Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღის ხელისუფლება რუსეთში მცხოვრებ სომხებს იწვევს


დავით პაიჭაძე, პრაღა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად

რესპუბლიკის ლიდერებმა წამოიწყეს კამპანია სხვადასხვა ქვეყნის სომხური დიასპორიდან მოსახლეთა ყარაბაღში მისაზიდად. ირანის, ლიბანის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მკვიდრმა ასობით სომეხმა მიაშურა ყარაბაღს, მაგრამ მათი რიცხვი ერთობ მცირეა მოსახლეობოს იმ დანაკარგის საკომპენსაციოდ, აზერბაიჯანთან ომს რომ მოჰყვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურადღება ახლა ყუბანს მიაპყრო, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სომხური თემი ცხოვრობს. დავით პაიჭაძეს მოუსმინეთ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სულ 4400 კვადრატული კილომეტრია. 1988 წელს ყარაბაღის გამო დაწყებულმა, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტმა ათიათასობით ადამიანი შეიწირა, ხოლო 800 ათასი საცხოვრებელი ადგილებიდან აჰყარა. ყარაბაღის გარდა, ომის შედეგად, სომხეთმა აზერბაიჯანის მიმდებარე ექვსი რაიონის ოკუპაციაც მოახერხა. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ზოგ ექსპერტს ეს რიცხვიც გადაჭარბებულად მიაჩნია. თომას დე ვაალი, ლონდონში არსებული ომისა და მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის კავკასიის პროექტების მენეჯერი და ყარაბაღზე დაწერილი წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ ყოფილი ავტონომიური ოლქის მოსახლეობა, შესაძლოა, 70 ათასი იყოს. დე ვაალის აზრით, ყარაბაღის მოძრაობისა და შემდგომ ომის მიზეზი იყო სომხეთის შიში, აზერბაიჯანს დემოგრაფიულად არ "ჩაეყლაპა" ყარაბაღი. შესაბამისად, ყარაბაღის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაც მოსახლეობის ზრდას ისახავს მიზნად. საამისოდ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნებულებს არაერთ შეღავათს სთავაზობენ.

ტიგრან თავადიანი კრასნოდარის ორენოვან, სომხურ-რუსულ გამოცემას, "იერქრამასს" უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ ყარაბაღის ხელისუფლება ცდილობს, კრასნოდარის ოლქში მცხოვრები სომეხ ლტოლვილები ნაირგვარი ეკონომიკური სტიმულით მიიზიდოს. ლტოლვილი სომხებისათვის ყარაბაღი შესაძლოა, მართლაც მიმზიდველი აღმოჩნდეს რუსეთის ამ რეგიონში მათი მდგომარეობის გამო.

[თავადიანის ხმა]: "მთიან ყარაბაღში, ერთი მხრივ, აუცილებელია იქიდან აყრილთა მიზიდვა, რეპატრიაცია. ყარაბაღში ბევრი თავისუფალი მიწაა და მას ათვისება სჭირდება. მთავრობის პროგრამა რეპატრიანტებს სთავაზობს საცხოვრებელს, კრედიტებს, საგადასახადო შეღავათებს, ათავისუფლებს სამხედრო სამსახურისგან. მეორე მხრივ, კრასნოდარის მხარეში ბევრი სომეხია - და არა მხოლოდ ყარაბაღელი - ვინც იურიდიულად თავი ვერ დაიმკვიდრა, ვერ დარეგისტრირდა, ვერ მიიღო შესაბამისი დოკუმენტები. ისინი საბჭოთა პასპორტებით ცხოვრობენ, ამ პასპორტებს წელს ვადა გასდის. ეს ხალხი კანონის მიღმა აღმოჩნდება, ვერც საზღვარგარეთ წავა და ვერც სამსახურში მოეწყობა".

ამავე დროს, სომხეთის მედია ხშირად იუწყება, რომ ყარაბაღში უკვე ჩასულმა სომხებმა - ირანიდან, ლიბანიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან და თვითონ სომხეთიდან - ვერ მიიღეს დაპირებული ფინანსური დახმარება და ვერც მოსახლეობის შევსება შეძლეს. მათ შეიძლება დატოვონ ყარაბაღი.

ორიოდ კვირის წინ კრასნოდარის ოლქში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაირენიკი კანხ" [სამშობლოს ძახილი], რომლის მიზანია, გაუადვილოს ყარაბაღში წასვლისა თუ დაბრუნების მსურველ კრასნოდარელ სომხებს იქ დაფუძნება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომან ხამპერიანი, ამბობს:

[ხამპერიანის ხმა]: "არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, მე ვიცი, რომ წასვლა ბევრ ადამიანს სურს, მაგრამ არ ვიცი - რამდენს. სწორედ ამიტომ, აგვისტოს ბოლოს სხვადასხვა რაიონში ვაპირებთ ანკეტების დარიგებასა და გამოკითხვის ჩატარებას, რათა დავადგინოთ, რამდენია წასვლის მოსურნე. ეგებ ცოტანი აღმოჩნდნენ და სერიოზულ მუშაობას აზრიც აღარ ჰქონდეს. მაგრამ შეიძლება ბევრნიც იყვნენ. ახლა ძნელია ამაზე ლაპარაკი".

ხამპერიანი ასევე ვერ ამბობს, სად შეიძლება დასახლდნენ ყარაბაღში ჩასული სომხები, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას ეს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს. რომან ხამპერიანის თქმით, მზადყოფნა დაბრუნებულთა მისაღებად - პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხოლო რაც შეეხება მათ განსახლებას, ეს კონკრეტულ ოჯახებთან მიმართებით გადაწყდება.
XS
SM
MD
LG