედრებში გაატარა.

უილიამ ლუერსი, კვლევითი ცენტრის, გაეროს ასოციაციის პრეზიდენტი და ყოფილი დიპლომატი, ამბობს, რომ ზოგჯერ გაეროს წარმომადგენელს შეუძლია შეხვდეს ისეთ საკვანძო ფიგურებს, რომლებიც მიუწვდომელია ერაყში შეერთებული შტატების ადმინისტრატორის, პოლ ბრემერისათვის.

[ლუერსის ხმა]: "ვიეირა დე მელო ამ საქმის ოსტატია და ვფიქრობ, ის აკნინებს საკუთარ როლს პოლ ბრემერის წინაშე. თუმცაღა, გაცილებით მეტი შეხება აქვს ახალ მმართველ საბჭოსთან, სხვა დაინტერესებულ მთავრობებთან, რომელთაც ბრემერი არ იცნობს. ბრემერმა არ იცის, როგორ იმუშაოს".
XS
SM
MD
LG