Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური ძალების საარჩევნო ამოცანები


გასული საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, მომავალი არჩევნები საქართველოს მოსახლეობისთვის გაცილებით რთული იქნება. 1995 წელს მთავარი ბრძოლა თბილისისა და ბათუმის

პოლიტიკურ ცენტრებს შორის გაიმართა და საპარლამენტო მანდატებიც, ძირითადად, მათ შორის გადანაწილდა.

მომავალი პარლამენტის ბედი ასე იოლად ვეღარ გადაწყდება. ნებისმიერ მოქალაქეს გაცილებით დიდი არჩევანი აქვს, ვიდრე წინა წლებში. პარტიებს შორის კონკურენცია იზრდება და მათი ურთიერთობაც შორს სცდება წინასაარჩევნო თამაშის ფარგლებს.



საარჩევნო კამპანიის სტარტზე პარტიები ერთმანეთისგან მეტად განსხვავდებიან. ამჯერად პოლიტიკური ინტერიერის ზოგად აღწერას შემოგთავაზებთ.

ნაციონალური მოძრაობა მეტად მიზანსწრაფულია. საარჩევნო კამპანიაში თავის აქტივისტებს რთავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. უპირისპირდება ხელისუფლებას, აპროტესტებს პურის გაძვირებას, მართავს მიტინგებს, ქუჩებს კეტავს და შიმშილობს კიდეც. ნაციონალური მოძრაობა არ ერიდება მოსახლეობის ერთი ნაწილის მეორესთან ხელჩართულ დაპირისპირებას. ოღონდ ყველა კონფლიქტი ვერბალურად ფორმდება, როგორც საზოგადოების დაცვა “ერთი მუჭა ბანდიტებისგან”. არჩევნების წინ განსაკუთრებით ენერგიულია პარტიის ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი.

აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებენ გაერთიანებული დემოკრატებიც. წყლის ტარიფის შემსუბუქება და ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრა ის ორი თემაა, რომელიც პარტიამ ბრძოლის ასპარეზად შეარჩია საარსებო მინიმუმის შემდეგ. აქვე შეგვიძლია დავამატოთ ჟვანიას გამოცდილება და ღია საინფორმაციო ველი.

ტრადიციულად დაუღალავია ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მაგრამ ტრადიციულად სუსტია მისი პარტია. ერთადერთი სეგმენტი, რომლითაც ლეიბორისტები ჩნდებიან საზოგადოების წინაშე, თბილისის საკრებულოს ფრაქციაა. შესაბამისად, არ არის ცნობილი, რამდენად ძლიერია პარტიის რეგიონალური სტრუქტურები. შალვა ნათელაშვილის მაღალი რეიტინგი, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს არჩევნებში დაგეგმილი წარმატების მოსაპოვებლად. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ლეიბორისტებმა ყველაზე უჩინარი კამპანია ჩაატარეს, მაგრამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს. შესაძლოა, ისინი საგანგებო საიდუმლოს ფლობენ...

ახალმა მემარჯვენეებმა საზოგადოებას უკვე წარუდგინეს საარჩევნო პროგრამა, რომელიც ფართოდ რეკლამირებულია ტელევიზიით. შედეგად, რიგითმა ამომრჩეველმა უკვე იცის, რომ “ახლები” 900 დღეში ქვეყნის კრიზისიდან გამოხსნას და ხალხის დასაქმებას აპირებენ. მაგრამ, კონკრეტულად, როგორ? ეს ცოდნა ჯერჯერობით მხოლოდ ლიდერების საკუთრებაა, თუმცა სწორედ ამ პარტიას, საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პრობლემა არ გააჩნია.

საარჩევნო კამპანიის სტარტზე ჩრდილში რჩებიან მრეწველები, საზოგადოება ვერ ხედავს მათ აქტიურობას. 1995 წელს ამ პარტიის მხარდამჭერებმა თითოეულ ოჯახს მიუკაკუნეს და ჰკითხეს: “გყავთ უმუშევრები? გნებავთ მათი დასაქმება? ჰოდა, ხმა მიეცით გოგი თოფაძეს.” ოჯახების უმრავლესობას, ცხადია, ჰყავდა უმუშევრები და მრეწველების პარტიაც პარლამენტში აღმოჩნდა. ოღონდ საკითხავია, ამჟამინდელი კონკურენციის პირობებში, რამდენად გაამართლებს ოჯახური აგიტაცია, თუკი მრეწველებმა სხვა არაფერი იღონეს. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ პარტიის ლიდერი გოგი თოფაძე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საქმიანი და არააგრესიული, პოლიტიკურად კომფორტული ლიდერია.

საარჩევნო ასპარეზზე ჯერჯერობით არც “ერთობა” ჩანს. ჯუმბერ პატიაშვილს, ტრადიციულად, მაღალი რეიტინგი აქვს და საარჩევნო სიის პირველ ნომრად ჩაწერილი მისი გვარი წარმატების საწინდარია. მაგრამ “ერთობა” საინფორმაციო უზრუნველყოფის მწვავე დეფიციტს განიცდის, რაც შეიძლება ამ პარტიისთვის მძიმე შედეგით დასრულდეს. საინფორმაციო ვაკუუმს მხოლოდ ამომრჩეველთან პირადი ურთიერთობა შეავსებს, რაზეც იქნება კიდეც დამოკიდებული ამ პარტიის საარჩევნო შედეგი.

როგორია აღორძინების კავშირის ამოცანები 2 ნოემბრის არჩევნებში? ასლან აბაშიძე უარს ამბობს მცირე რეიტინგის მქონე პარტიების შეფარებაზე და საკუთარ რესურსს მთლიანად “აღორძინებას” უთმობს. ოღონდ, როგორც ჩანს, ამჯერად აბაშიძის პარტია იმ ხმებით დაკმაყოფილდება, რასაც აჭარის ავტონომიის მოსახლეობისგან მიიღებს.

სახელისუფლო ბლოკს ერთი მეტად სერიოზული პრობლემა აქვს: საარჩევნო სურვილებისა და შესაძლებლობების შეთავსება. ამ ბლოკისთვის არჩევნები წაგებულია ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა უმრავლესობის მოპოვებისა. რადგან თუკი ახალ პარლამენტში 118 ხმა ამჟამინდელი ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე შეგროვდება, ბლოკის ლიდერები ყველაფერს კარგავენ: ოპოზიცია მათ დაჭერით და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება. არადა, როგორ მოიპოვებს სახელისუფლო ბლოკი უმრავლესობას, ძნელი სათქმელია. სხვა რომ არაფერი, ხელისუფლება არჩევნების წინ, ხელფასის და პენსიის ნაცვლად, ობლიგაციების დარიგებას აპირებს.

არჩევნებამდე სამი თვე რჩება. პარტიებისთვის თვალყურის მიდევნება ახლა საინტერესოც არის და საჭიროც.
XS
SM
MD
LG