Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიწყო ომი აფხაზეთში, როგორ იხსენებენ ამ ომის დაწყებას თვითმხილველები


1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში მოხდა ის, რასაც აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულები (ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ) არანაირად არ ელოდნენ.

14 აგვისტოს გაგრაში ან ბიჭვინთაში ომის დაწყება არ იგრძნობოდა. იქ მყოფებმა ამ დღეს სოხუმში განვითარებული მოვლენების შესახებ არაფერი იცოდნენ. 1992 წლის 14 აგვისტოს ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვიის გავარდნას ქართველი პოლიციელები შეეწირნენ. ასე დაიწყო ომი, რომლის შესახებაც ყველაფერი ჯერ კიდევ არ თქმულა.
თბილისსა და სოხუმში ამ ომის დაწყებას დღემდე სხვადასხვაგვარად იხსენებენ. 1992 წლის 14 აგვისტოს მოვლენების გახსენება იმ ადამიანებს ვთხოვე, რომლებიც მაშინ აფხაზეთში იმყოფებოდნენ.


1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც, მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიისა და პოლიციის ქვეგანაყოფები გაიგზავნა. მოტივი სარკინიგზო ხაზის დაცვა იყო. ის დაცვას ნამდვილად საჭიროებდა, მაგრამ ადამიანებს, რომლებმაც რკინიგზის და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სტრატეგიული ობიექტების დაცვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, უნდა გაეთვალათ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანას.
საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაში შორსმჭვრეტელები არ აღმოჩნდნენ. საბედისწერო ღონისძიება მათ აბსოლუტურად მოუმზადებლად წამოიწყეს. გაგრის ყოფილი კომენდანტი ბადრი ფიცხელანი 1992 წლის 14 აგვისტოს გაგრაში იყო.

[ბადრი ფიცხელანის ხმა] “გაგეცინებათ: 14 აგვისტოს შემოვიდნენ სოხუმში და, მიუხედავად იმისა, რომ გაგრაში ერთადერთი შეიარაღებული რაზმი ვიყავით, ამის შესახებ არავინ არ გაგვაგებინა. აწი თქვენ იფიქრეთ, რატომ და რისთვის. დარეკა მერე ბატონმა ჯაბა იოსელიანმა და გვთხოვა, მანდ მაინც როგორმე შეინარჩუნეთ სიმშვიდეო, იქნებ ეს ომი ლოკალურად გადავიტანოთო. ნამდვილად არ უნდოდა ბატონ ჯაბას ომის გაგრძელება, გულით არ უნდოდა, რადგან ნათელი იყო ყველაფერი. “

აფხაზეთის “მხედრიონის” მეთაურმა ომის დაწყების შესახებ 15-ში შეიტყო. მოგვიანებით გაგრაში მოქმედი ერთადერთი შეიარაღებული დაჯგუფებისთვის არც გაგრისკენ ქართული დესანტის გადასხმის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია. არადა, დესანტს სწორედ ეს ჯგუფი უნდა დახვედროდა. მოხდა სხვაგვარად: ქართულ დესანტს აფხაზები დახვდნენ. ფიცხელანის ჯგუფისგან განსხვავებით, ისინი ინფორმირებულები იყვნენ.

[ბადრი ფიცხელანის ხმა] “ტანკები გზაში უბრძოლველად ეცემოდა. გაფუჭებული ტანკები, ტანკები კი არა ტრაქტორები. ყველაზე დიდი დანაშაული იყო თავდაცვის მინისტრის. ამას ვამბობდი და ვამბობ! კიტოვანი, რომელმაც ააგრიხინა ტანკები აფხაზეთში, ერთი დღე არ ჩამოსულა გაგრაში. თვენახევარი ომი იყო იქ და ერთი დღე არ ჩამოუკითხავს ჩვენთვის. რაზე ვილაპარაკო ახლა, მითხარით? “

ასეთი ომი სპონტანურად დაიწყო ისე, რომ მოქმედების არავითარი გეგმა არ არსებობდა. აგვისტოს შუა რიცხვებში სოხუმში განვითარებული მოვლენების შესახებ არაფერი იცოდნენ აფხაზეთის კურორტებზე დასასვენებლად ჩასულმა ადამიანებმა.

[ მაშინდელი ერთ-ერთი დამსვენებლის ხმა] “აბსოლუტურად არაფერი არ იგრძნობოდა. გაგრაში ტარდებოდა ფეხბურთის მატჩი, ქართველები იყვნენ ჩამოსულები. წავედით ამ მატჩზე დასასწრებლად და გაგრაში არ შეგვიშვეს. გვითხრეს, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. ეს იყო შოკი. “

ბივჭვინთიდან გაგრაში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებლად მიმავალი თბილისელი დამსვენებლები ( ისინი სტუდენტები იყვნენ ) უკან გააბრუნეს. ისინი იმ მომენტშიც ვერ აცნობიერებდნენ იმას, თუ რა ხდებოდა. იმ წელს აფხაზეთში ძალიან ბევრი დამსვენებელი იყო ჩასული და, როგორც ბადრი ფიცხელანი ამბობს, ომის პირველ დღეებში გაგრასა და ბიჭვინთაში სიმშვიდე რომ არ შეენარჩუნებინათ, გაცილებით დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. დიდი ტრაგედია მას შემდეგ დატრიალდა, რაც საქართველოს მაშინდელმა და დღევანდელმა ხელმძღვანელმა ვერც ის გათვალა, რომ გრაჩოვისა და ელცინის დაპირებებისთვის არ უნდა დაეჯერებინა. ომის პერიოდში სოხუმში ჩასული ედუარდ შევარდნაძისგან პირველი ინტერვიუ ჟურნალისტმა თამარ დეკანოსიძემ ჩაწერა:

[თამარ დეკანოსიძის ხმა] “ეს იყო მისი პირველი ჩამოსვლა და ეს იყო სექტემბრის პირველი რიცხვები. მე გავაკეთე პირველი ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ აუცილებლად მალე დამთავრდებოდა ეს ომი და ჩვენ აფხაზეთს არ დავკარგავდით. იცით? მე ამ სიტყვების მჯეროდა, მაგრამ, როცა ჩამოვდიოდი სოხუმიდან თბილისში და ჩამომქონდა სპეცრეპორტაჟები, ვხედავდი, რომ საომარი სიტუაცია აქ მარტო აეროპორტში და ტელევიზიაში იგრძნობოდა.“

ასეთი იყო ეს ომი. ვინ მოახდინა მისი პროვოცირება, რომელი მხრიდან გავარდა პირველი ტყვია, დღესაც სადავოა. სოხუმში დღემდე ირწმუნებიან, რომ პირველი ტყვია აფხაზეთში ძარცვისა და ყაჩაღობისთვის შესული ქართული შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან გავარდა. თუმცა ფაქტია, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს პირველად ქართველი პოლიციელების სისხლი დაიღვარა.
XS
SM
MD
LG