Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გზით შეინარჩუნა თბილგაზმა ლიცენზია


ყველა სიკეთესთან ერთად, "თბილგაზს" კინაღამ მართვის უფლებაც ჩამოართვეს. თუმცა ამგვარი საფრთხის რეალურობას არაერთი კითხვის ნიშანი უკავშირდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,

დღევანდელ მწვავე პირობებში "თბილგაზის" შემცვლელის პოვნა არც ისე ადვილია და მერე - მუნიციპალური საწარმო სექტემბერში შემომსვლელ ახალ მმართველებს ულიცენზიოდ ნამდვილად ვერ დახვდება.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინ "თბილგაზის" თემაზე ძალიან დიდხანს იმსჯელა და, საბოლოოდ, მას ლიცენზია კიდევ 3 თვით, ანუ პირველ დეკემბრამდე, შეუნარჩუნა. მართალია, 3 თვე საქმიანობის უფლების გახანგრძლივების მინიმალური ვადაა, მაგრამ, კომისიის დასკვნით, ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ მუნიციპალური საწარმოს ახალმა მმართველმა კომპანიამ სიტუაციის გაანალიზება და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება შეძლოს.

ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ სემეკმა ანგარიში სწორედ მომავალ მმართველს, ანუ ტენდერში გამარჯვებულ "ახალ მენეჯმენტს", გაუწია. აქვე მოგახსენებთ, რომ ხსენებული კომპანია "თბილგაზის" 10-წლიან მართვას სექტემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება. მათთვის დათმობის მოსაზრებას მარეგულირებელი კომისიის მასმედიასთან ურთიერთობის მდივანი თამარ ნოსელიძეც ადასტურებს:

[ნოსელიძის ხმა] "რომ არა ეს პირობა, მაშინ საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარად წავიდოდა. მაგრამ როდესაც ახალ კომპანიას მართვის სადავეები ჯერ არ აუღია და ამ დროს უკვე ლიცენზიას ართმევ, ეს, მგონი, ცოტა გაუმართლებელია."

"ახალ მენეჯმენტს" სხვა ბევრი საფიქრალიც ექნება და უფრო სამართლიანი იქნება, თუკი მას მოსვლისთანავე თავსატეხად ლიცენზიის საკითხსაც არ დავახვედრებთ, - აცხადებს "თბილგაზის" გენერალური დირექტორის მოადგილე თენგიზ არშილავა და სემეკის გადაწყვეტილებას კმაყოფილებით ხვდება. თუმცა მას მიაჩნია, რომ ლიცენზიის ჩამორთმევის შემთხვევაში "თბილგაზის" შემცვლელის პოვნა არც ისე იოლი იქნებოდა:

[არშილავას ხმა] "საკითხი კი იდგა ისეთნაირად, რომ, ვთქვათ, ლიცენზია არ გაგრძელებულიყო, მაგრამ მაშინ მე ვკითხულობ: რომელია ის ორგანიზაცია, რომელიც ამ სიტუაციაში მას ჩაენაცვლება და მარტო კი არ შემოიტანს გაზს, არამედ ექსპლუატაციას გაუწევს იმ გაზსადენებს, რომელსაც თბილგაზი უწევს. ასეთი ორგანიზაცია მე არ მეგულება თბილისში. მაშინ შევწყვიტოთ გაზი და ეგ იქნება..."


თუმცა გაზი თბილისის უმეტეს ნაწილს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, უამისოდაც შეწყვეტილი აქვს და უკვე არცთუ მცირე ხანია. მოსახლეობას სადაცაა უკანასკნელი იმედებიც გადაეწურება, მაგრამ არშილავას მათთვის საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი აქვს:

[არშილავას ხმა] "ქალაქის 95 პროცენტს გაზი ექნება ოქტომბრის დასაწყისისთვის, ხოლო 5 პროცენტის საკითხი (მხედველობაში მაქვს ავლაბარი), ალბათ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე გადაინაცვლებს".

სამწუხაროდ, მისი პროგნოზი გაზით მომარაგებული, თბილი ზამთრის გარანტიას სულაც არ იძლევა. გამორიცხული არ არის, რომ დედაქალაქის რეაბილიტირებულ მილსადენებში გაზი, ამჯერად უკვე ტრადიციული მიზეზით - გადაუხდელობის გამო, გაქრეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG