Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა ქმედობაუნარიანობის დამტკიცებას


საქართველოს მთავრობის ქმედითობისა მარტო მთავრობის წევრებს თუ სჯერათ, თორემ მოსახლეობაში მთავრობას ნდობა დიდი ხანია დაკარგული აქვს.

მოსახლეობაში ძნელია მოიძებნოს კაცი, რომელიც ამ მთავრობის რომელიმე წევრზე - მათ შორის, პრეზიდენტზე - გარკვეულ იმედებს ამყარებდეს, მთავრობის წევრები კი პრეზიდენტს მაინც არწმუნებენ, რომ ხალხს მისი იმედი აქვს და მისგან ახალ, თამამ ნაბიჯებს მოელის. 13 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მისი მოიმედე ხალხი პრეზიდენტს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა შეახსენა. მანვე ქვეყნის პირველი პირის თანდასწრებით სამართალდამცველებს კორუმპირებულების მხილება მოსთხოვა. ამ მოთხოვნას პრეზიდენტმა საკუთარი მოთხოვნა დაურთო. მომავალ მთავრობის სხდომაზე სამართალდამცავი უწყებების პირველმა პირებმა დასაჭერთა - ანდაც უკვე დაჭერილთა - სია უნდა წარმოადგინონ.

მომავალ მთავრობის სხდომაზე დასაჭერთა - ანდაც უკვე დაჭერილთა - სიის წარმოდგენის ბრძანება გაცემულია და ის, ძირითადად, კონტრაბანდული ბენზინით მოვაჭრე ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებს ემუქრება. ედუარდ შევარდნაძის მითითებით, ყველა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი დასაჭერია, იმიტომ რომ თბილისში ყოველთვიურად, ნაცვლად აღრიცხული 9 ათასი ტონისა, 26-27 ათასი ტონა ბენზინის რეალიზაცია ხდება. ეს ინფორმაცია მთავრობის წევრებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა მიაწოდა. კონტრაბანდის, კონკრეტულად კი, კონტრაბანდული ბენზინით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ქვედა ფენებიდან დაწყების ბრძანებაც მის გამოსვლას მოჰყვა, თანაც ასეთ გამოსვლას:

[ანზორ ბალუაშვილის ხმა] "ხალხს თქვენი იმედი აქვს, ბატონო პრეზიდენტო, მხოლოდ თქვენი, მერწმუნეთ. მე ძალიან ბევრს ვხვდები. მე ვერ გამიგია, სადამდე უნდა ვილაპარაკოთ, რომ მის გვერდით არიან ასეთი და ასეთი ჩინოვნიკები. რატომ არ ვასახელებთ მათ სახელებს და გვარებს?! "

მთავრობის სხდომაზე კონკრეტული გვარები ჯერ არ დაუსახელებიათ. ნავთობპროდუქტების კონტრაბანდაში ჩართული პირების სახელების და გვარების დასახელება მომავალი მთავრობის სხდომისთვის არის გადადებული. თუმცა გარკვეული მინიშნებები უკვე გაკეთებულია. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ნავთობპროდუქტების კონტრაბანდაში ჩართულნი არიან ჩინოვნიკები, მათ შორის - 4-5 დეპუტატი, რამდენიმე ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და სასულიერო პირებიც კი. მინიშნება ნიშანდობლივია და ცხადყოფს, რომ დასაჭერთა სიაში საქართველოში მოქმედი ბენზომაფიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები არ მოხვდებიან, რომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ამჯერადაც წვრილმანი კონტრაბანდისტები შეეწირებიან და მთავრობა ამას საქმედ მიითვლის.
12 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტი ჩაფიქრებული და მკაცრი იყო, რაც, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და მთავრობით მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას თუ გავითვალისწინებთ, ლოგიკური იყო, მაგრამ ალოგიკური იყო კონტრაბანდისა და კორუფციის წინააღმდეგ ახლად გამოცხადებული შეტევის მიმართულება და არამარტო ის. ედუარდ შევარდნაძემ თვალნათლივ დაადასტურა, რომ მისი და მისი მთავრობის მოქმედება დიდი ხანია გასცდა ლოგიკის საზღვრებს - იურისტებს მხოლოდ ასეთი კომენტარის გაკეთება შეუძლიათ იმაზე, რაც ასევე 12 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა შეაჩერა. ედუარდ შევარდნაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გააკრიტიკა მასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობს. როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, იურუსტი კობა დავითაშვილი ამბობს:

[კობა დავითაშვილის ხმა] "ეს არის ბუნებრივი გაგრძელება სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლისა პრეზიდენტის მხრიდან. მისი დღევანდელი განცხადებაც არის იმპიჩმენტის საფუძველი, მაგრამ... "

მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებისთვის 79 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. ამ რაოდენობის ხელმოწერების მოგროვება კი აწ უკვე გადამდგარი ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას იმპიჩმენტისთვისაც ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG