Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკავშირედება თუ არა ენგურჰესს გალის რაიონში შექმნილი რთული ვითარება


გალის რაიონში ვითარების პერიოდული გართულება სხვადასხვა მოვლენას უკავშირდება ხოლმე. აფხაზი სეპარატისტები ხან ქართველ პარტიზანთა მუქარაზე რეაგირებენ, ხან თხილის მოსავალზე და

ხანაც ქართველებზე თავდასხმა რიტუალურ ხასიათს ატარებს ხოლმე. ასეთი თავდასხმის განმეორების რეალური საშიშროება 17 სექტემბერს გაჩნდა გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ენგურჰესის თანამშრომლის, აფხაზი ეროვნების ამირან ურატაძის გატაცების გამო. კონფლიქტური სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების პირობას ისიც ქმნიდა, რომ აფხაზური მხარე ენგურჰესის გათიშვით იმუქრებოდა.

ამირან ურატაძე ენგურჰესის დაცვის თანამშრომელია, იგი აფხაზეთის ომის ვეტერანია და საბრძოლო მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზ სეპარატისტთა მხარეს. ამირან ურატაძე და ენგურჰესის დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი, ქართველი ეროვნების რამაზ ბოკუჩავა 17 სექტემბერს სოფელ საბერიოში თავიანთი უფროსის, აგრენტი ჯინჯოლიას მონახულებას აპირებდნენ, ჯინჯოლიას სახლთან მისულები კი ნიღბიან ყაჩარებს გადაეყარნენ, რომლებიც ჯინჯოლიას დაყაჩაღების შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. მე დამატებითი დეტალების მოსაპოვებლად ჩვენს ზუგდიდელ კორესპონდენტს, ლაშა ბერულავას დავუკავშირდი.
[ლაშა ბერულავას ხმა] "ესენი ჭიშკლარში შეეფეთნენ ყაჩაღებს, დაიწყო მათ შორის ლაპარაკი, საბუთები მოსთხოვეს და როგორც კი გაგეს, რომ ურატაძე იყო აფხაზი, ბოკუჩავას მანქანაში ჩაისვევს ორივე ამ ოთხივე ყაჩაღმა და გადმოვიდნენ წალენჯიხის რაიონში".

ურატაძე სწორედ წალენჯიხის რაიონიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაბრუნდა შინ, სოფელ საბერიოში. მისი გათავისუფლება გამოსასყიდის გარეშე მოხდა, თუმცა კი გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ. ლაშა ბერულავას ინფორმაციით, გამტაცებელთა ვინაობის დადგენა და ურატაძის გათავისუფლება საქმეში პოლიციასთან ერთად ენერგეტიკოსების ჩარევის შედეგად მოხერხდა. ეს ყველაფერი რუსეთის მშვიდობისმყოფელთა კონტროლის ზონაში მოხდა. მათ მოვალეობაში შედის ენგურჰესის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

სხვადასხვა დამკვირვებლებს ეჭვი გაუჩნდათ: ენგურჰესის პერსონალის გამოყენებით ენგურჰესის ირგვლივ ვითარების გართულება ხომ არ უაკვშირდება რუსეთის სურვილს, სადგურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონტროლის გამკაცრებით ხელში ჩაიგდოს მისი მართვის სადავეები. თუმცა, ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენგურჰესზე კონტროლის დაწესებისთვის ვინმეს გატაცების ორგანიზება მოეწყო.

მე სამეგრელოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელს, იური გუგუჩიას დავუკავშირდი, რომელიც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ენგურჰესის ერთ-ერთ გადამრჩენელად ითვლება. მისი თქმით, რუსეთი მართლაც დაინტერესებულია ენგურჰესის, როგორც საბაზისო სადგურის პიკური სიმძლავრეებით, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკებები მხოლოდ ვარდნილჰესების ერთობლივად აღდგენის თაობაზე მიმდინარეობს.

[იური გუგუჩიას ხმა] "სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება ერთობლივი და არა მართვა. მენეჯმენტი დატოვეთ განზე, ეს არის ვიღაცის ვარაუდები, დილეტანტური გაგება ამ წინადადების და ასე შემდეგ. ენგურის მართვა როგორც ჰქონდა სახელმწიფოს, ასევე ექნება და ასე გაგრძელდება. მართვაში რუსების შესვლაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა".

ამ მიზნის განსახორციელებლად რუსულ მხარეს დაძაბულობის ესკალაცია კი არა, კონფლიქტის მოგვარება და ინვესტიციების განხორციელება ესაჭიროება, რაც ჯერჯერობით არსად ჩანს.
XS
SM
MD
LG