Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საეკლესიო კრება ბასილ კობახიძეს აფრთხილებს


დავით პაიჭაძე, თბილისი 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სოფელ ურბნისში საეკლესიო კრება მოიწვია. კრებამ გადაწყვიტა 5 ახალი ეპარქიის დაარსება და მღვდელმსახურთაგან

შეარჩია ამ ეპარქიათა ეპისკოპოსობის კანდიდატები, რომელთა ხელდასხმა ახლო მომავალში მოხდება. საზოგადოებისთვის, შესაძლოა, უფრო საინტერესო იყოს წმინდა სინოდის მიმართება იმ საკითხებისადმი, რომელთაც ეკლესიის შიგნით არაერთგვაროვნად ეკიდებიან. ერთი ასეთი საკითხი საეკლესიო გალობათა ხმიანობაა, მეორე - მიმართება ეკლესიის წევრი იმ სასულიერო პირებისადმი, რომლებიც საპატრიარქოს აკრიტიკებენ. სიმართლე რომ ითქვას, ასეთი სასულიერო პირი ერთია: დეკანოზი ბასილ კობახიძე. საეკლესიო კრებაზე ორივე საკითხი გადაწყდა: ღვთისმსახურებისას დააკანონეს ქართული სამხმიანი საეკლესიო გალობა, ხოლო ბასილ კობახიძე უკანასკნელად და მკაცრად გააფრთხილეს. რას ნიშნავს უკანასკნელი გაფრთხილება?

ბასილ კობახიძე იმ იშვიათ მღვდელმსახურთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც აქტიურად ურთიერთობს სამოქალაქო სექტორთან და არ ერიდება მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკას. კობახიძის მტკიცებები მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსეთის სპეცსამსახურებთან და ბნელ სამღვდელოებასთან დაკავშირებული რეაქციული სასულიერო პირების, კათალიკოს-პატრიარქის სისუსტის, პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის ძალმოსილებისა და ეკლესიაში რიგი შემაშფოთებელი ტენდენციების შესახებ -საზოგადოებისთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი. ურბნისის საეკლესიო კრებაზე, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში გამართული რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრების 900 წლისთავს დაემთხვა, ბასილ კობახიძე მკაცრად გააფრთხილეს. მე ვკითხე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს დეკანოზ დავით შარაშენიძეს, რას ნიშნავს მკაცრი გაფრთხილება და რა შეიძლება მოიმოქმედოს ბასილ კობახიძემ ისეთი, რაც ეკლესიიდან მისი განკვეთის საკითხს დააყენებს. დავით შარაშენიძემ მიპასუხა [შარაშენიძის ხმა]: "სინოდის წევრი არა ვარ და არ ვიცი, ამ კუთხით, იქ რა ბჭობა იყო. მაგრამ, კანონიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს: ბასილ კობახიძე მკაცრად გააფრთხილეს ბრალდებების, ძირითადად, ცრუ ბრალდებების გამო. თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდა, სინოდი, ალბათ, სხვა კანონიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს".

ბასილ კობახიძისთვის მღვდელმოქმედების უფლება არ ჩამოურთმევიათ, თუმცა, კარგა ხანია, ის არსად მსახურობს. ამის მიზეზი დეკანოზმა დავით შარაშენიძემ ასე განმიმარტა [შარაშენიძის ხმა]: "რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მას შესთავაზეს, ემსახურა უნივერსიტეტის ტაძარში, მაგრამ რატომღაც არ ისურვა. ახლა არ ვიცი: თვითონ არ მსახურობს, არ მოდის, იერარქთან აბსოლუტურად შეუთანხმებლად მოქმედებს და, ბუნებრივია, სახლში არავინ მიაკითხავს; თვითონ უნდა გამოიჩინოს ამის სურვილი. რამდენადაც მღვდელმოქმედება არა აქვს აკრძალული, ბუნებრივია, დასაშვებია, რომ იმსახუროს რომელიმე ტაძარში, თუ, რა თქმა უნდა, მისი მოქმედება და საქციელი ეკლესიური კანონიკის შესაბამისი იქნება".

თავად ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მისთვის არაფერი შეუთავაზებიათ და, საერთოდ, საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ კობახიძის მრევლთან მიშვება არ შეიძლება. ბასილ კობახიძის თქმით, როცა პიროვნების საკითხს წმინდა სინოდი განიხილავს, ის სინოდის სხდომაზე უნდა გამოიძახონ, მის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი ყოფილა. დეკანოზი ამტკიცებს, რომ 18 აგვისტოს მისი განკვეთა სრულიად რეალური იყო, არ განკვეთეს მხოლოდ იმიტომ, რომ სადღესასწაულო კრება იყო და განკვეთით, როგორც მძიმე სასჯელით, დღესასწაულში დისონანსის შეტანა არ სურდათ. [კობახიძის ხმა]: "ეს, უბრალოდ, გადადეს მათ. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მიაღწევენ ამას".

მე ვკითხე დეკანოზ ბასილ კობახიძეს, თვითონ თუ აქვს სურვილი დარჩეს სასულიერო პირად. მან მიპასუხა, რომ ამის დიდი სურვილი აქვს [კობახიძის ხმა]: მესიზმრება კიდეც, რომ ვმსახურობ. ძალიან ცუდ დღეში ვარ ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ ეკლესიაში როცა მივედი, 18 წლის ვიყავი და ამის მეტი არაფერი არ ვიცი."

ბასილ კობახიძე არ აპირებს არც პოზიციის და არც შეხედულებების დათმობას. ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალში მოვლენები მისთვის დრამატულად განვითარდეს.
XS
SM
MD
LG