Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გამოშვებაში

შემოგთავაზებთ ინტერვიუს განათლების რეფორმის პროექტის კონსულტანტთან - ლევან გახელაძესთან, დავით პაიჭაძე მას სასკოლო განათლების რეფორმის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა. მანამდე კი გამოვეხმაურებით "საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" იუბილეს. 3 სექტემბერს ამ ორგანიზაციის შექმნიდან 8 წელი შესრულდა. იმის გასარკვევად თუ რა კეთდება "ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალურ საბჭოში", რამდენად და როგორ ართმევენ ამ გაერთიანებაში თავს 8 წლის წინ დასახულ მიზნებს, "ნაციონალური საბჭოს" თავმჯდომარეს - კოკი იონათამიშვილს და ამ ორგანიზაციის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელს - ლაშა მერაბიშვილს ვესაუბრე.

"საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო" 1995 წლის 3 სექტემბერს შეიქმნა და ამით ხორცი შეესხა ერთიანი ახალგაზრდული ქოლგა ორგანიზაციის შექმნის იდეას, რომელიც ახალგაზრდულ, სტუდენტურ და ბავშვთა ორგანიზაციების განვითარების ისახავდა მიზნად.

1994 წელს 40-ამდე ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოხატავდა ქოლგა ორგანიზაციის შექმნის სურვილს და დროის მცირე მონაკვეთში მათ ორი ერთმანეთის იდენტური ასეთი გაერთიანება შეიქმნეს. ერთის თავმჯდომარე დათო ტურაშვილი გახდა, მეორისა - მიხეილ ჭკუასელი. ამ გაერთიანებებმა დამოუკიდებლად 1995 წლის სექტემბრამდე იარსებს, ბოლოს და ბოლოს მათი შერწყმა მოხერხდა და მას შემდეგ სახეზეა ახალგაზრდულ ორგანიზციათა ერთი ნაციონალური საბჭო, რომელიც დღეისთვის 30-ზე მეტ ორგანიზაციას, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტურ საბჭოებს თუ ეთნიკურ უმცირესობათა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აერთიანებს.

ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ ახალგაზრდების ნაწილმა იცის, იმ ნაწილმა, რომელიც ახალგაზრდობის აქტიურ ნაწილად მიიჩნევა და, ასე თუ ისე, ჩართულია იმ პროცესში, რასაც საქართველოში ახალგაზრდული მოძრაობა წარმოადგენს. რა არის ეს მოძრაობა, რას მიღწიეს და რა მიზნები ამოძრავებთ ამ მოძრაობის აქტივისტებს, ამის შესახებ დღეს სწორედ "ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" მაგალითზე ვსაუბრობთ და აქვე ჩამოვთვლით იმ ცნობილ სახეებს, რომლებმაც ფეხი სწორედ ამ გაერთიანებაში აიდეგს: მიხეილ ჭკუასელი ( საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, "მოქალაქეთა კავშირის" ცნობილი სახე, რომელიც პოლიტიკური ცხოვრებიდან ფინანსთა მინისტრის სავარძლის დატოვების შემდეგ გაუჩინარდა), ბაჩუკი ქარდავა - "ეროვნილ-დემოკრატიული პარტიის" გენერალური მდივანი, მამუკა კაციტაძე - თბილისის საკრებულოს წევრი "ახალი მემარჯვენეებიდან," მიხეილ მაჭავარიანი - "მოქალაქეთა კავშირის" ყოფილი გენერალური მდივანი, დღეს "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი გოგავა - ასევე "მოქალაქეთა კავშირიდან" აღზევებული და დღეისთვის "სახელისუფლებო ბლოკის" ერთ-ერთი დამახასიათებელი სახე. ნიშნავს თუ არა ეს ჩამონათვალი, რომ "ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო" ერთგვარი სკოლაა
პოლიტიკაში მომსვლელთათვის, ნაციონალური საბჭოს ამჟამინდელი ლიდერი კოკი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაცია მართლაც კარგი სკოლაა, ოღონად არამარტო პოლიტიკოსებისთვის.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] "ეს მართლა კარგი სკოლაა. როდესაც გახდებიან დეპუტატები მამუკა კაციტაძე და ბაჩუკი ქარდავა, - და ვფიქრობ, რომ გახდებიან, - მათ არ გაუჭირდებათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა, მათ მეტი რესურსი აქვთ იმისათვის, რომ ლანძღვა-გინება არ დაუწყონ ერთმანეთს. მათ ერთად შექმნეს ეს ორგანიზაცია, საქართველოს ერთად წარმოაჩენდნენ და ერთად საქმე გაუკეთებიათ. "

