Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო ''მიესალმება'' ერაყის მმართველი საბჭოს დაარსებას


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს 14 აგვისტოს საგანგებო სხდომაზე ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია,

რომლითაც "ნდობის ვოტუმი" გამოუცხადა შეერთებული შტატების ინიციატივით დაარსებულ ერაყის მმართველ საბჭოს. უშიშროების საბჭოს ზოგიერთმა წევრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ რეზოლუციაში არაა დადგენილი ერაყიდან კოალიციური ძალების გაყვანის განრიგი. თუმცა წევრების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერაყის მმართველი საბჭოს დაარსება არის სწორი მიმართულებით გადაგმული ნაბიჯი, რასაც ერაყის სუვერენიტეტის აღდგენა უნდა მოჰყვეს შედეგად.


ამდენად, ერთი თვის წინ დაარსებულ ერაყის მმართველ საბჭოს ხუთშაბათს ნდობის ვოტუმი გამოუცხადა გაეროს უშიშროების საბჭომ. რეზოლუციას უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, მეთხუთმეტემ - თავი შეიკავა. მაგრამ რეზოლუციაში მმართველი საბჭო, ერაყის კანონიერ წარმომადგენლად არაა მოხსენიებული.

კენჭისყრის დამთავრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ნეგროპონტემ განაცხადა [ჯონ ნეგროპონტეს ხმა]: "მოლაპარაკება გაიმართა იმის თაობაზე, თუ ნდობის რა ხარისხი უნდა მიანიჭოს რეზოლუციამ მმართველ საბჭოს. თუმცა ვფიქრობთ ესაა კარგი, კონკრეტული ფორმულირება, რომელიც ზუსტად ეთანადება გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის რეკომენდაციას."

გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი საბჭო, დღევანდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე ერაყელი ხალხის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანოა. კოფი ანანმა გასულ კვირაში უშიშროების საბჭოს მოუწოდა ოფიციალურად დაადასტუროს ერაყის მმართველი საბჭოს დაარსება.

უშიშროების საბჭოს ერთადერთი არაბი წევრი, სირია იყო ის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც 14 აგვისტოს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა. სირიის წარმომადგენელმა მიხაილ ვეჰბემ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისაგან, ვინაიდან მიაჩნია, რომ მხოლოდ ერაყელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხი.

საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მიშელ დუკლოსმა განაცხადა, რომ 14 აგვისტოს მიღებულ რეზოლუციაში უნდა ყოფილიყო ჩართული ერაყში თვითმმართველობის აღდგენის განრიგი, რაც გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ივლისში ურჩიეს უშიშროების საბჭოს.

მექსიკის წარმომადგენელმა ადოლფო ზინსერმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს არ შეეძლო მმართველი საბჭოს ოფიციალური დადასტურება ერაყელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლად, ვინაიდან მმართველი საბჭო კოალიციის დროებით ადმინისტრაციას ექვემდებარება.

მაგრამ უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხუთშაბათს მიღებული რეზოლუცია ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გერმანიის მუდმივი წარმომადგენლის ვოლფგანგ ტრაუტვაინის თქმით, ხსენებული რეზოლუცია ფაქტობრივად დასაწყისია პროცესისა, რასაც ბოლოს ეკონომიკის აღდგენა, დემოკრატიულ ფასეულობათა პატივისცემა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება უნდა მოჰყვეს ერაყში.

ხუთშაბათს მიღებული რეზოლუციის თანახმად ერაყში უნდა ამოქმედდეს გაეროს სამასკაციანი სამოქალაქო მისია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას გაუწევს კოორდინირებას, და იმავდროულად ადამიანის უფლებათა დაცვას, სასამართლო სისტემის რეფორმირებასა და არჩევნების მომზადებას გაუწევს ზედამხედველობას. გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერაყში სერჯიო ვიეირა დე მელიომ უკვე დაიწყო ამ მხრივ ერაყის მმართველ საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.

შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერაყის აღდგენა ვეებერთელა ხარჯებთანაა დაკავშირებული, და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ - აქტიურად ჩაებას ამ აღდგენით პროცესში. ოქტომბერში, ერაყის დასახმარებლად დონორი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციაა დაგეგმილი.

14 აგვისტოს მიღებული რეზოლუცია გაეროს არ აკისრებს წამყვან როლს ერაყის აღდგენის პროცესში, რასაც ზოგიერთი ქვეყანა, და პირველ რიგში საფრანგეთი მოითხოვდა. საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის ინდოეთი, რომლებიც ერაყთან ომის წინააღმდეგი იყვნენ, აცხადებენ, რომ გაეროს წაყვანი როლი სხვა ქვეყნებს უბიძგებს - მშვიდობისდამცველები გააგზავნონ ერაყში, და თან ფინანსური დახმარებაც გაიღონ ომით გაჩანაგებული ამ ქვეყნის აღსადგენად.
XS
SM
MD
LG