Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 სექტემბერს დასრულდა თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. თურქი მინისტრი საქართველოს თურქეთის

საქმიანი წრეების საკმაოდ სოლიდურ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რათა თურქეთი უფრო აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული შეხვდა პრეზიდენტ შევარდნაძეს, სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს, საგარეო საქმეთა მინიტრს ირაკლი მენაღარიშვილსა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრს მალხაზ კაკაბაძეს. თითქმის ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ოფიციალური ხაზებით გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თურქ სტუმარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ნაწილებისთვის გაწეული დახმარებისთვის.
სავსებით შესაძლებელია, სწორედ სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობა გახდა იმის მიზეზი, რომ სოხუმის ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს თურქეთის ჩართვაზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. სწორედ ასეთი კომენტარი გაუკეთა სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აბდულა გიულის განცხადებას, რომ თურქეთი დაინტერესებულია, უფრო აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მართალია, თურქეთი ამ რამდემინე წლის წინ მასპინძლობდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრას - სხვათაშორის, სტამბოლის შეხვედრა პირველი იყო, რომელზეც ერთმანეთს შეხვდნენ აფხაზეთის ომის უშუალო მონაწილეები, - მაგრამ ამის მიუხედავად, სოხუმი უარყოფს თბილისის შეთავაზებას, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში თურქეთის ჩართვაზე.
სხვათა შორის, თავის დროზე, თურქეთი ოფიციალურ თბილისს კონფლიქტის ზონაში თურქი სამხედროების გაგზავნას სთავაზობდა. მაშინ ოფიციალურმა თბილისმა თავი შეიკავა ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროების სამშვიდობო მიზნებით გამოყენებაზე და კონფლიქტის ზონაში დსთ-ს მანდატით რუსი სამხედროები აღმოჩნდნენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას რეგიონში. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო დროს თურქეთმა აქტიურად დაიწყო ურთიერთობების მოგვარებაზე ზრუნვა მეზობელ სომხეთთან. რუსი ექსპერტების ვარაუდით, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოგვარება მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთის პოზიციებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც რუსეთს ერთადერთი ერთგული მოკავშირე - სომხეთი დარჩა. ბევრის ვარაუდით, რუსეთის გააქტიურება საქართველოში, "რაო ი ეს"-ის და გაზპრომის სახით, სწორედ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დათბობას ეხმიანება.
XS
SM
MD
LG