სხვა საკითხია, რატომ არ შეუძლიათ დღეს საერთო ენის გამონახვა ამავე სკოლაგავლილ სხვა ადამიანებს, რომელთა გზებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში გაიყარა, მაგრამ, დავუბრუნდეთ "ახალგაზრდულ ორგანიზაცითა ნაციონალური საბჭოს" მთავარ მიზანს - ხელი შეუწყოს საქართველოს არასამთავრობო ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებას.

ეს ორგანიზაცია არის ევროპის ახალგაზრდული ფორმის წევრი და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის შემწეობით ყოველწლიურად ოცდაათამდე ახალგაზრდის სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. პრიორიტეტად აღიარებას საქართველოს რეგიონების ახალგაზრდების პრობლემებზე მუშაობას და საერთაშორისო ორგანიზაციების
დახმარებით ცდილობს მიაღწიოს საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ცენტრების გახსნას, რომლებიც საგანამანათლებლო და გასართობი მიმართულებებისა იქნება. ნატოს ბრიუსელის ოფისის დახმარებით სულ მალე განახორციელებს პროქტს, რომლის მიზანიცაა ნატოში გასაწევრიანებლად სამოქალაქო საზოგადოების როლის გამოკვეთა. ამ პროექტში მონაწილეობას ქართველი ახალგაზრდებთან ერთად ლიტველი, ლატვიელი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მიიღებენ. "ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო", ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლობასთან ერთად, საქართველოს რეგიონებში განახორციელებს პროექტს არჩევნებზე ხალხის მისაზიდად. გაერთიანების ტრადიციული პრიორიტეტია ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის ბინადრებზე მზრუნველოვა. "ნაციონალური საბჭოს" შუამდგომლობით პრეზიდენტმა 19 არასრულწლოვანი შეიწყალა. "ახაგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო" შეწყალებულებს სამუშაოს მოძებნაში დაეხმარა, რამდენიმეს - უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაში, კოლონიაში მყოფებს კი კომპიუტერული ცენტრი გაუხსნა. და კიდევ, ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს რამდენიმე წევრი იყო პრეზიდენტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრი, თუმცა, დროებით. კოკი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან არსებულ საბჭოში მათი მონაწილეობა თამამი გამოსვლების გამო აღკვეთეს. აღნიშნულის მიუხედავად, საბჭო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს და ამზადებს პროექტს, რომელსაც საქართველოს მომავალ პარლამენტს წარუდგენს. როგორც ლაშა მერაბიშვილმა გვითხრა (შეგახსენებთ, ის "ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს" რეგიონულ სამსახურს ხელმძღვანელობს), ამ პროექტით ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო აპირებს ხელისუფლებას ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისკენ უბიძგოს.

[ლაშა მერაბიშვილის ხმა ] "ჩვენ გვინად შევიმუშავოთ საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეთანხმებით ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ეს არის ხელისუფლების მოვალეობა, მაგრამ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რათა შეცვალოთ აზრი, რომ ახალგაზრდული პოლიტიკა არცთუ ისე მნიშვნელოვანია."

ნაწილი მეორე: ინტერვიუ განათლების რეფორმის პროექტის კონსულტანტთან - ლევან გახელაძესთან (იხ. აუდიოვერსია)
XS
SM
MD
LG