Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დღეს, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის პირობებში, ეროვნული ვალუტა და ინფლაციის დონე ლამის ერთადერთ შესამჩნევ წარმატებადაა მიჩნეული.

განვლილ პერიოდში ინფლაცია საქართველოში დაგეგმილზე დაბალი იყო და, პირველი 6 თვის მიხედვით, მხოლოდ 1,5 პროცენტი შეადგინა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართული ლარი მყარად ინარჩუნებს პოზიციას და ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად ერთნიშნა ციფრის დონეზეა დაფიქსირებული. ეს ტენდენცია შენარჩუნდა მიმდინარე წელსაც.

2003 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებლის მხოლოდ უმნიშვნელო ზრდას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ამ პერიოდში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები გაიზარდა 1.5%-ით. მათ შორის, სასურსათო საქონელზე ფასებმა 3.1%-ით მოიმატა. რაც შეეხება არასასურსათო საქონელსა და მომსახურებას, მათზე, პირიქით, ფასებმა კლება განიცადა. კერძოდ, არასასურსათო საქონლის ფასები შემცირდა 0.7%-ით, ხოლო მომსახურებისა - 1.6%-ით.

ინფლაციის აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წლის საანალიზო პერიოდში გაცილებით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციასთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა წლის განმავლობაში 5.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ინფლაცია ასევე გასული წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია. გასულ წელს იგი 1.9 პროცენტს შეადგენდა.

სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და ინფლაციის მაჩვენებელზე, ტრადიციულად, სეზონური ფაქტორი ახდენს გავლენას. მაგალითად, ზაფხულის პერიოდი, როგორც წესი, დეფლაციით ხასიათდება და ბაზარზე, ძირითადად, სასურსათო პროდუქციაზე ფასების კლების ტენდენცია აღინიშნება.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, მისი პოზიციებიც მყარია და, იმავე სეზონური ფაქტორების გავლენით, პირიქით, ცენტრალური ბანკი ლარის ზედმეტი გამყარებისაგან თავის დაზღვევის მიზნით სავალუტო ბირჟაზე ჭარბი დოლარის შესყიდვას აწარმოებს, რითაც, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის გარდა, საკუთარ საერთაშორისო სავალუტო რეზერვსაც ზრდის. ამავე პერიოდში მოთხოვნა ლარზე იზრდება, რადგან დასასვენებლად წასული მოსახლეობა თავის დანაზოგს სწორედ ლარებში ახურდავებს.

სიტუაციის რადიკალურად შეცვლას ექსპერტები არც ზაფხულის სეზონის ამოწურვის შემდეგ ვარაუდობენ, თუმცა გარკვეული კორექტირება მაინც მოსალოდნელია, მაგრამ დაგეგმილ ფარგლებში.

ეროვნული ვალუტის სიმყარე და სამომხმარებლო ფასების სტაბილურობა, ძირითადად, ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით აიხსნება. ამ სფეროს მიმართ, ტრადიციულად, არანაირი პრეტენზიები არ გააჩნიათ არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, განსხვავებით ფისკალური სექტორისაგან, სადაც ადმინისტრირების დაბალი დონე და კორუფციული ფონი სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ისე ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG