Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნება მიწისძვრით დაზარალებულთა ახალი ფონდი


თბილისის საკრებულოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ შექმნილმა მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდმა

დაზარალებულთა ფულადი კომპენსირება უნდა მოახდინოს. შესაბამისად, ფონდის თვისებრივ ცვლილებასთან გვაქვს საქმე: ერთი მხრივ, იცვლება ფონდის კურატორიუმი, მეორე მხრივ კი, დახმარების პრინციპი. დაზარალებულები, საცხოვრებლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, ხელზე მიიღებენ საკომპენსაციო თანხას. ეს, მათი აზრით, ანგარიშსწორების ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი ფორმა იქნება. მიწისძვრით დაზარალებულთათვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა, რომელიც ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, სეკვესტრს ექვემდებარება. ბიუჯეტის კორექტირების პროექტის მიხედვით, მისი განახევრებაა მოსალოდნელი.

მანამ, სანამ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ძალაში შევა და აღნიშნული 4 მილიონის განსაკარგავად ფონდის სპეციალური საბანკო ანგარიში გაიხსნება, ალბათ, ცენტრალური ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხიც გადაწყდება. მიწისძვრით დაზარალებულთათვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური დახმარების მაქსიმალური ოდენობა ცალკეული ოჯახებისთვის 1000 ლარს არ აღემატება - ეს უფრო სიმბოლური, ვიდრე პარალიზებული შენობების შესაკეთებლად საკმარისი, თანხაა. სეკვესტრის შემთხვევაში კი ან თანხა ნახევრდება, ან იმ ადამიანთა და მათ უკან მდგომ ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც, მიწისძვრის დღიდან მოყოლებული, ხან თბილისის საკრებულოსა და მერიას ებრძვიან, ხან კი ფინანსთა სამინისტროსა და პრეზიდენტს. ამ ბრძოლაში ისინი კიდევ უფრო გაშმაგდნენ, ვიდრე გამოიწვრთნენ. ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს ფრთა ბიუჯეტის სეკვესტრის განხილვის დღეებში მათი საპროტესტო შეკრების ორგანიზებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

[გიორგი არველაძის ხმა] "მე მინდა აქვე მოვუწოდო ყველა დაზარალებულს, რომ არ მისცეს შევარდნაძეს, ესე იგი, მათი უმძიმესი მდგომარეობის კიდევ დაცინვის და აბუჩად აგდების საშუალება. ყველა დაზარალებული მოვიდეს პარლამენტთან, მოვიდეს კანცელარიასთან, მაშინ, როცა სეკვესტრის განხილვა იქნება, ამ უახლოეს დღეებში, და თავისი ხმა და თავისი პროტესტი გამოხატოს ამასთან დაკავშირებით." [სტილი დაცულია]

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი არველაძე განმარტავს, თბილისის საკრებულოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილებაში დევს ისეთი დაცვითი მექანიზმები, რომ ფულის განიავება ჩინოვნიკებისა და გარეშე პირების მიერ შეუძლებელი იქნება. კერძოდ, კურატორიუმის უმრავლესობა თავად მიწისძვრით დაზარალებულთაგან შედგება, თანხა, საბინაო მეურნეობის გვერდის ავლით,პირდაპირ მოხვდება ფონდის საბანკო ანგარიშზე და, კურატორიუმის გადაწყვეტილებით, ნაღდი ფულის სახით დაურიგდება დაზარალებულებს. ამით საკრებულომ უარყო მერიის ინიციატივა, რომელიც თანხების მიმართვას არაპირდაპირ, რემონტებსა და მშენებლობებში, აპირებდა. თუმცა გადაწყვეტილების იურიდიული კორექტულობა ერთია და რეალობა მეორე. დაზარალებულთა ნომერ პირველ ამოცანად ამ ეტაპზე კუთვნილი საბიუჯეტო თანხების მოპოვება ითვლება.

[მზია ლომოურის ხმა] "საერთოდ, არის 20 400 ოჯახი. მართალია, ამ ეტაპზე ყველა ვერ მიიღებს, ყველა ვერ დაკმაყოფილდება, მაგრამ ეტაპობრივად, ყოველ წელს, ალბათ, გამოიყოფა ბიუჯეტში თანხა და შევძლებთ ამ მოსახლეობის დაკმაყოფილებას."

მიწისძვრით დაზარალებულთა ერთ-ერთი ლიდერი მზია ლომოური, დანარჩენ აქტივისტებთან ერთად, ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათ აქვთ თბილისის მერის ვანო ზოდელავას სიტყვიერი გარანტია იმაზე, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი მიწისძვრით დაზარალებულთა კუთვნილ 4 მილიონ ლარს არ შეეხება. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან დღემდე, ამ თანხის ერთი თეთრიც კი არავის უნახავს.
XS
SM
MD
LG