Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ აუშენებს დევნილებს იმედის ქალაქს?


იმ დროს, როცა საქართველოს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა "იმედის ქალაქის" შენებით იწონებს თავს, უსახლკაროდ დარჩენილი დევნილები სხვათა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წინასწარ

შეგულვებულ ადმინისტრაციულ შენობებში იჭრებიან. აქტიურობენ, ძირითადად, ქალები, რომლებსაც, როგორც წესი, თან მცირეწლოვანი ბავშვები ახლავთ. ბოლო ამგვარი შეჭრის შემთხვევა იყო 20 აგვისტოს, როცა "მეტრომშენის" მე-5 სამმართველოს შენობაში 15 ქალბატონმა, საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით, სამმართველოს უფროსი რობინზონ გვენეტაძე მძევლად აიყვანა. მდგომარეობა მხოლო მას შემდეგ განიმუხტა, რაც მომხდურებმა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სიტყვიერი დაპირება მიიღეს. ის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება გამოსავლად არ გამოდგება, ყველა ხვდება, თუმცა ისიც ნათელია, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფით თავს დიდად არ იწუხებს. რა ეშველებათ უბინაოდ დარჩენილ დევნილებს?

მეთოდი, რომლის გამოყენებითაც დევნილი ქალბატონები საბინაო პრობლემის გადაჭრას ცდილობენ, რბილად რომ ვთქვათ, სასტიკი და არაადამიანურია. აფხაზეთის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა მეტრომშენის შენობაში საცხოვრებელი ფართისათვის ბრძოლაში გამოყენებულ ტაქტიკას ასე აღწერს:
[ნინო თოდუას ხმა] "თვითონ დირექტორმა გამოთქვა სურვილი შიგ შესვლისა და როცა ესენი შიგნით შედიოდნენ, მათ საკუთარ თავზეც გადაისხეს ბენზინი და ამათაც, ჩემს წარმომადგენელსაც და ბატონ თამაზს, ანუ დირექტორს, გადაასხეს ბენზინი და ჩვენ აქედან ცოცხალი თავით გამსვლელი არა ვართ, თუ დააპირებთ ჩვენ გაყვანას, თავსაც ვიწვავთ და თქვენც დაგწვავთო".(სტილი დაცულია)


ქალბატონ ნინოს თქმით, შენობებში, ძირითადად, ის დევნილები იჭრებიან, რომლებიც სახელმწიფოს კმაყოფაზე არ იმყოფებიან. ანუ ისინი, რომლებიც ეგრეთ წოდებულ კერძო სექტორში ცხოვრობენ და, რომლებსაც, მწირი შემოსავლების გამო, ყოველთვიური ქირის გადახდა უჭირთ. ოფიციალური მონაცემებით, ამ კატეგორიის დევნილთა რიცხვი 144 ათასს აღემატება. ცხადია, ყველა დევნილი ბრძოლის მსგავს ტაქტიკას ვერ გამოიყენებს. ნინო თოდუა პრობლემის გადაჭრის გზას საბინაო ფონდის შექმნაში ხედავს.
[ნინო თოდუას ხმა] "თუ ქვეყანაში არ შეიქმნა საბინაო ფონდი, ჩვენ ვერანაირად ვერ ავიცდენთ თავიდან, აი, ამ უკანონო ქმედებას, რასაც შეჭრა ჰქვია და, აი, ამ ქაოსს. ანუ უნდა იქნეს ამა თუ იმ სტრუქტურაზე გადაცემული გარკვეული ფართი, სადაც ჩასახლება მოხდება იმ პირვბისა, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ თავშესაფარს.(სტილი დაცულია)

დეპუტატი გიორგი ყარყარაშვილი გაცილებით პრაგმატულია და იგი "იმედის ქალაქის" მშენებლებს მეცენატობისკენ მოუწოდებს:
[გიორგი ყარყარაშვილის ხმა] "კარგია ოცნების ქალაქები, კარგია კარგი ღონისძიებები, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა აქვს მეცენატობის, აუცილებელია, რომ ამ პრობლემასაც შეხედოს და აღმოუჩინოს ოჯახებს დახმარება. 15 ოჯახისათვის ბინის ქირაობის უზრუნველყოფა არ უნდა იყოს ქვეყანაში ძლიერი მეცენატისთვის პრობლემა."(სტილი დაცულია)

სანამ დევნილებს იმედის ქალაქს აუშენებენ, ოფიციალური სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება: წელს, მარტო თბილისში, ადმინისტრაციულ შენობებში დევნილთა შეჭრის თხუთმეტი შემთხვევა აღირიცხა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG