Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მომხდარმა აფეთქებამ ჰუმანიტარული ორგანიზაციები დააფრთხო


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში დანაღმული საბარგო ავტომანქანა აფეთქდა გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან,

ბაღდადში, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერაყში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელობას ვერ გადაუწყვეტია, შეამციროს ამ ქვეყანაში მივლინებულ თანამშრომელთა რიცხვი, თუ მათს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად სრული შემადგენლობით გააგრძელოს ერაყში საქმიანობა.

19 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაერომ ბევრი თავისი არაერაყელი თანამშრომელი, ეგრეთ წოდებული "ნაწილობრივი ევაკუაციის" ჩარჩოებში, ბაღდადიდან გაიყვანა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენმა ადამიანმა დატოვა ბაღდადი, თუმცა პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, რაც გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიაწოდეს კორესპონდენტებს, გაეროს 250-მდე უცხოელი, ანუ არაერაყელი თანამშრომელი, ბაღდადიდან იორდანიასა და კვიპროსში იქნება გადაყვანილი. ამჟამად გაეროს თანამშრომლებს ბაღდადში, თავიანთი წარმომადგენლობის დანგრეული შენობის გვერდით გაშლილ კარვებსა და კონტეინერებში უხდებათ ცხოვრება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ 19 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული აქტის გამო გაერო არ შეწყვეტს თავის საქმიანობას ერაყში. თუმცა, სულ მალე ცნობილი გახდება, რამდენად შემცირდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ერაყში გაეროს საქმიანობის მასშტაბი.

უსაფრთხოების პრობლემამ ერაყში მოქმედი სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც ჩააფიქრა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გასული კვირის ბოლოს გამოაცხადა, რომ უცხოელ თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი ბაღდადიდან გაჰყავს, ვინაიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ ორგანიზაციაზე ტერორისტული თავდასხმაა მოსალოდნელი.

აი, რა თქვა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა ნადა დუმანიმ [ნადა დუმანის ხმა]: "ჩვენ მივიღეთ და სერიოზულად მივუდექით ინფორმაციას, რომ ჩვენს წარმომადგენლობაზე თავდასხმაა მოსალოდნელი. და ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით, თუ რა გარემოში გვიხდება საქმიანობა და რაოდენ გახშირდა ძალადობა დედაქალაქში, ისღა დაგვრჩენია სათანადო ზომები მივიღოთ."

დუმანი არ დაეთანხმა ერთ-ერთი ჟურნალისტის ნათქვამს, თითქოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სრული შემადგენლობით გაჰყავდეს ერაყიდან თავისი თანამშრომლები [ნადა დუმანის ხმა]: "ჩვენ არ ვტოვებთ ერაყს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ აქ საქმიანობა. ამჟამად, ზოგიერთი ჩვენი უცხოელი თანამშრომელი ბაღდადიდან ჩრდილოეთ ერაყსა და მეზობელ ქვეყნებში გადაგვყავს."

გაეროს წარმომადგენლობის აფეთქებამ ბაღდადში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ერაყში მრავლად მოქმედი მცირერიცხოვანი ჰუმანიტარული ჯგუფებიც დააფრთხო.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი სახელწოდებით "გადაარჩინე ბავშვები", რომლის წლიური ბიუჯეტი ათ მილიონ დოლარს აღემატება, ერაყში სკოლებისა და საავადმყოფოების შეკეთებითა და კეთილმოწყობითაა დასაქმებული, და თან ობოლთა სახლებსა და ციხეებში ბავშვების უფლებებს იცავს. როგორც ამ ჯგუფის წარმომადგენელმა ბრენდან პედიმ უთხრა რადიო "თავისუფლებას", "გადაარჩინე ბავშვები" და ერაყში მოქმედი სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციები არ ჩქარობენ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ერაყში შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჯერჯერობით გარკვეული არ არის, რატომ მოხდა გაეროს წარმომადგენლობაზე ბაღდადში ტერორისტული თავდასხმა და ვის აკისრია პასუხისმგებლობა ამ ბარბაროსული აქტისთვის.

თეთრი სახლის მისამართით კი ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყში ჯარის დამატებითი ნაწილების გაგზავნაა საჭირო, რასაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია არ ეთანხმება. ამასთანავე, ზოგი გაეროს მოუწოდებს, ერაყში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობებისა და სააგენტოების დაცვა საკუთარ მცირერიცხოვან სამხედრო შენაერთს დაავალოს.
XS
SM
MD
LG