Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააახლოებს სომხეთთან თურქეთს ეკონომიკური აუცილებლობა?


თურქეთი და სომხეთი მზად არიან დაივიწყონ ძველი შუღლი და კეთილმეგობრული ურთიერთობა დაამყარონ. შეიძლება ზოგს გაუკვირდეს კიდეც და იკითხოს: რატომ, რა მოხდაო?

ჩვენმა თანამშრომელმა ჟან კრისტოფ პეკმა გამოიკვლია ეს საკითხი. დღევანდელი მასალა მისი მონაცემების საფუძველზეა მომზადებული.

მიმომხილველები არ დაობენ იმაზე, რომ თურქეთის ახლანდელი ხელისუფლება უფრო პრაგმატისტულ პოლიტიკას გაატარებს სომხეთის მიმართ, ვიდრე მისი წინამორბედი. სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. მაგრამ მთავარი მაინც ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილია, რაც თურქეთის ხელისუფლებას ათქმევინებს, რომ მზად არის სომხეთთან კეთილი მეზობლობისათვის. ევროკავშირმა ანკარას იმედი მისცა: თუკი 2004 წლისთვის გარკვეულ პირობებს შეასრულებთ, ეკონომიკური თუ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დავსხდეთ და თქვენს სამომავლო კავშირის წევრობაზე მოვილაპარაკოთო. საიდუმლო არ არის, რომ სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ამ მხრივ, თურქეთს წინსვლად ჩაეთვლება. აშშ-ცა და ევროკავშირიც ხელს უწყობს რეგიონალურ ეკონომიკურ და სხვა ხასიათის პროექტებს, რომელთა განხორციელება შესაბამის სახელმწიფოებს შორის გამართული ურთიერთობების გარეშე ვერ მოხერხდება. ექვსი წლის წინ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "თურქეთ-სომხეთის ბიზნესის განვითარების საბჭო". ამ ორგანიზაციის ამოცანაა ორ სახელმწიფოს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარება. სტამბულელი საქმოსანი ქაან სოიაქი, საბჭოს თანათავმჯდომარე, ამბობს, რომ თურქეთისა და სომხეთის მთვრობებს დღემდე ასეთი ინტერესი ურთიერთობათა დასამყარებლად არ ჰქონიათ. მისი თქმით, ორი მთავრობა ჯერ არ ყოფილა ასე გულწრფელი ერთმანეთთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ანკარამ უარი თქვა ეღიარებინა სომხეთის დამოუკიდებლობა, აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომის გამო. თურქული მოდგმის აზერბაიჯანის მხარდასაჭერად თურქეთმა თავისი აღმოსავლეთის საზღვარი გადაკეტა და ამით, ფაქტობრივად, ეკონომიკური ემბარგო გამოუცხადა სომხეთს. თუმცა ოფიციალურად ვაჭრობა სომხეთსა და თურქეთს შორის წარმოებს, მაგრამ არა პირდაპირი გზით, არამედ ირანის და საქართველოს გავლით. არაერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ თურქეთს სომხეთთან პირდაპირი ვაჭრობა წაადგებოდა. "თურქეთ-სომხეთის ბიზნესის განვითარების საბჭოს" ბრიუსელის ფილიალის თანადამაარსებელი ნიკოლა თავითიანი ანკარის მხრივ ერევანთან დაახლოების მიზეზად მხოლოდ აშშ-ის და ევროკავშირის ფაქტორს არ ხედავს.
[თავითიანის ხმა]


"თურქეთის დასავლელმა პარტნიორებმა ათი წლის წინანდელზე უფრო აქტიურად დაიწყეს საზღვრის გახსნაზე ლაპარაკი. ამაში, მგონი, თურქეთის ეკონომიკური ინტერესები თამაშობს როლს. საზღვრის გახსნით თურქეთი, მართლაც, მოიგებს ეკონომიკურად. ამ შესაძლებლობაზე ახლა ისინი სერიოზულად ფიქრობენ."

მოსაზრებას, რომ იზოლაციაში განვითარება შეუძლებელია, ეკონომიკური არგუმენტებით აძლიერებს "თურქეთ-სომხეთის ბიზნესის განვითარების საბჭოს" წარმომადგენელი ნიკოლა თავითიანი. გიუმრის, ყოფილი ლენინაკანის, სასაზღვრო პუნქტი რომ გაიხსნას, ვაჭრობა თურქეთსა და სომხეთს შორის გაორმაგდებაო, ამბობს ის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გახსნა კი თურქეთიდან შუა აზიაში მიმავალი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულებას მესამედით შეამცირებსო. თავითიანმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ სომხეთის ეკონომიკასაც ერთობ წაადგება თურქეთთან ვაჭრობის გაფართოება. მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე, სომხეთი, ნაწილობრივ მაინც, საქართველოს სატრანზიტო გზაზეა დამოკიდებული. სომხეთი დაინტერესებულია აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებითაც, მაგრამ ამ საქმეს ჯერ კარგი პირი არ უჩანს.
თურქეთმა რომ სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობა დაამყაროს და განავითაროს, ეს გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის პოზიციაზეც, რადგან ანკარა ბაქოს დიდი იმედია ამ დაპირისპირებაში. მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, არ იქნება სწორი ვიფიქროთ, რომ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით შეცვლის აზერბაიჯანის მიმართ პოლიტიკას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG