Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უნდა ელოდეს საქართველო ბუშის და პუტინის სექტემბრის შეხვედრიდან


კარგა ხანია შევარდნაძის ხელისუფლება საკუთარ ხალხს აფხაზეთის დაბრუნების კონკრეტულ ვადებში დაბრუნების დაპირებებს ვეღარ სთავაზობს. ამ მხრივ, პრეზიდენტის პარტიად შექმნილმა "მოქალაქეთა კავშირმა"

მხოლოდ ერთხელ გარისკა და ამომრჩეველს აფხაზეთის სწრაფად დაბრუნებას შეჰპირდა. მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადაც ფინალს ისე უახლოვდება, რომ მთავარ მიზნამდე მისასვლელი გზა კვლავაც უპოვნელია. საქართველოს უუნარო და სასოწარკვეთილ ხელისუფლებას ისღა დარჩენია, მთელი იმედები ახლა უკვე ბუშისა და პუტინის სამომავლო შეხვედრაზე დაამყაროს. ოფიციალური თბილისი ელის, რომ სექტემბერში დაგეგემილ ამ, მართლაც, მნიშვნელოვან შეხვედრაზე აფხაზეთის თემა წამყვან ადგილს დაიკავებს, ანალიტიკოსებს კი ეეჭვებათ ეს ასე მოხდეს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მომავალ შეხვედრაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთ მთავარ ადგილს დაიჭერს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ კემპ-დევიდის შეხვედრაზე აფხაზეთის თემის წინ წამოწევა კონფლიქტის მოგვარებას სერიოზულად წაადგება და ასეთი იმედის გასამყარებლად საქართველოს პრეზიდენტისადმი ჯორჯ ბუშის მიერ მოწერილ წერილს იშველიებს - წერილს, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოძებნის დროს აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა მივიჩნიოთ თუ არა ბუშის და პუტინის სამომავლო შეხვედრა ამ დროის ათვლის წერტილად? ერთია ოფიციალური თბილისის განწყობა, რომლის მიხედვით, კემპ-დევიდის შეხვედრაზე ჯორჯ ბუში და ვლადიმირ პუტინი დაადასტურებენ მოსკოვის სამიტზე გამოთქმულ მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმუშაონ აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად; ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ბუში და პუტინი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამენ; მეორე - სკეპტიციზმი, რომელიც ხელისუფლების ასეთ ოპტიმიზმს უკავშირდება. კემპ-დევიდის შეხვედრაზე სერიოზულ იმედებს ვერ ამყარებს "კავკასიური ინსტიტუტის" დირექტორი გია ნოდია.

[გია ნოდიას ხმა] "სკეპტიკურად ვუყურებ ასეთ იმედებს. ბუშის და პუტინის შეხვედრაზე შეიძლება იქნას ნახსენები აფხაზეთი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია ეს ერთ-ერთი წამყვანი თემა გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებს მართლა ძალიან ბევრი მწვავე პრობლემა აწუხებს: ერაყი, სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ და ამ საკითხებში მას სჭირდება რუსეთთან თანამშრომლობა. ისიც ვიცი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ იმის პერსპექტივას, რომ აფხაზეთის კონფლიქტში უახლოეს ხანებში შეიძლება იყოს პროგრესი და რომ ამას ამერიკის შეერთებული შტატების ამ მიმართულებით გააქტიურება განაპირობებს. შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას განსხვავებული აზრი ჰქონდეს, იმიტომ რომ მრავალ სხვა საკითხში აქვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან განსხვავებული აზრი.

ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ სურს გავლენა მოახდინის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაზე. პრობლემა არის ის, რომ ეს თემა ვერ იქნება მისთვის პრიორიტეტი და, ამავდროულად, მოუწევს იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს აფხაზეთზე უფრო მეტი ბერკეტები აქვს, ვიდრე ყარაბაღზე." - ამბობს "კავკასიური ინსტიტუტის" დირექტორი და დასძენს: " არ არის გამორიცხული ბუში რაღაცას შეეცადოს. შეიძლება მან შეშფოთება გამოხატოს იმის გამო, რომ რუსეთი აფხაზეთში გარუსების აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს. არ არის გამორიცხული პუტინს აფხაზეთის მიმართულებით ერთობლივი პოზიციის შემუშავება შესთავაზოს. " გია ნოდია მხოლოდ ამ თეორიულად დასაშვები ვერსიის პრაქტიკაში განხორციელების შემთხვევაში დაინახავდა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას, მაგრამ მას ეეჭვება სექტემბრის შეხვედრაზე ბუში და პუტინი აფხაზეთის მიმართულებით ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.

[გია ნოდიას ხმა] " ამ შემთხვევაში აფხაზურ მხარესაც და საქართველოს მხარესაც აღარ დარჩება შანსი არ დაეთანხმოს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ეს ორი ქვეყანა შეიმუშავებს, მაგარამ ასეთი რამის პერსპექტივას მე ნაკლებად ვხედავ. "

გია ნოდია ასევე სკეპტიკურად უყურებს ჩვენს ხელისუფლებაში დამკვიდრებულ აზრს იმის თაობაზე, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამომავლო ურთიერთობაში სერიოზული შემობრუნება არის მოსალოდნელი.
მისი აზრით, ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება შენარჩუნდება, თუმცა ზედაპირულ დონეზე, შესაძლოა, გარკევულ ერთობლივ დეკლარაციებსაც მოეწეროს ხელი.

რას მიიღებს და რას ვერ მიიღებს საქართველო ამ დიდი პოლიტიკური თამაშებიდან, მისსავე არჩევანზეა დამოკიდებული. არჩევანი კი ბოლო დროს მკაფიო გახდა. შევარდნაძის ხელისუფლებამ მისი ძალაუფლებისადმი დასავლეთის მხარდაჭერა ვეღარ დაინახა და დიდი მეზობლის ინტერესებისადმი მეტი პატივისცემით განიმსჭვალა; გადაწყვიტა იმ ახალ რეალობას მოერგოს, რომელსაც ეგრეთ წოდებულ ახლო საზღვარგარეთში პუტინის რუსეთი ეკონომიკური ექსპანსიის გზით ახორციელებს.
XS
SM
MD
LG