Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკოსები და მოქალაქეები დენის გაძვირების წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში არ ცხრება პროტესტი ბოლო დროს ენერგეტიკაში მომხდარი ცვლილებების გამო.

11 აგვისტოსაც პროტესტის გამოსახატად მოქალაქეებმა თელასისა და იუსტიციის სამინისტროს შენობებს მიაშურეს. თელასთან მათ ლეიბორისტული პარტია მიუძღოდა, იუსტიციის სამინისტროსთან - ნაციონალური მოძრაობა. ლეიბორისტები გამოთქვამდნენ მრავლისმომცველ პროტესტს: ეი-ი-ეს-ის, რაო ეეს-ის შემოსვლის, საქართველოს ხელისუფლებისა და ტარიფის ზრდის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობის შეტყობინება უფრო კონკრეტული იყო: მისი წევრები მოუწოდებდნენ იუსტიციის სამინისტროს, არ გაეტარებინა რეგისტრაციაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) დადგენილების პროექტი ელექტროენერგიის ახალი, გაზრდილი ტარიფის შესახებ. თუმცა პროექტმა შეიძლება არც შეიძინოს ნორმატიული აქტის ძალა.

რას უცხადებენ პროტესტს, ანუ, როგორც თავად ამბობენ, რის წინააღმდეგ იბრძვიან ნაციონალური მოძრაობის წევრები? თბილისის საკრებულოს დეპუტატი ამ პოლიტიკური გაერთიანებიდან, გიორგი არველაძე, პროტესტის მიზეზს ასე განმარტავს.

[არველაძის ხმა]: "მინდა გითხრათ, ამ პროექტის თანახმად, ყველა თბილისელს, ვისაც ერთ ნათურაზე, ერთ მაცივარზე და ერთ ტელევიზორზე მეტი აქვს ოჯახში, კატასტროფულად ეზრდება ტარიფი. ეს არის უდიდესი დარტყმა ჩვენი მოსახლეობისათვის. ეს არის უდიდესი დარტყმა მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისთვის თბილისში, რაც ნიშნავს, რომ ტარიფის გაძვირება არა მხოლოდ მოსახლეობას დააწვება მძიმე სოციალურ ტვირთად, არამედ, თვითღირებულების ზრდის შედეგად, პროდუქციაზეც მოიმატებს ფასები".

იუსტიციის სამინისტროში სემეკის დადგენილების პროექტი სამიოდე დღის წინ შევიდა. პროექტმა ჯერ სამართლებრივი ექსპერტიზა უნდა გაიაროს, ანუ სამინისტრომ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას წარმოდგენილი პროექტი. ამას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. მე ვკითხე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ზურაბ ეზუგბაიას, თუ შეუძლია იუსტიციის სამინისტროს, რეგისტრაციაში არ გაატაროს სემეკის დადგენილების პროექტი.

[ეზუგბაიას ხმა]: "რასაკვირველია, შეუძლია უარი განაცხადოს რეგისტრაციაზე, როცა დარღვეულია ფორმა: მაგალითად, უკვე გამოცემულ დადგენილებას არ გააჩნია საჭირო რეკვიზიტები, ან დადგენილებაზე იუსტიციის სამინისტრომ არ გასცა დადებითი დასკვნა. შეიძლება იყოს სხვა, ტექნიკური მიზეზიც. მაგრამ, თუ იუსტიციის სამინისტროს გაცემული ექნება დადებითი სამართლებრივი დასკვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე (მე არ ვლაპარაკობ მიზანშეწონილობის, ეკონომიკური გამართლებულობის ან სხვა მოტივების შესახებ), სემეკის დადგენილება იქნება მიღებული და სათანადო რეკვიზიტებით წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროში - ამ შემთხვევაში სამინისტროს კანონი ავალდებულებს, რეგისტრაციაში გაატაროს ასეთი აქტი."

ორიოდე სიტყვა თავად სემეკის პროექტზე; პროექტის თანახმად, 1 ოქტომბრიდან თბილისში ასეთი ტარიფი უნდა დაწესდეს: 101 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიისათვის - 12,18 თეთრი ერთ კილოვატში; 101-დან 200-ის ჩათვლით - 13,7 თეთრი. 201-დან 400-ის ჩათვლით - 15,1 თეთრი თითო კილოვატში და 400 კილოვატის ზემოთ - 16,8 თეთრი. ამ ტარიფში ჩადებულია დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, როგორც სემეკის წარმომადგენელმა თამარ ნოსელიძემ განმიცხადა, ბევრი ენერგიის დამხარჯველს გადასახადს დიფერენცირებულად უანგარიშებენ: მაგალითად, 350 კილოვატის დამხარჯველი გადაიხდის პირველ 100 კილოვატში 12,18 თეთრს, მეორე ასეული კილოვატის დახარჯვისთვის - 13,7 თეთრს და მხოლოდ დარჩენილ 150 კილოვატში გადაიხდის თითო კილოვატზე 15,1 თეთრს. ჩვენი ანგარიშით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტარიფი 13,9 თეთრს უდრის კილოვატზე. საგულისხმოა, რომ 100 კილოვატამდე ელექტროენერგიას თვეში თბილისელ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა, 206900 ადამიანი მოიხმარს, როცა 201-დან 400 კილოვატამდე დენს თვეში 31 ათასი ადამიანი ხარჯავს, ხოლო 400-ზე მეტს - 17600. სემეკში ამბობენ, რომ ვინც მეტ ენერგიას ხარჯავს, იმან მეტიც უნდა გადაიხადოს.
XS
SM
MD
LG