Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჩაუდგება სათავეში სახელისუფლებო პოლიტიკურ ბლოკს


საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის, ეს კი პოლიტიკურ ორგანიზაციებს აიძულებს ისეთი ნაბიჯები გადადგან, რაც მათ გარანტირებული შედეგის წინაპირობებს შეუქმნის.

ანუ ის პარტიები, რომლებსაც 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი არ გააჩნიათ, დიდ პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას ცდილობენ, თავის მხრივ კი, ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები ავტორიტეტული პოლიტიკოსების მოზიდვით არიან დაკავებულნი.

5 სექტემბერს "ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანების შესახებ გამოაცხადა "ნეო კონსერვატიულმა" პარტიამ. ეს ახალშექმნილი პარტია დიდი პოპულარობითა და მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი ლიდერები რეზო შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძე ყველა პოლიტიკური ძალისთვის სასურველი სახელებია.

"ახლებთან" გაერთიანებაზე მუშაობს აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლებისა და "აფხაზეთის გათავისუფლების" პარტიის ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი. თუმცა, ამ უკანასკნელს დიდი პოლიტიკური ბლოკის შექმნის იმედი გაუცრუა ვაჯა ლორთქიფანიძემ და მისმა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ჩემთვის პირადად ძალიან მოულოდნელი იყო ბატონი ვაჟას სახელისუფლებო ბლოკში გადასვლა და, ბუნებრივია, ამან ახლა ძალიან შეაფერხა ის საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა მუშაობა."

თამაზ ნადარეიშვილი "ახლებთან" კონსულტაციების დამოუკიდებლად გაგრძელებას აპირებს. თუმცა, მათ შორის ალიანსი კიდეც რომ შესდგეს, მას ისეთი ძალა აღარ ექნება, როგორიც ეს შეიძლება ვაჟა ლორთქიფანიძესთან ერთად ჰქონოდა.

5 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა ლორთქიფანიძეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ბლოკ "ახალი საქართველოსთვის" საარჩევნო სიის სათავეში ჩადგომა შესთავაზა. შევარდნაძის მხრიდან ეს ერთგვარი გამოსავალიც იყო ბლოკის შიგნით არსებული კონკურენციის პირობებში. სიის სათავეში ჩადგომის პრეტენზიას გამოთქვამდა ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე, თბილისის მერი ვანო ზოდელავა, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია და სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილი. ვაჟა ლორთქიფანიძის დაწინაურებით კი შევარდნაძემ ბლოკის ლიდერთა ამბიციები გაანეიტრალა, მათი უმრავლესობა, კერძოდ, ჯორბენაძე, მამალაძე და ზოდელავა შეიძლება საერთოდაც არ აღმოჩნდნენ საარჩევნო სიაში და დაკავებული თანამდებობები შეინარჩუნონ. თავად ქრისტინ-დემოკრატები სახელისუფლებო პოლიტიკურ ბლოკთან გაერთიანებას ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილად არ თვლიან. მათი ერთ-ერთი ლიდერის, პაატა შეშელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე შიდაპარტიული კონსულტაციები მიმდინარეობს.

[პაატა შეშელიძის ხმა] "ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. გვაქვს ინტენსიური შიდა კონსულტაციები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ალბად, პირობა ის იქნება, რომ იქნება თუ არა ეს ნიშანი იმისა, რომ სამთავრობო წრეებში მომუშავე ადამიანებს, თვითონ შევარდნაძეს აქვს ინტერესი, რაღაც შეცვალოს და ქვეყანა შემოატრიალოს საბაზრო ეკონომიკის რეალური განხორციელებისაკენ, დასავლური ორიენტაციის რეალურად დამკვიდრებისაკენ და ადამიანის უფლებების უფრო დაცვისა და გაღრმავებისაკენ."

შეშელიძისაგან განსხვავებით, ვაჯა ლორთქიფანიძის საკითხს უკვე გადაწყვეტილად თვლის სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი, სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილი.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ვაჟას გაპირველკაცება... ხუმრობა იქეთ იყოს... ვაჟა მშვენიერი ხიდია ბევრი პოლიტიკური ძალისთვის და მე მიხარია, რომ ეს არჩევნები ვაჟას მოსვლით მცირედ მაინც ნაკლებ კომფრონტაციული გახდეს და რეალურად უკეთ გვემუშავებოდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, პოლიტიკურთანაც და ფინანსურთანაც, მე მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია."

რჩეულიშვილს არც დაუმალავს, რომ ფინანსურ ძალებში ბადრი პატარკაციშვილი იგულისხმა. პატარკაციშვილი 6 სექტემბერს, დიდგორობისადმი მიძღვნილ ზეიმში სახელისუფლებო ბლოკის სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობდა. სწორედ მისი პოზიცია აღმოჩნდა გადამწყვეტი ვაჟა ლორთქიფანიძის ხელისუფლებასთან კვლავ დაახლოებისა.

სახელისუფლებო ბლოკისთვის ვაჟა ლორთქიფანიძე იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მისი დიდი ხნის მეგობრის, ბადრი პატარკაციშვილის წინასაარჩევნოდ გამიზნული ფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ ბლოკს "ახალი საქართველოსთვის". საარჩევნოდ შექმნილი სახელისუფლებო ბლოკი დღემდე სულ უფულობას უჩივის. ამ ორგანიზაციამ აქამდე სატელევიზიო რეკლამის გაშვებაც ვერ მოახერხა. ვაჟა ლორთქიფანიძის გაპირველკაცების შემდეგ კი სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას წინასაარჩევნო კამპანიის გაშლის ფინანსური პრობლემებიც ნაკლებად შეაწუხებს.
XS
SM
MD
LG