Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟო დეპარტამენტმა აგვისტოს გეგმა შეასრულა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საბაჟო დეპარტამენტის წინასწარი მონაცემებით, აგვისტოს თვის გეგმა ამ სტრუქტურის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული აჭარიდან გადმოსარიცხი თანხების გარეშე. სახელმწიფო ბიუჯეტის პერმანენტული ჩავარდნის ფონზე,

საბაჟო შემოსავლების ზრდა ზოგისათვის შესაძლოა ოპტიმიზმის საფუძველსაც იძლეოდეს, თუმცა თავად სეკვესტრისათვის განწირული ბიუჯეტისათვის ერთი თვის გეგმის შესრულება დიდი ვერაფერი შეღავათია.
საბჟო შემოსავლების წინასწარი მონაცემების შესახებ ზაზა გაჩეჩილაძე გვესაუბრება.

მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის ბიუჯეტის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს ჯერ არ გამოუქვეყნებია ე.წ. ფორმა 412, რომელიც დააზუსტებდა საბოლოო ფაქტობრივ შემოსავლებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს თვის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმას შესრულებულად აცხადებს.

საბაჟოს წარმომადგენელთა ცნობით, მათი უწყებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზით, აჭარის გეგმის გარეშე, მიღებული შემოსავლები საპროგნოზო მაჩვენებლებზე 3,6 პროცენტით მაღალია. მიმდინარე წლის აგვისტოს თვის გეგმა საბაჟოსათვის 33 მილიონ 200 ათასი ლარით განესაზღვრა. ფაქტობრივმა შემოსავლებმა კი 35 მილიონ 43 ათსი ლარი შეადგინა. ეს საპროგნოზო მაჩვენებელზე 5,6 პროცენტით მეტია.

სახელმწიფო ბიუჯეტში, აჭარის გეგმის გარეშე, ნაცვლად 27 მილიონ 513 ათასი ლარისა, მობილიზებულია 28 მილიონ 493 ათასი, ანუ დაახლოებით მილიონი ლარით მეტი. საბაჟოში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი 12,7 პროცენტით აღემატება გასული წლის აგვისტოს მონაცემებს.

წინასწარი მონაცემებით, გადაჭარბებაა ცენტრალური ბიუჯეტის კუთხითაც. ეს მაჩვენებელიც დაახლოებით 11 პროცენტით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

რაც შეეხება აჭარას, წინასწარი მონაცემებით, საბაჟოს კუთხით გეგმა იქაც გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ეს თანხები ისევ აჭარაში დარჩება და ცენტრალურ ბიუჯეტს მაინც არ შეემატება.

ტრადიციულად საბიუჯეტო გეგმის შესრულებისას საბაჟო ყოველთვის მაჩანჩალას როლში გამოდიოდა და ამ მხრივ საგადასახადო დეპარტამენტი შედარებით პირნათლად გამოიყურებოდა. ჯერჯერობით უცნობია, საბაჟოს აუწყობს თუ არა ფეხს საგადასახადო დეპარტამენტი და აგვისტოს საგადასახდო შემოსავლების გეგმა საბოლოოდ შესრულდება თუ არა, თუმცა ამთავითვე ცხადია, რომ გეგმის მცირედით გადაჭარბება ბევრს ვერაფერს უშველის სეკვესტრისათვის განწირულ ბიუჯეტს და ფისკალურ სტრუქტურებს დიდი ძალისხმევა მოუწევთ, რათა გარღვევა ოდნავ მაინც გადაფარონ და რაიმენაირად შეარბილონ გარღვეული ბიუჯეტის ხვედრი. მითუმეტეს, თუ წინასწარ დაგეგმილ საგარეო დახმარებების იმედი უკვე, ფაქტობრივად, აღარ უნდა გვქონდეს. თუმცა თუ წინა თვეების ჩამორჩენა ოდნავ მაინც შემცირდება და გეგმის პერმანენტული გარღვევის ტრადიცია დაირღვევა, ბუნებრივია, საწინააღმდეგო არავის ექნება.
XS
SM
MD
LG