Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კანონი: როგორ გავაყალბოთ არჩევნები


დავით პაიჭაძე, თბილისი ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

დასამტკიცებელია კიდევ 70 გვერდზე გაწერილი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. სახელისუფლებო ბლოკის წევრები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებათა განხილვისას პრობლემას არ შექმნიან. დავინტერესდი, საარჩევნო კანონმდებლობის არსებული პროექტით შეცვლის შემთხვევაში, რა სისუსტე ექნება საარჩევნო კანონს, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი სხვადასხვა დარღვევას არჩევნების დროს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესმა ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ოპოზიციურ პარტიათა თანამგრძნობი, არჩევნებისადმი უფრო სკეპტიკურად განაწყო: ისინი თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებამ კომისიებში უმრავლესობის მოპოვებით ხელში ჩაიგდო სადავეები არჩევნების შედეგთა სამართავად. ასე არ ფიქრობს პარლამენტარი ირაკლი მინდელი, წევრი ბლოკისა "ახალი საქართველოსათვის" - გარკვეულ პირობათა შესრულების შემთხვევაში, ის საარჩევნო დარღვევების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

[მინდელის ხმა] "არსად მსოფლიოში არჩევნები არ ტარდება თუნდაც მცირედი გაყალბების გარეშე. ჩვენთან თუ საარჩევნო კომისიების მუშაობას დაერთო კანონით გათვალისწინებული მონიტორინგი და ხმების პარალელური დათვლა, გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება".

"გაერთიანებული დემოკრატების" წევრი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსი, როცა მასში დაგეგმილი ცვლილებები შევა, თითქმის სრულყოფილი იქნება. არჩევნების წესიერად ან დარღვევებით წარმართვა, მისი აზრით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზეა დამოკიდებული.

საარჩევნო კანონის ხარვეზების განსაზღვრისას უფრო კონკრეტული იყო დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე.

[ხმალაძის ხმა] "ყველაზე სუსტ ადგილად კვლავ რჩება ამომრჩეველთა სიების საკითხი, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ჩაგვედო მექანიზმი, რათა უცხოეთში არალეგალურად მყოფი მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, სიებში არ შეეყვანათ. ამის გარდა, ყველა სხვა ხვრელის ამოქოლვა თითქოს შევძელით, მაგრამ ეს საბოლოოდ მაშინ მოხდება, როცა შეთანხმებული პირობები შესრულდება".

საარჩევნო სიების პრობლემას პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე კოტე კემულარია კიდევ ერთ ასპექტს უძებნის: მისი თქმით, 1 სექტემბრამდე სიების დაზუსტება და გადამოწმება არ ესწრება ხელისუფლების მიზეზით [კემულარიას ხმა]: "ძნელი წარმოსადგენია, ეს საერთოდ გააკეთოს ხელისუფლებამ. თუ სიები არ დაზუსტდა და ყველაფერი ძველი სიებით გაკეთდა, არც საარჩევნო კოდექსი უშველის და არც არაფერი. ასეთ შემთვევაში სრული მობილიზება და უბნებში ბრძოლა დაგვჭირდება ხმების შესანარჩუნებლად".

სახელისუფლებო ბლოკის წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ კანონის ავ-კარგზე უფრო მნიშვნელოვანია ხმის მიცემის დღეს [არმაზის ხმა] "განსაკუთრებით გავაკონტროლოთ საქართველოს ის რეგიონები, სადაც ტრადიციულად უხეშად და, მე ვიტყოდი, უტიფრად ირღვევა არჩევნების დღეს ადამიანის უფლებები".

ხელისუფლების ბლოკში ყველა ასე არ არის განწყობილი. ვიტალი ხაზარაძეს, მაგალითად, ყოველგვარ კომენტარზე ორკვირიანი მორატორიუმი აქვს გამოცხადებული [ხაზარაძის ხმა]: "კომენტარებს არაფერზე არ ვიძლევი, საყვარელო. "პრავეტრივაიუ". გონებას ვანიავებ, რა"...
XS
SM
MD
LG