Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მმართველი საბჭო მხარდაჭერისთვის გაეროს მიმართავს


დავით პაიჭაძე, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭომ 22 ივლისს ერაყის ომისშემდგომი აღდგენის საკითხები განიხილა. ამ განხილვაზე მიწვეული იყვნენ ერაყის ახალშექმნილი მმართველი საბჭოს წარმომადგენლები.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაეროს ოფიციალურმა პირებმა უკვე ითხოვეს საერთაშორისო მხარდაჭერა მმართველი საბჭოს, როგორც გარდამავალი ორგანოსათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მუდმივი მთავრობის ფორმირებასა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მაგრამ სადღეისოდ მთლად ცხადი არ არის, როგორ უნდა მოიპოვოს საბჭომ ფართო აღიარება. დავით პაიჭაძეს მოუსმინეთ.

ერაყის მმართველმა საბჭომ საერთაშორისო მხარდაჭერა ითხოვა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმებისა და რთული აღდგენითი პროცესების გასაძღოლად. გაეროში საბჭოს 3 წარმომადგენლის ჩასვლა ამ ორგანოს პირველი გამოჩენა იყო საერთაშორისო ასპარეზზე. უშიშროების საბჭოს წევრებმა და გაეროს ოფიციალურმა პირებმა ჯგუფი კი მიიღეს, მაგრამ თავი შეიკავეს მისი ოფიციალური აღიარებისაგან.

მმართველი საბჭოს დელეგაციის სახელით გაეროში სიტყვით გამოვიდა 80 წლის ადნან პაჩაჩი, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ქვეყანაში მონარქიული რეჟიმის დამხობამდე. პაჩაჩიმ თქვა, რომ ერაყში საზოგადოება აღარასოდეს იცხოვრებს შიშსა და უსამართლობაში, მაგრამ მისთვის ცნობილია მოქალაქეთა მზარდი გაწბილება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და ცხოვრების პირობების გამო. პაჩაჩის თქმით, მმართველმა საბჭომ ერაყელთა მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს:

NC072285 [პაჩაჩის ხმა]: "მმართველ საბჭოს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. ჩვენ ბევრი, ძნელი და სხვადასხვა საქმე გვაქვს საკეთებელი. ჩვენ გვჭირდება ერაყელი ხალხის სრული მხარდაჭერა, რომელსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ სანდონი და ღირსნი ვართ, გავუძღვეთ მათ ამ ისტორიულ პროცესში".

უშიშროების საბჭოს სხდომამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განსახილველად წარმოადგინა 21-გვერდიანი მოხსენება ერაყში არსებული მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ერაყში სწრაფად აღდგეს სუვერენიტეტი. გენერალურმა მდივანმა და მისმა საგანგებო წარგზავნილმა ერაყში, სერჟიო ვიეირა დი მელუმ მოუწოდეს კოალიციის ძალებს, წარმოადგინონ ოკუპაციის დასრულების მკაფიო გრაფიკი.

ვიეირა დი მელუმ მონიშნა რამდენიმე წინადადება, რომელიც აძლიერებს გაეროს გავლენას ერაყში ადამიანის უფლებების, სამართლებრივი რეფორმისა და პოლიტიკური გარდაქმნების სფეროში. დიპლომატის აზრით, ერაყში უახლოეს ხანში უნდა დაიწყოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი, რაც იქნება კონკრეტული ნიშანი, რომ ქვეყანა არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. რაც შეეხება მმართველ საბჭოს, გაეროს საგანგებო წარგზავნილმა საგანგებოდ აღნიშნა მისი სიცოცხლისუნარიანობა და თქვა, რომ საბჭოს შანსი უნდა მიეცეს:

NC072305 [ვიეირა დი მელუს ხმა]: "თუ რამ არ სჭირდება საბჭოს ახლა - ეს არის ეჭვები. სკეტიციზმი და კრიტიკა ამ ვითარებაში ყველაზე იოლია. მას სჭირდება ერაყელთა მხარდაჭერა, რომელსაც მოიპოვებს კიდეც ყოველდღიური მოქმედებითა და გადაწყვეტილებებითა და ერთიანობით".

მოქმედება და გადაწყვეტილებათა მიღება საბჭოს მართლაც მრავლად მოუწევს. ადნან პაჩაჩის თქმით, გარდამავალმა ადმინისტრაციამ უნდა გაწვრთნას და დაასაქმოს 30 ათასი პოლიციელი, გახსნას, სულ ცოტა, 1500 სკოლა და საავადმყოფო, გადაუხადოს ხელფასი სახელმწიფო მოხელეებს და გადაამზადოს 200 ათასზე მეტი დემობილიზებული ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG